ქოსატყუილას ზღაპრები

ქოსატყუილას ზღაპრები


ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ შეესწრო ქვეყნის შუქურყოფილი მაღალი ქოსატყუილას მიერ მორიგი ფოჩიანი სატყუარების დარიგების პროცესს, რომელსაც იგი ყოველთვის მიმართავს, როდესაც დამფრთხალია. და რომელსაც ის მეყსეულად შეწყვეტს, თუ საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ გადაყლაპავს ამ ანკესზე წამოგებულ ჭიაყელას და მორიგი ხუთი წლით ხელს მოაწერს დამონებაზე, დაჩმორებაზე, შვილების დაჭერასა და დახვრეტაზე, ბიზნესის და ქონების წართმევაზე, სოფლების გაპარტახებაზე და ქვეყნიდან მასობრივ გარეკვაზე. 

45-60 წლის ხალხს გვპირდებიან, რომ დაგვასაქმებენ! ხოლო ვინც დაგვასაქმებს, იმათ პირდებიან, რომ საშემოსავლოს არ გადაახდევინებენ! 

- და ვინ გვპირდება?? ადამიანი, ვინც 8 წელია სწორედ 45 წელს გადაცილებულებს ინტენსიურად რეცხავს, სამსახურებიდან ყრის და პერსპექტივას ნოლად უქცევს! ნუ დაუჯერებთ იმას, ვინც 8 წელია, თქვენი პრობლემების მთავარი სათავეა! არ გათეთრდების ყორანი! მით უფრო, როცა ფული ჰქონდა, მაშინ არ გვასაქმებდა და გვახრჩობდა და ახლა, როცა ნოლზე ზის ბიუჯეტი – ახლა დაგვასაქმებს? და საშემოსავლოები რომ გააუქმოს, მერე ბიუჯეტი ხომ დაუცარიელდება! და თავად ხომ არ მოიკლებს არაფერს! რას მოაკლებს? – პენსიებს!! დააკვირდით, არც ფინანსთა მინისტრმა, არც პრემიერ-მინისტრმა არაფერი იციან ამ ინიციატივაზე, რომელიც ეტყობა ვირთხების სიზმრით შეშინებულს სიზმრების მინისტრმა თუ მოალანდა… 

გლეხებს, რომლებსაც ვალები დაედოთ ძალად შეტენილი და ფართოდ რეკლამირებული ჰიბრიდული სიმინდის გამო, სააკაშვილმა ამინისტია გამოუცხადა – თესლის შესაძენად აღებულ ვალს აღარ გადაგახდევინებთო! 

- მაგრამ თესლთუხუცესს არ უთქვამს, წელს ნაზარალებ სიმინდს, ტყუილად გადაყრილ შრომას და ხარჯებს ვინ აუნაზღაურებს გლეხებს! 

- და გჯერათ, რომ ესენი ჰიბრიდიზაციას თავს დაანებებენ? რას ამბობთ? მათ, ალბათ, 2-3 წლის ჩაწოლილი სათესლე მასალის გასაღებისთვის წინასწარ სერიოზული ჰონორარი აქვთ აღებული ჰიბრიდული სიმინდის წარმოებელი კომპანიისაგან და, თუ ასეა, ვითომ ადვილად შეელევიან საკუთარ მოგებას? აგერ, ახალმა გოროზმა მინისტრმა უკვე მიიღო ჰიბრიდული სიმინდის მომავალ წელს დათესვის გაზრდილი გეგმა! ასე რომ, არ დაიჯეროთ ქოსატყუილას ზღაპრები… 

სახელმწიფო სექტორში ხელფასები გაიზრდებაო! 

- ეს კი ყველაზე დიდი ზღაპარია! სახელმწიფო სექტორის დაბალ რგოლში დაგეგმილია მასშტაბური შემცირებები. უნივერსიტეტები, საგადასახადო სამსახურები და გამგეობები ამ შემცირებებს უკვე ახალ წლამდე დაიწყებენ! უკვე დაგეგმილია და კიდევ უფრო მალე დაიწყება (ნოდარ მელაძის, თაკო ჩხაიძის და სხვა ტერმინატორების მიერ ინიცირებული) ექიმების და მასწავლებლების 2/3-ის შემცირება თბილისში და ქალაქებში, ხოლო ლიცენზიაჩამორთმეული პირებისთვის სოფლად დასაქმების შეთავაზება… ასე რომ, თუ ვინმეს მოუმატებენ კიდეც ხელფასს, ეს მხოლოდ ერთჯერადი საახალწლო პრემია იქნება და ისიც იმის ხარჯზე, რომ მის თანამშრომლებს სწორედ რომ საახალწლოდ შეამცირებენ! 

მზადდება ახალი ფოჩიანი ტყუილების შეკვრა – რომ პენსია 2012 წელს გახდება ნანატრი 100 დოლარი, რომ საქართველოში ინვესტიციები 3 მილიარდ დოლარს მიაღწევს და საშუალო ხელფასი 500 დოლარი გახდება, რომ მალე ევროკავშირი უვიზო რეჟიმს დაგვიწესებს, რომ ნატო უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ … მსოფლიოში პირველად ონკანში შამპანური წამოვა და ციდან – ბრილიანტების თოვლი… 

ახლა კი მინდა შეგახსენოთ იმ ვნებიანი დაპირებების ნაკრები, რასაც ჩვენი მაღალი ქოსატყუილა ასე შთაგონებით არიგებდა წლების განმავლობაში და ჩვენც ნეტარი სახით ვყლაპავდით. 

იმედია, ეს ცივი შხაპი გამოგაფხიზლებთ სირინოზის ხმით დამტკბართ: 

გპირდებით, რომ უახლოეს 4 წელიწადში საქართველო იქნება ერთიანი, აღორძინებული და ძლიერი ქვეყანა. 

- შედეგი: რუსეთის მიერ ჩამოგლეჯილი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უკვე აღიარებულია მისი და მისი სატელიტების მიერ და დასავლეთის არავითარი შეხსენებები და შეშფოთებები ამ ფაქტს არ ცვლის. 

საქართველო გახდება ნატოს წევრი და ეს მოხდება ჩემი მმართველობის პირველ 4 წელიწადში! 

- ნატოოოუუუუ! სადა, აბა, ნატო? სადა, აბა, მაპი? სადა, აბა, მაპზე უკეთესი? 

ჩვენ განვახორციელებთ იუსტიციის სისტემის ძირეულ რეფორმას და შევქმნით სამართლიანი სასამართლოს, სადაც მოქალაქის ყველა უფლებები განუხრელად იქნება დაცული! 

- აბსოლუტური მარაზმი! საქართველოს ამჟამად აქვს გაცილებით უარესი იუსტიციის სისტემა, გაცილებით უსამართლო სასამართლო, სადაც გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 0,04%-ია და გაცილებით დაუცველი მოსახლეობა, რომლის რამდენიმე ათეული ათასი მოქალაქე ყალბი და შეთითხნილი საქმეების გამო იძულებულია მრავალათასიან საპროცესო გარიგებებზე წავიდეს, ან ცხოვრება და ჯანმრთელობა სააკაშვილის საკონცენტრაციო ბანაკებად ქცეულ საპატიმროებში გაატაროს… 

ქართული პოლიცია ხალხის ერთგული მსახური! (2004 წ.) 

- ქართული პოლიცია სააკაშვილმა აქცია საკუთარ მსახურად და პოლიტიკურ პოლიციად – გესტაპოდ და ნულოვანი ტოლერანტობით გათამამებული და სისხლის სუნზე დაგეშილი გახელებული მკვლელებით აავსო. მეგის ქარდავები, ”მაიმუნები”, დათა ახალაიები… პოლიციის მიერ დახოცილი გირგვლიანის და რობაქიძის, ციხეში წამებული გოჩა არქანიას, ოფიცერ სერგო თეთრაძის და სხვა ათობით მოკლული თუ წამებული პატიმრის სახელები საკმარისია იმისთვის, რომ ბედნიერი სახით გვიყვარდეს ჩვენი შვილების ვალების ხარჯზე აშენებულ მინის პირამიდებში მოფუსფუსე პოლიცია… 

თავისუფალი მედია! ჟურნალისტის თავისუფლების დაცვა! (2004) 

  – ”იმედის” დარბევა, 11 დანგრეული და პრივატიზირებული ტელევიზია, ავლაბრის ტურფებად ქცეული ერთდროს სერიოზული ჟურნალისტები და ახალი თაობა – დონაძეები, მელაძეები, ხარაზიშვილები, ფხაკაძეები სხვა მსხვილი თუ წვრილი ურნალისტ-პროპაგანდისტები… 

კონკურენტული ბიზნეს გარემო! 

- ვაი, თქვენს პატრონს, ვინც ამას ამტკიცებთ და ვისაც ამის გჯერათ! საქართველოში ბიზნესი არ არსებობს, საქართველოში არსებობს მხოლოდ დაკრიშული ბოზნესი, რომელიც ნაციონალურ ბოზბანდას ეკუთვნის! 

მიხეილ სააკაშვილი: საქართველო გამოირჩევა, როგორც ჩვენი რეგიონის ყველაზე წარმატებული ქვეყანა. 

- ეტყობა გარე და შიდა ინვესტიციებს, ეტყობა მთლიან შიდა პროდუქტს, ეტყობა საშუალო ხელფასის დონეს, ეტყობა ექსპორტის მაჩვენებლებს, ეტყობა საგარეო ვალის ზრდას,ეტყობა დასაქმების მაჩვენებლებს… ბიზნესის იოლად დაწყებაო?? ბიზნესის იოლად წაგლეჯაზე და ახევაზე რას იტყვით? 

საქართველო იქნება აყვავებული და განვითარებული დემოკრატიის ქვეყანა! 

- ისემც სახელოთი მალი-მალ მოწმენდილი ცხვირი დაგიმშვენდა! 

საქართველოს ექნება მაღალი დონის ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების სისტემა! 

- თუ თბილისის მერის, ჯანდაცვის მინისტრის და თავად პრეზიდენტის ოჯახისთვის ხელმისაწვდომობაზე იყო ლაპარაკი, ალბათ სწორია. სხვა მხრივ კი შემიძლია გაგიმხილოთ, რომ საქართველოს აღარ აქვს სამედიცინო დახმარების სისტემა. ეს არის სამედიცინო გატყავების სისტემა, რომელშიც ორივე მხარე – ექიმი და პაციენტი წაგებულია, ხოლო მოგებული არიან ავერსი, პე-ეს-პე და მათ მიერ ნაკვები ნაცმოძრაობა და პრეზიდენტი… 

ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში! ჩემი მმართველობის პირველ ვადაშივე!.. (2004) 

”ჩემი მმართველობის პირველ ვადაშივე ვაპირებდი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში დაბრუნებას, მაგრამ კარგად ცნობილი მოვლენების გამო ეს ამოცანა გადაიდო… თუმცა პირობას გაძლევთ, …შემდეგ ზამთარს უფრო თბილი კლიმატის პირობებში გავატარებთ; ჩვენ სახლებში დავბრუნდებით. მე ამას თქვენ გპირდებით და ამის გარანტიას ვიძლევი…” (2008) 

- ულვაში! ულვაში უნდა დაგვეწიწკნა! – ათიათასობით ახალი დევნილი სამხრეთ ოსეთიდან და კოდორიდან… ათასობით დამცირებული და დროებითი საცხოვრებელი ადგილებიდან სააკაშვილის მთავრობის მიერ საარსებო და დასაქმების პირობების გარეშედ შექმნილ გეტოებში გასახლებული დევნილი! 

”ცხინვალის დაბრუნება უახლოესი თვეების ამოცანაა!” (2008 წ!) 

- ეტყობა, ცხინვალის და ახალგორის რუსეთისთვის გადაცემის ამოცანაში გადაეზარდა საბოლოოდ… 

”საქართველოს აქვს სრული შანსი გახდეს ნატოს წევრი 2008 წელს!” 

- არ არის მითითებული, რომელი წელთაღრიცხვით! ეტყობა მაიას კალენდრით! ან – ვერას კალენდრით! 

”საქართველო სიღარიბის გარეშე!” (2008) 

- როდესაც ეს გენიალური ლოზუნგი ”შეიქმნა”, ხოლო, სინამდვილეში, როდესაც სააკაშვილის ხელიდან გამოკვებილმა გრინბერგ-ქვინლან-როსნერმა მათ მიერ ჰონდურასისთვის გამოგონილ ამ აბსოლუტურად ყალბი ლოზუნგს საქართველოში გაუკეთა copy – paste, საქართველოში 1,000,000-მდე ადამიანი იყო სიღარიბის მონაცემთა ბაზაში, ხოლო 2010 წელს მათმა რიცხვმა 1,400,000 გადააჭარბა! პროგრესი მართლაც შთამბეჭდავია! 

“დასაქმება, დასაქმება, დასაქმება!“ (2008 წ.) 

- დღეს საქართველო ცნობილია იმით, რომ მისი ეკონომიკური ზრდის ვირტუალური ინდიკატორები ისეთივე ფანტასტიურია, როგორც უმუშევრობის ზრდის რეალური ტემპი. ამიტომ ინდიკატორებს დღეში 100-ჯერ გვახსენებენ, ხოლოდ უმუშევრობის რეალური ციფრები დამალულია. ოფიციალური ციფრიც – 16% სულაც არ არის მცირე, მაგრამ კვლევები ადასტურებენ, რომ რეალური უმუშევრობის მაჩვენებელი ამაზე 2-3-ჯერ მეტი მაინც არის. 

”დარია თუ ავდარია, მიშა – მაგარია!” 

- ალბათ აჯობებდა ასე – ”გორია თუ ახალგორი, მიშა მაგარია!” ეს უფრო ცხოვრებისეული სიმართლე იქნებოდა! 

”ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ სტაბილურობის პირობებში უკვე ერთ წელიწადში იყოს 100 ამერიკული დოლარი და მე, როგორც აქამდე შევასრულე ყველა დაპირება, ისე შევასრულებ ამასაც” (2009). 

- ეს დაპირება, უფრო სწორედ მისი მეორე ნაწილი, არის იმის უბადლო ნიმუში, როგორ უნდა აყალიბებდეს თავის დაპირებებს ნამდვილი პოლიტიკოსი, რომ მერე სიამაყით განაცხადოს, რომ მან 100%-ით სიმართლე თქვა! კიდევ ერთხელ ჩაუფიქრდით ამ მაოს აფორიზმის სადარ მარგალიტს: ”როგორც აქამდე შევასრულე ყველა დაპირება, ისე შევასრულებ ამასაც” !!! ფენომენალურია! მიშა (ფენომენ)ალურია! 

საქმე ლაპარაკის ნაცვლად! (2010) 

- ამაზე საერთოდ ლაპარაკი არ ღირს. 

ძვირფასო მეგობრებო, 

ახლა ხომ ყველასთვის აშკარაა, ვისთან და რასთან გვაქვს საქმე! 

არა, თქვენ (თუ სურვილი გხერხავთ!) შეგიძლიათ კიდევ ენდოთ! 

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ერთსადაიმავე ორმოში მრავალჯერ ვარდებიან, ვინც ერთსადაიმავე ფოცხს მრავალჯერ ადგამს ფეხს თავის გასახეთქად, ვინც მრავალჯერ აძლევს ფულს ერთსადაიმავე აფერისტს… 

თუ თქვენ გინდათ, კიდევ ერთხელ მოგატყუოთ ქოსატყუილამ, თუ თქვენ მაზოხისტები ბრძანდებით – ადით ყვითელ ავტობუსში! ადით და იყვირეთ მთელი ხმით: 

”ვირი ვარ და ვყვირივარ!”-თქო… 

მაგრამ ძალიან გთხოვთ, თქვენს მეზობლებს, ახლობლებს და საერთოდ – სხვებს ნუ დაუწყებთ შებმას და დაბოლებას ქოსატყუილასაგან აღებული ოცლარიანებით მოხიბლულნი… 

რადგან თუ ახლო ან შორეულ მომავალში ქოსატყუილას ძველი თუ ახალი ტირანების ფინიში დაუდგა, მერწმუნეთ, ვინმეს თქვენი ”ალალი” ქმედებებიც შეიძლება გაახსენდეს და ვაითუ თქვენზე გადატყდეს ის ავადსახსენებელი ჯოხი… 

მოდით ავდგეთ და ავირჩიოთ ის, ვისაც არ მოვუტყუვებივართ! 

ვისაც არ გადავუდგდივართ! 

ვინც ჩვენი ნაჯაფით არ გასქელებულა! 

ვისაც ჩვენთვის ბინები და სამუშაო არ წაურთმევია! 

ვისაც ჩვენი ძმების, მამების თუ შვილების სისხლის ფასად რა უგრიალებია! 

ვინც არაფერს დაგვპირებია და ბევრად იმაზე მეტი სიკეთე გაუკეთებია, რასაც წარმოვიდგენდით! 

ხოლო ქოსატყუილები… 

არ ვარ წინააღმდეგი ქოსატყუილების, რომლებიც გაშიფრულნი არიან და გულზე აწერიათ – ”ქოსატყუილა ვარ”… 

მაგრამ მძულს ქოსატყუილები, რომლებიც სამოთხეს დაგვპირდნენ და არ უთქვამთ, რომ იმ სამოთხეს ჩვენს ხარჯზე – მხოლოდ თავისთვის აიშენებდნენ! 

ვუთხრათ სიცრუეს და ძალადობას – “არა!”