ბრიტანელი ისტორიკოსი, მწერალი და ანალიტიკოსი ტიმოთი გარტონ ეში ბრიუსელში, გერმან მარშალის ფონდის ყოველწლიურ ფორუმზე დასწრებისას "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ესაუბრა.
"რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ტიმოთი გარტონ ეში რუსეთისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების ევროკავშირთან მომავალ ურთიერთობაზეც საუბრობს.
როგორც ბრიტანელი ანალიტიკოსი აღნიშნავს, რუსეთმა დაკარგა იმპერია, თუმცა ჯერაც ვერ იპოვა თავისი როლი; რუსეთმა უნდა გადაწყვიტოს, რა უნდა, მაგრამ ამას დრო სჭირდება. ძალიან რთულია იმპერიის დაკარგვა, რუსეთმა კი ის ძალიან სწრაფად და შთამბეჭდავად დაკარგა - ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, მშვიდობიანად, ბრძოლის გარეშე.
"თუმცა, მხოლოდ მაშინ, როცა რუსეთი გაერკვევა, რა უნდა - ალტერნატიული ცივილიზაციის იმპერია, თუ ევრაზიის მეტ-ნაკლებად ნორმალური სახელმწიფო, ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმუშავოთ ჩვენს შორის გრძელვადიან ურთიერთობაზე", - განაცხადა ტიმოთი გარტონ ეშმა.
კითხვაზე, რა მომავალი აქვთ ევროკავშირში სხვა ქვეყნებს, როგორებიც არიან ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი და საქართველო, ბრიტანელი სწავლული პასუხობს - "ამ ქვეყნებს, რაც უფრო მეტად თავისუფლდებიან, მით უფრო მეტად სურთ, ეკუთვნოდნენ ევროკავშირს. როდესაც ევროკავშირის წევრობის ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებენ, გახდებიან მისი წევრი. ფსონს ჩამოვალ, რომ ეს ქვეყნები 20-25 წლის შემდეგ ევროკავშირის წევრები იქნებიან".