პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით პირდაპირი გაგებით მზადება ჯერ არ მიმდინარეობს , - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა, არჩილ გეგეშიძემ განაცხადა.
"უბრალოდ, თუ მზადებაში ჩავთვლით იმას, რომ ჩვენ ამაზე ვფიქრობთ, იდეაში ეს არსებობს და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს ეს განხორციელდეს, მაშინ ჩათვალეთ, რომ მზადება დაწყებულია", -განაცხადა გეგეშიძემ.
თუმცა, რაც შეეხება კონკრეტულ სამუშაოებს, რაც გულისხმობს თუნდაც დღის წესრიგის შემუშავებას, პროტოკოლურ მხარეს და სხვა მსგავს საკითხებს, მისი თქმით, ამ ეტაპზე ეს დაწყებული არ არის. გეგეშიძე ფიქრობს, რომ წლის განმავლობაში ეს ვიზიტი აუცილებლად განხორციელდება. როგორც ელჩი აცხადებს, ეს არ არის ჩვეულებრივი ვიზიტი, ეს არის მაღალი დონის ვიზიტი და რომ იყოს წარმატებული, ამისათვის სჭირდება მომზადება.
როგორც გეგეშიძემ განაცხადა, აუცილებლად შესარჩევია დრო იმისათვის, რომ ასეთი მაღალი დონის ვიზიტისთვის ორივე მხარე იყოს მზად.
"ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული არჩევნების შემდეგ გარკვეული ცვლილებები განხორციელდა აღმასრულებელ ხელისუფლებაში. შეიცვალა თავდაცვის მდივანი, სახელმწიფო მდივანი, ხაზინის მდივანი. შესაბამისად ახალი ხელმძღვანელები ჩამოაყალიბებენ თავიანთ გუნდებს. აპრილში კი დაიწყება როტაცია საქართველოზე მომუშავე სპეციალისტების თეთრ სახლში და დეპარტამენტში", - განაცხადა არჩილ გეგეშიძემ.
მისივე თქმით, ვიზიტის წარმატების იდეალურ შემთხვევაში უნდა მოხერხდეს შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ, ბარაქ ობამასთან, თუმცა ამასთან, მან აღნიშნა, რომ ყოველი ვიზიტის დროს ასეთი მაღალი დონის შეხვედრები ვერ ხერხდება. მისი თქმით, შესაძლოა ეს ეპიზოდური შეხვედრები ხდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლეს პირთან სხვადასხვა ღონისძიებაზე და ფორუმების ფარგლებში. თუმცა, რაც შეეხება სამუშაო შეხვედრებს, ასეთი ხშირად ვერ ხერხდებოდა.
ახლად დანიშნული ელჩი იმასაც აცხადებს, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ვითარებაზე და იმაზე, თუ რამდენად კონსტრუქციულად განვითარდება მოვლენები საქართველოში, რასაც კოჰაბიტაცია ქვია.
"მე ვფიქრობ იმის მიხედვით, თუ რამდენად კონსტრუქციულად განვითარდება მოვლენები საქართველოში, რაშიც კოჰაბიტაციაც მოიაზრება, მით უფრო ხელსაყრელი პირობები შეიქმნება წარმატებული ვიზიტისათვის", - განაცხადა გეგეშიძემ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ წინა პირობები ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არ არსებობს. მისი თქმით, მათ ძალიან უნდათ, რომ საქართველოსთვის ეს უჩვეულო პროცესი, რომელიც ოქტომბრის შემდეგ შეიქმნა და რომელიც გულისხმობს ორ ოპონენტ ძალას შორის თანაცხოვრებას, დასრულდეს მშვიდობიანად და კონსტრუქციულად.