" ყველა იმ ადამიანს დავიცავთ, ვინც ბიძინა ივანიშვილის გამო რეპრესიების მსხვერპლი გახდება"



"ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა ეს არ არის მხოლოდ იურიდიული საკითხი, ეს არის პოლიტიკური თემა, რადგანაც პრეზიდენტის გადაწყვეტილება უზღუდავს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების განხორციელებას როგორც ბიძინა ივანიშვილს, ასევე მის მეუღლეს. ამიტომ, საჭიროა სახალხო დამცველმა მოახდინოს რეგირება და საჯაროდ ამცნოს საზოგადოებას პოზიცია. მე დღეს სახალხო დამცველს მივმართე, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი პოზიცია გაიგოს საზოგადოებამ და ეს მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც. გიორგი ტუღუშმა თქვა, რომ თავისი ინიციატივით უკვე გამოითხოვა დოკუმენტაცია იუსტიციის სამინისტროდან და მიიღო კიდეც. თუ საჭირო იქნება დამატებით დოკუმენტების წარდგენა, მზად ვარ, რომ ეს დოკუმენტაცია მას გადავცე", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ეკა ბესელია გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ეკა ბესელია: ყველა იმ ადამიანს დავიცავთ, ვინც ბიძინა ივანიშვილის გამო რეპრესიების მსხვერპლი გახდება.

"სახალხო დამცველს აქვს შეზღუდული, თუმცა ამავე დროს საკმაოდ ფართო კომპეტენცია, მათ შორის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დარღვევის შემთხვევაში გააჩნია რეაგირების საკმაოდ საინტერესო დიაპაზონი. იმისთვის, რომ რომ მისი პოზიცია იყოს ცალსახა, მას აქვს უფლება რეკომენდაციით მიმართოს ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურას, სასამართლოს და უნდა მოახდინონ რეაგირება. ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია, რა პოზიცია აქვს მას. ყველა დოკუმენტი არსებობს, რომელიც ძალიან იოლად იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ ყველაფრის შესწავლის შემდეგ გაკეთდეს ერთმნიშვნელოვანი შეფასება - რომ ადგილი ჰქონდა ძალიან უხეშ კანონდარღვევას, როდესაც პოლიტიკური მოტივით ჩამოერთვა მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეკა ბესელია. 

"რაც შეეხება საკითხის გასაჩივრების პროცესს, სასამართლომ წარმოებაში მიიღო ადმინისტრაციული სარჩელი, ჩვენ ველოდებით ჯერ მოსამზადებელი და შემდეგ მთავარი სხდომის დანიშვნას, სადაც განიხილება მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის ბათილობის საკითხი. ამავე დროს ჩვენმა იურისტმა გაასაჩივრა იმ შუამდგომლობაზე უარის თქმის გადაწყვეტილება, რომლითაც ვითხოვდით, რომ სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე პრეზიდენტის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი შეჩერებულიყო. როგორც ცნობილია, ამაზე უარი გვითხრეს და ეს გადაწყვეტილებაც გასაჩივრდა... 2 თვეში საკითხის განხილვა უნდა დასრულდეს და მე იმედი მაქვს, რომ სასამართლო ზეწოლას გაუძლებს. რა თქმა უნდა, ზეწოლა იქნება, რადგან საქმე ეხება ქვეყნის პირველი პირის მიერ გამოცემული აქტის კანონიერების საკითხს და ამავე დროს ბიძინა ივანიშვილი არის ხელისუფლების მთავარი ოპონენტი, საკითზი უაღრესად პოლიტიზებულია, მაგრამ რამდენად გაუძლებს სასამართლო წნეხს, ვნახავთ", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ამ საკითხზე, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ საელჩოებთან შეხვედრებს. იმ ელჩებს, რომლებიც ბიზნეს-ცენტრში იყვნენ მოწვეულები, გადაეცათ სამართლებრივი დასკვნა მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზე. გვაქვს კომუნიკაცია საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობას შეხვედრები და ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობთ. ამავე დროს საზოგადოებამ დაიწყო თვითორგანიზების პროცესი ბიძინია ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის მოქალაქეობის დაბრუნების საკითხზე, გროვდება ხელმოწერები. ეს ჩვენი ინიციატივა არ იყო, თუმცა ამით კიდევ ერთხელ დავინახავთ, როგორია საზოგადოების მზაობა", - აცხადებს ეკა ბესელია და შეკითხვას - "ბოლო დროს გახშირდა შეტევები ივანიშვილის გარემოცვასა და ბიზნესზე. რამდენად მზად არის ივანიშვილი, რომ ეს ადამიანები დაიცვას?" - პასუხობს:

"ჩვენ ვმუშაობთ ახალ პროექტზე, რომ ყველა იმ ადამიანზე, ვინც იქნება დაპატიმრებული და ვინც იქნება რეპრესიების მსხვერპლი, ავიღებთ პასუხისმგებლობას და მათ სამართლებრივ დაცვას განვახორციელებთ. ეს იქნება ბიძინა ივანიშვილისა და "ქართუ ჯგუფის" ინიციატივა და სწორედ ისინი გაუწევენ ამ პროექტს ორგანიზებას. მოხდება ყველა იმ ადამიანის დაცვა, რომელიც დაკავშირებული იქნება ბიძინა ივანიშვილთან. არავინ დარჩება დაუცველი და არავის მივატოვებთ. ამ პროექტზე მუშაობა დაწყებულია, მომზადებულია შესაბამისი ორგანიზაციული საკითხები და უახლოეს დღეებში გამოცხადდება დეტალურად ეს ინიციატივა"