"როსპოტრებნადზორის" სპეციალისტების მეორე ჯგუფის ვიზიტი საქართველოში, რომელიც 25 მარტს იყო დაგეგმილი, შესაძლოა გადაიდოს. ამის შესახებ რუსული მედია "როსპოტრებნადზორის" პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.
მათი ინფორმაციით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ ქართულმა მხარემ შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტების არასრული პაკეტი წარადგინა და შესამოწმებელ სიაში დამატებით შეიყვანა საწარმოები, რომლებსაც არ მიუმართავს უწყებისთვის.
"აქამდე გაჟღერებული ვადა, "როსპოტრებნადზორის" მეორე ჯგუფის საქართველოში ვიზიტის შესახებ, როგორც ჩანს არ იქნება დაცული ქართული მხარის გამო", - აცხადებენ "როსპოტრებნადზორის" პრესსამსახურში.
ამასთან, ონიშენკოს უწყება მზადყოფნას გამოთქვამს, მაშინვე გააგზავნოს საქართველოში თავისი სპეციალისტები, როგორც კი ქართული მხარე შესაბამის დოკუმენტებს წარადგენს.
როგორც ცნობილია, "როსპოტრებნადზორის" სპეციალისტებმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლების საწარმოების შემოწმების პირველი ეტაპი 25 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით განახორციელეს.