სახალხო დამცველის რწმუნებულები გლდანის #8 დაწესებულებაში იმყოფებოდნენ, რომლის დროსაც ბაჩო ახალაია მოინახულეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს სახალხო დამცველის ოფისიდან აცნობეს, 18 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულეს ბრალდებულები: ვიქტორ ყაჭეიშვილი, ოლეგ ფაცაცია, ლევან ფურცხვანიძე, გურამ ცომაია, გაგა მკურნალიძე, დავით ხუჭუა და ბაჩანა ახალაია. ბრალდებულმა ბაჩანა ახალაიამ წერილობით რაიმე სახის ინფრომაციის მიწოდებაზე უარი განაცხადა.
ბრალდებულებმა: ვიქტორ ყაჭეიშვილმა, ოლეგ ფაცაციამ, ლევან ფურცხვანიძემ, გურამ ცომაიამ, გაგა მკურნალიძემ და დავით ხუჭუამ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადეს, რომ გლდანის #8 დაწესებულებაში გადაიყვანეს 2013 წლის 10 მარტს და 11 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით, დაწესებულებაში მყოფი პატიმრების მიერ მათ მიმართ სისტემატურად ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა.
"მათი განცხადებით, აღნიშნული გამოიხატებოდა შემდეგში: ადმინისტრაციულ კორპუსში გადაყვანის დროს, პატიმრები ჩერდებოდნენ პირველი კორპუსის წინ, მიმდებარე ტერიტორიაზე და მათ აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ასევე ადგილი ჰქონდა მუქარას. ბრალდებულთა განცხადებით სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა", _ აცხადებენ სახალხო დამაცველის აპარატში.
ამასთან, ბრალდებულების განმარტებით, 13 და 14 მარტს პატიმრების მხრიდან ადგილი ჰქონდა დაწესებულების მოქმედი თანამშრომლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტს, რადგან თანამშრომელი ცდილობდა აღეკვეთა მათი შეურაცხმყოფელი საქციელი.
ბრალდებულები მკურნალიძე და ხუჭუა აცხადებენ, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ისინი განიცდიან ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ისინი ასევე აცხადებენ, რომ თავს ვერ გრძნობენ უსაფრთხოდ და ითხოვენ სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანას, სადაც არაადამიანური მოპყრობისგან იქნებიან დაცული და დაცული იქნება მათი უსაფრთხოება.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ მათ სიტყვიერად არაერთხელ მიმართეს #9 დაწესებულების ადმინისტრაციას, რომ არ მომხდარიყო მათი გადაყვანა #8 დაწესებულებაში, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ #8 დაწესებულებაში მათი მოთავსება დაუშვებელია და აღნიშნულით ხდება სხვა პატიმრების პროვოცირება უკანონო ქმედებების ჩასადენად.
"საქართველოს სახალხო დამცველი მუდმივ მონიტორინგს განახორციელებს, რათა დაცული იყოს ბრალდებულების ვიქტორ ყაჭეიშვილის, ოლეგ ფაცაციას, ლევან ფურცხვანიძეს, გურამ ცომაიას, გაგა მკურნალიძეს, დავით ხუჭუას და ბაჩანა ახალაიას უსაფრთხოება და ამასთანავე მოუწოდეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული საშუალება, რათა დაცული იყოს მსჯავრდებულების უსაფრთხოება და რაიმე სახის ზიანი არ მიადგეს მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას", _ აცხადებს სახალხო დამცველის აპარატი.