დეპუტატი თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ თუ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ გავა, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად გამოიყენებს კონსტიტუციურ უფლებას – შექმნას მთავრობა პარლამენტთან შეუთანხმებლად.
ამასთან, ხიდაშელი დარწმუნებულია იმაშიც, რომ პრეზიდენტი პარლამენტს არ დაითხოვს.
გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, "საზოგადოებრივ მაუწყებელზე", დავით პაიჭაძის გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, რომ ინიცირებული საკონსტიტუციო პროექტი პარლამენტში გავა, რადგან არსებობს ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებმაც ზუსტად იციან ცვლილებების გაუსვლელობის ხიფათი და ის, თუ რაზეა წამსვლელი მიხეილ სააკაშვილი. მათი რაოდენობა კი, ხიდაშელის მონაცემებით, 100-ზე გაცილებით მეტია.
"თუ ცვლილებები ვერ გავა, მიხეილ სააკაშვილი მთავრობის დათხოვნის უფლებას გამოიყენებს. ზუსტად შემიძლია გითხრათ, რა ხდება მის თავში - სააკაშვილი პარლამენტს არ დაითხოვს, ამის უფლებას მისი უმცირესობა არ მისცემს, რადგან ზუსტად იციან, პარლამენტი რომ დაითხოვოს, ერთი ხელის თითები საკმარისი იქნება მათი დეპუტატების დასათვლელად. მათ ჩვენზე კარგად იციან საკუთარი პოლიტიკური რეიტინგი და ის, თუ რა ღირან დღეს საზოგადოებისთვის", – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
ხიდაშელმა პარლამენტში წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებების არსზე ვრცლად ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი მიზანი მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილებაა.
"ქვეყანაში მართლა გაჩნდა საფრთხე, მოხდეს ის, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელში ისაუბრა, როცა თქვა, რომ საქართველოში არის ორხელისუფლებიანობაა", – აცხადებს ხიდაშელი, რომლის თქმითაც, "ნებისმიერი პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ძალის ვალია, ქვეყანას კრიზისი თავიდან ააცილოს".
გარდა ამისა, ხიდაშელი აცხადებს, რომ შესაცვლელია ის საკონსტიტუციო ნორმები, რომელიც 2013 წლის ოქტომბერში უნდა ამოქმედდეს, რისთვისაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შეიქმნება.