"ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" კანონში ცვლილები შევა

პარლამენტი "ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანას აპირებს. 

ცვლილების თანახმად, კანონში ჯავახეთის დაცული ტერიტორიების საზღვრები დაზუსტდება და დემარკაციის შედეგები აისახება. საზღვრების დემარკაციისა და ადგილზე გამიჯვნის შედეგად, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 924,42 ჰექტარით მცირდება. ფართობის შემცირება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ დემარკაციის დროს ბევრი ნაკვეთი კერძო საკუთრებაში აღმოჩნდა, მიწის რეფორმის განხორციელების შემდგომ. პროექტის თანახმად, ხდება ტეროტორიის ჩანაცვლებაც.

კერძოდ, 17,5 ჰა ფართობი ამორიცხული იქნება ჯავახეთის ეროვნული პარკიდან და მის ნაცვლად 17,9 ჰექტარი ჩაირიცხება. ფართობის ჩანაცვლება გამოწვეულია მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზის მშენებლობით. კანონპროექტით ასევე განისაზღვრა იმ სოფლების ჩამონათვალი, რომლებიც წარმოადგენენ ჯავახეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიას, სადაც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (kfw) მიერ გამოყოფილი გრანტიდან ადგილობრივი მოსახლეობისთვის განსაზღვრულია გარკვეული სოციალური პროექტების განხორციელება.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.