საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ბიზნესმენების იმ ნაწილს გამოეხმაურა, რომლებიც აცხადებენ, რომ წინა ხელისუფლების პირობებში მათ ქონება ჩამოართვეს.
გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას ესმის იმ ადამიანების, ვინც დაიჩაგრა, ქონება ჩამოართვეს ან აჩუქებინეს. კვირიკაშვილის განმარტებით, 4 თვის განმავლობაში მისი სამუშაო დროის უდიდესი ნაწილი აღნიშნული პრობლემების მოგვარებას ეთმობა. თუმცა, მანვე დასძინა, რომ სამინისტროს სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის უფლება არ აქვს.
"ჩვენ შეგვიძლია საკითხის გადამუშავება მოვახდინოთ და ძალიან ბევრ შემთხვევაში კომპანიების ადვოკატებად ვმუშაობთ, ვუმზადებთ მათ ახალ დოკუმენტაციას და ვახდენთ სასამართლოში მათ დახმარებას. არ ვმოქმედებთ როგორც მოპასუხენი, როგორც ეს იყო ადრე, ანუ არ ვებრძვით ამ კომპანიებს, არამედ პირიქით, ვეხმარებით მათ", - განმარტა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ საბოლოო სიტყვის თქმის უფლება ეკონომიკის სამინისტროს არ აქვს და ბოლო სიტყვა სასამართლომ უნდა თქვას.
მისივე განცხადებით, მომავალში იუსტიციის სამინისტროს ეგიდით შექმნილი კომისია სასამართლოს განაჩენების განხილვას მოახდენს.