უმცირესობის ენების შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიცირება არასასურველია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განცხადება პრეზიდენტის მრჩეველმა ვან ბაიბურთმა გააკეთა. მას მიაჩნია, რომ ქარტიის რატიფიცირება სეპარატიზმის წახალისებას არ გამოიწვევს, თუმცა ჯერ ამ პროცესის დაწყება ნაადრევია.
"თუ ეს კანონი სეპარატისტულია, მაშინ პირველი სეპარატისტი არის ევროპა. მე არ მგონია, რომ ევროპა არის სეპარატისტი. ქარტიის რატიფიცირება ამ დროისათვის არასასურველია, რადგან გამოდის, რომ ვიღებთ ამ კანონს, რომ შეჩერდეს უმცირესობებისათვის ქართული ენის სწავლება", - აცხადებს ბაიბურთი.
ბაიბურთი მიიჩნევს, რომ ქარტიის რატიფიცირების შემთხვევაში საქართველოში მცხოვრები უმცირესობებისთვის ენის სწავლების და მათი ინტეგრაციის პროცესი შეჩერდება.
ამასთან, ვაინ ბაიბურთი ქარტიის რატიფიცირების თემის გააქტიურებაში ვაჰაგნ ჩახალიანის მონაწილეობას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ჩახალიანი საქართველოს პატრიოტია.
"მე წავიკითხე მისი ინტერვიუ პრესაში და მე ჩახალიანს მივესალმები. ვფიქრობ, ის არის საქართველოს პატრიოტი, ის შეიცვალა, ეს კაცი სულ სხვა ჩახალიანია", - განაცხადა ბაიბურთმა.
ვან ბაიბურთი მიიჩნევს, რომ ქარტიის რატიფიცირება მას შემდეგ უნდა განხორციელდეს, რაც სახელმწიფო ქართულ ენას უმცირესობათა 30-40% მაინც ისწავლის და საფრთხეები ნაკლები იქნება.