შსს–ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა , ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული კონსტანტინე რ. და 1981 წელს დაბადებული მეგი მ. ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დაკავებულებმა 18 მარტს, გამთენიისას, მესამე თანამზრახველთან ერთად, ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსი გააჩერეს. მათ მძღოლს ე. წ. პეტრე–პავლეს სასაფლაოზე წაყვანა სთხოვეს. ადგილზე მისვლისას, ბრალდებულებმა ცივი იარაღის მუქარით მძღოლს, 1963 წელს დაბადებულ თამაზ მურაჩაშვილს ფული და მობილური ტელეფონი მოსთხოვეს. ურთიერთშელაპარაკებისას, კონსტანტინე რ-მ ტაქსის მძღოლს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. დამნაშავეებმა მობილური ტელეფონი და ფული მიითვისეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. თამაზ მურაჩაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ კონსტანტინე რ. წარსულში ქურდობის, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისა და ცივი იარაღის უკანონო ტარებისთვისაა ნასამართლევი, ხოლო მეგი მ. – ქურდობისთვის.
სამართალდამცველები მესამე თანამზრახველის დადგენა–დაკავების მიზნით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. კონსტანტინე რ–ს მიმართ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108–ე მუხლით და 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, მეგი მ-ს მიმართ კი – 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით.