იზაბელ გორსტი, სტეფან უეგსთილი, “Financial Times”
ახლა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თითქოს მზადაა მისი მოსისხლე მტრის, რუსეთის მიმართ არსებული პრეტენზიები გვერდზე გადადოს და მას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების ნება დართოს, საინტერესოა პასუხი შეკითხვაზე: და რას მისცემს ეს საქართველოს?
იმის გამო, რომ რუსეთის არმია დღემდე იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც მან 2008 წლის ომის დროს დაიპყრო, საქართველოს შეიძლება ეპატიოს მისი მუდმივი პრეტენზიბი სავაჭრო ფრონტზე. მაგრამ თბილისს თანამშრომლობის დასაწყებად კარგი პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზები აქვს.
ჯერ ერთი, ამ საკითხის საყოველთაო განხილვამ მსოფლიოს შეახსენა იმ ინტერესების შესახებ, რომელიც საქართველოს მისი გამოყოფილი რეგიონების – აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ გააჩნია. დღეს ამ ტერიტორიებზე რუსეთის შეიარაღებული ძალებია განთავსებული. მოსკოვმა ორივე რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, თუმცა მის მაგალითს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ მიბაძა. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან დაკავშირებულმა დიპლომატიამ ეს საკითხი, თუნდაც ირიბად, საერთაშორისო არენაზე დააბრუნა.
რუსეთის უარი, რომელიც მან საქართველოს თავდაპირველ მოთხოვნაზე განაცხადა, უსაფუძვლო არ იყო. ქართული მხარე რუსეთის და გამოყოფილი ტერიტორიების საზღვრებზე ქართველი მებაჟეების მხრიდან სავაჭრო ოპერაციებზე კონტროლს ითხოვდა. რთული წარმოსადგენია ის, რომ ქართველი მებაჟეები საზღვარზე რუსეთის არმიის გვერდიგვერდ იმუშავებენ.
ახლა რუსეთი განიხილავს საქართველოს წინადადებას იმის თაობაზე, რომ მონიტორინგი საერთაშორისო დამკვირვებლებმა განახორციელონ. ეს საქართველოს თვალსაზრისით ნაკლებად მომგებიანი ვარიანტია, რადგან არ აძლევს მას საზღვრებზე საკუთარი წარმომადგენლების განთავსების უფლებას და შესაბამისად საკუთარი ტერიტორიული უფლების გაცხადების შესაძლებლობას. მაგრამ ის უკეთესი ალტერნატივაა, რადგან ხაზს უსვამს იმას, რომ საზღვრები სადაოა, ან ყოველ შემთხვევაში, განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მოითხოვს.
ასევე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც დაინახა ის, რომ დასავლეთში მისმა ზოგიერთმა მხარდამჭერმა მისი ომისწინანდელი ქმედებები პროვოკაციულად მიიჩნია. ერთგვარი მოქნილობა მას ახლა ვაშინგტონსა და ბრიუსელში რამდენიმე მეგობრის შეძენაში დაეხმარება.
აშშ-მ და ევროკავშირმა ფაქტობრივად აღიარეს, რომ რუსეთმა დაიბრუნა გარკვეული გავლენა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. და ისინი მზად არ არიან ამ მიმართულებით რამე მოიმოქმედონ თუკი მსოფლიოში არსებულ უამრავ ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემას გავითვალისწინებთ.
საქართველომ განაცხადა, რომ აშშ-ს მხრიდან რუსეთის მსო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ზეწოლა არ უგრძვნია. თუმცა, იმის უარყოფაც არ ღირს, რომ შეერთებული შტატები საქართველოსთვის მადლობის გადახდის გზებს მოძებნის, თუკი მსო-ში მოსკოვის გაწევრიანება ბოლოს და ბოლოს წარმატებით დასრულდება.
იმავდროულად, არაკეთილგანწყობილი ჩრდილოელი მეზობლის საერთაშორისო სავაჭრო კლუბში მიღებით საქართველომ შეიძლება ეკონომიკური სარგებელი მიიღოს.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრმა რუსეთმა უნდა დაიცვას ცივილიზებული სავაჭრო ურთიერთობები, რაც წევრი-ქვეყნების მხრიდან ერთმანეთის დაშინების შესაძლებლობას ართულებს. რუსეთს, როგორც ჩანს, ყველა შემთხვევაში მოუწევს, 2006 წელს ქართული ღვინისა და მინერალური წყლის შეტანაზე შემოღებული აკრძალვის გაუქმება, რამაც საქართველოს ექსპორტს სერიოზული ზიანი მიაყენა. შეიძლება მომავალ ში მსგავსი აკრძალვების შემოღება გართულდეს, თუმცა შეუძლებელი ის მაინც ვერ გახდება.
2008 წელს, საქართველომ ახალი პარტნიორები მოიძია და შეეცადა ესარგებლა თავისი სტრატეგიული ადგილმდებარეობით ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე.
რუსეთი, რომელიც ქართული ექსპორტისთვის ტრადიციული მიმართულებაა, დღეს ამ პატარა ქვეყნის სავაჭრო პარტნიორების სიაში მეექვსე ადგილზეა. ქართული ლითონისა და მინერალების, მათ შორის ოქროს ექსპორტის ძირითად ბაზრებად თურქეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და ჩინეთი იქცნენ.
ჩინეთი, ყაზახეთი და ევროკავშირი ქართულ ღვინოს სვამენ, ოღონდ იმაზე ნაკლები რაოდენობით, ვიდრე ამას ოდესღაც რუსეთი აკეთებდა. მინერალური წყალი „ბორჯომი“, რომელიც ცნობილია ნაბახუსევზე მისი გამაჯანსაღებელი ეფექტით, დასავლური გემოვნებისთვის ზედმეტად მარილიანია, მაგრამ კარგად იყიდება დსთ-ს ქვეყნებში, სადაც საბჭოთა პერიოდზე ნოსტალგიაა.
მამაცი საქართველო შექებას იმსახურებს ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის, მაგრამ მისთვის სასარგებლო იქნება ასევე სავაჭრო კავშირის აღდგენა რუსეთის უზარმაზარ ბაზართან მსო-ს წესების ფარგლებში. საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა ომამდე რეკორდული 2,1 მილიარდი დოლარიდან წელიწადში 600 მილიონ დოლარამდე შემცირდა, მაგრამ თუკი რუსულ ბაზარზე გასვლა სტაბილური გახდება, ინვესტიციები შეიძლება გაიზარდოს.
ბოლოს და ბოლოს, მსო-ს წევრობამ საქართველოს უსაფრთხოება შეიზლება განამტკიცოს. ცნობილი ფაქტია ის, რომ მთელი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კონტრაბანდისტებისთვის შავი ხვრელი იყო, რომ უკანონო რეგიონები თბილისის გავლენისგან თავის დაღწევას 2008 წლამდეც ცდილობდნენ. საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები მაშინ სამხრეთ ოსეთს ეძახდნენ „დაუბეგრავი ვაჭრობის ყველაზე დიდ მაღაზიას მსოფლიოში“.
საქართველო დარწმუნებულია, რომ რუსეთის საიდუმლო პოლიციის სერიოზული მეთვალყურეობის პირობებშიც, გამოყოფილი ტერიტორიები კონტრაბანდული საქონლისთვის სატრანზიტო ტერიტორიებად რჩება. მონიტორების რაოდენობის გაზრდა მათ დახმარებას შეძლებდა.
„ფაქტია ის, რომ ვაჭრობა საზღვრებთან კორუმპირებული და საკმაოდ ბუნდოვანია“, – მიაჩნია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ სერგი კაპანაძეს.
„არ არსებობს გამჭვირვალეობა და აღრიცხვის მექანიზმი იმისა, თუ რა შემოდის ან გადის საქართველოდან. უცხოელი დამკვირვებლები შეძლებდნენ ამ სიტუაციის გამოსწორებას. „ეს არის ის, რასაც ამ შეთანხმებით მივიღებთ“.
foreignpress.ge
768
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85