თბილისის ყოფილი პროკურორი დავით კოჭლამაზაშვილი მთავარ პროკურატურაში საპროცესო ზედამხედველობის დეპარტამენტს ჩაიბარებს , - ამის შესახებ თბილისის ახალი პროკურორის წარდგენისას საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული დეპარტამენტი განახორციელებს საპროცესო ზედამხედველობას თავდაცვისა და სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე გამოძიებებზე.
"აღნიშნულ საქმეებს მკაცრი და გაწონასწორებული საპროკურორო ზედამხედველობა სჭირდება, რისი მოლოდინიც გვაქვს სწორედ დავით კოჭლამაზაშვილისგან", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
მთავარმა პროკურორმა თბილისის ახალი პროკურორის, მაია მწარიაშვილის პროფესიონალიზმზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი ინტელექტუალი ადამიანია.
"გვინდა მას მთავარი პროკურატურიდან მზითევად გამოვატანოთ რამდენიმე რეზონანსული საქმე, რომელსაც საგამოძიებო ნაწილი იძიებდა. ამ ნაბიჯით ჩვენ გვინდა ხაზი გავუსვათ თბილისის პროკურატურის მნიშვნელობას", - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.