ფოთის პორტის თანამშრომლები უვადო გაფიცვისთვის ემზადებიან. მათი განცხადებით, გაფიცვის აუცილებლობა მაშინ დადგება , თუ მათი 8 პუნქტად ჩამოყალიბებული მოთხოვნები, სამი დღის ვადაში არ დაკმაყოფილდება.
წერილობითი მიმართვა საკუთარ მოთხოვნებთან დაკავშირებით, ნავსადგურის პროფკავშირების წარმომადგენლებმა, დღეს, მენეჯმენტს თავად წარუდგინეს. მოთხოვნები უცვლელია - სათანადო სახელფასო ანაზღაურება, გაუმჯობესებული შრომითი პირობები და ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება.
"2012 წლის ნოემბრიდან, მიმდინარე წლის 15 თებერვლამდე საკმარისი დრო ჰქონდა ნავსადგურის ადმინისტრაციას გადაედგა სერიოზული ნაბიჯები არსებული პრობლემების მოგვარებისკენ. პრობლემები კი, უამრავია. დავიწყოთ იმით, რომ კოლექტიური ხელშეკრულების იგნორირება ხდება და არ აწერენ ხელს. შემოთავაზებულია სულ სხვა ვარიანტი, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით. ამასთან, არ დაწყებულა და არ ხდება ინფრასტრუქტურული პრობლემების გამოსწორება და სახელფასო დარღვევების აღმოფხვრა",-განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ნავსადგურის პროფკავშირების წარმომადგენელმა გოჩა ჩემინავამ.
მოლაპარაკებებში ჩართული ნავსადგურის თანამშრომლის, ზურაბ ტუღუშის თქმით კი, თუ არ შედგა შეთანხმება, იტოვებენ უფლებას, რომ 23 მარტს, 20.00 საათიდან 24 მარტის 20.00 საათამდე გაიფიცონ. "ამის შემდეგ, თუ კიდევ ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა, 14 დღის ვადაში უფლება გვაქვს, მოვაწყოთ უვადო გაფიცვა", - აღნიშნა ტუღუშმა.
ნავსადგურის გენერალური დირექტორის, სტივ დევიდსენის განცხადებით, შემოდგომის გაფიცვების პერიოდში დაყენებული მოთხოვნების ნაწილი უკვე შესრულებულია, ნაწილზე კი მუშაობა მიმდინარეობს. "წინა კვირას შევთანხმდით, რადგან კოლექტიურ შეთანხმებაში ტექნიკური სიტყვათა წყობაა, ჩართულიყვნენ იურისტები ორივე მხრიდან. მუშა პროცესი არ გაჩერებულა და მიმდინარეობს, მაგრამ ისე, როგორც მათ გუშინ ჩვენთან მოსვლისას დააყენეს საკითხი - თუ მათი ყველა მოთხოვნა არ შესრულდება, დაიწყებენ გაფიცვას, ჩვეთვის მიუღებელი და გაურკვეველია. არის ისეთი პრინციპული საკითხები, რომელშიც ჩვენ ვერ ვთანხმდებით. ნავსადგურის პროფკავშირებს სურვილი აქვს, რომ მათი ხელფასები, მივლინებებისა და საწვავის ხარჯები ჩვენ დავაფინანსოთ, ამაზე ვეუბნებით, რომ ეს ის დეტალებია, რომელიც თავად მათი ორგანიზაციისგან უნდა დაფინანსდეს",-აცხადებს დევიდსენი.
მისივე განმარტებით, მთავარი მოთხოვნები, რომელიც შემოდგომის გაფიცვებისას იდგა დღის წესრიგში, ნოემბერშივე მოგვარდა. "აშენდება მუშათა სასადილო, უკვე გარემონტდა შენობა, სადაც პროფკავშირებისთვის განთავსდება ცალკე ოფისი, მიმდინარეობს ოფისების რემონტი მეშვიდე ნავმისადგომზე, რათა პირობები გაუმჯობესდეს. რაც შეეხება ხელფასების მომატების საკითხს, ყველა ჩვენგანს გვინდა მეტი ხელფასი, მაგრამ თუ ავიღებთ 2011 წლის აპრილიდან პერიოდს, რაც ჩვენ შევიძინეთ პორტი, ზოგიერთ თანამშრომელს ხელფასი 70%-თაც გაეზარდა, რა თქმა უნდა ეს ყველას არ შეხებია. მეტი ხელფასის მოთხოვნა ყველას შეუძლია, მაგრამ არსებობს განსაზღვრული ლიმიტი, რომლის ზღვარს ვერ გადავალთ",-განუცხადა "ინტერპრესნიუსს" სტივ დევიდსენმა.