სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში დღეს, ისრაელის ელჩი ქართულ ტურისტულ კომპანიებთან ჯგუფური ვიზების გამარტივებაზე შეხვედრას გამართავს .
როგორც "ინტერპრესნიუსს" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, საქართველოში მოქმედ ტურისტულ კომპანიებთან შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოში აკრედიტებული ისრაელის საელჩოს ინიციატივით გაიმართება.
შეხვედრაზე ისრაელთან დღეს არსებული სავიზო რეჟიმის პრობლემატიკაზე ისაუბრებენ, რაც კერძო სექტორის მუშაობას თავიანთი ტურისტული ჯგუფების გაყვანაში ბარიერს უქმნის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი და ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ.
"ფუქსი ისაუბრებს ისრაელსა და საქართველოს შორის ტურისტული ნაკადების გაზრდის საკითხებზე, ასევე, წარადგენს მექანიზმს, რომელიც ისრაელის საელჩოსა და საქართველოში მოქმედ სააგენტოებს შორის გააუმჯობესებს კომუნიკაციას ჯგუფური ვიზების გაცემასთან დაკავშირებით", _ აცხადებენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში.