ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი, არჩილ გეგეშიძე სრულფასოვან მუშაობას სავარაუდოდ მაისის ბოლოს შეუდგება.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე არჩილ გეგეშიძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ყველა პროცედურა დასრულებულია, თუმცა სრულუფლებიანი ელჩი ის მას შემდეგ გახდება, რაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან აგრიმანს მიიღებს, რომელიც, მისი განმარტებით, პროცედურულად 1-დან 3 თვეს იკავებს. თუმცა, როგორც გეგეშიძემ განაცხადა, ამერიკული მხარე პირდება საქართველოს, რომ აგრიმანს ერთ თვემდე ვადაში გამოგზავნის.
"მაისის ბოლოსკენ ყველა პროცედურა შესაძლოა დამთავრდეს. ეს უკვე ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული", - განაცხადა არჩილ გეგეშიძემ.
როგორც მან აღნიშნა, სანამ ამერიკაში გაემგზავრება ის აპირებს შეხვდეს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე შეხვედრები გამართოს პარლამენტში, როგორც უმცირესობასთან და ასევე უმრავლესობასთან.
"მე და ჩემს რვა კოლეგას გვქონდა შეხვედრა უმცირესობასთან პარლამენტში, როდესაც ხდებოდა დამტკიცება, თუმცა მაშინ ზოგადად აზრთა გაცვლა შედგა. ამას ვერ დავარქმევდი სიღრმისეულ კონსულტაციებს", - განაცხადა გეგეშიძემ. მისი თქმით, ის აპირებს შეხვედრები გამართოს ყველასთან, რადგან მიიჩნევს, რომ არის ქვეყნის წარმომადგენელი და მიუხედავად იმისა, რომ მისი კანდიდატურის ინიცირება დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან მოხდა, მისი ვალდებულება იქნება წარმოადგინოს ქვეყანა და ემსახუროს ქვეყანას.
რაც შეეხება კითხვას, შეხვდება თუ არა ის თავის წინამორბედს, აშშ-ში ყოფილ ელჩს თემურ იაკობაშვილს, მან განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში მადლიერებით მიიღებს მის რჩევებს, რადგან მიიჩნევს, რომ იაკობაშვილის ელჩობის პერიოდში საქართველოს საელჩოს ცნობადობა ამაღლდა.