საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.
როგორც პრემიერმა ჩემპიონატის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოსთვის დიდი პატივია აღნიშნული ჩემპიონატის მასპინძლობა, რადგან ამხელა რანგის ღონისძიება თბილისში პირველად ტარდება.
ბიძინა ივანიშვილმა ჭიდაობის ფედერაციასა და ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა. "საქართველოსთვის ჭიდაობა სტრატეგიული მნიშვნელობის სპორტის სახეობაა. ბევრმა სპორტსმენმა გვასახელა მსოფლიოსა თუ ევროპაში. იმედია საინტერესო დღეები და ნამდვილი სპორტული სანახაობა გველის და ჩვენი დედაქალაქი ისე უმასპინძლებს სტუმრებს, როგორც მას შეჰფერის. მონაწილეებს წარმატებებს ვუსურვებ და ჩვენს ქართველ ფალავნებს მოვუწოდებ, აქ, სამშობლოში გვასახელონ", - აღნიშნა ივანიშვილმა და მასპინძელი ქვეყნის სახელით ჩემპიონატი გახსნილად გამოაცხადა.