"საერთო სასამართლოების შესახებ კანონში" და მისგან გამომდინარე სხვა საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებების პროექტს დღეს , იურიდიული საკითხთა კომიტეტი II მოსმენით, მუხლობრივად განიხილავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა, განსახილველი პროექტის საბოლოო ვარიანტი მასთან ჯერ არ გადაგზავნილა.
"დღეს გააკეთა განცხადება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა, რომ შეთანხმება მიღწეულია. ჩემთან ჯერ ეს პროექტი არ დევს. სიტყვიერად ვიცი, რაც არის გაკეთებული, თუმცა, ქაღალდი ჯერ არ მიდევს. დღეს ეს დოკუმენტი მექნება, უკიდურეს შემთხვევაში კი - ხვალ და ხვალინდელ სხდომაზე გაიგებს ყველა, თუ რა სახის არის პროექტი", – განაცხადა გუშინ ხმალაძემ.
იუსტიციის სამინისტროს ავტორობითა და მთავრობის ინიციატივით "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტს ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში წარედგინა. დეპუტატებმა საკანონმდებლო პაკეტი 20 დეკემბერს პირველი მოსმენით მიიღეს და შემდგომი განხილვისა და დამტკიცების პროცესი შეაჩერეს – მმართველი გუნდი ამ დრომდე ვენეციის კომისიის დასკვნასა და მის რეკომენდაციებს ელოდა, რომელიც, გასულ კვირას დაიდო.
პირველი მოსმენით – პრინციპების დონეზე მიღებული საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, მთლიანად იცვლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი, მოქმედ საბჭოს კი უფლებამოსილება უწყდება. იზრდება საბჭოსა და სადისციპლინო კოლეგიის დამოუკიდებლობის ხარისხი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან და უზრუნველყოფილი ხდება საზოგადოების წარმომადგენლობის მონაწილეობა საბჭოს საქმიანობაში. ამავე ცვლილებებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს სასამართლო პროცესის შეუზღუდავად გადაღების შესაძლებლობა ეძლევა.
კანონპროექტთა პაკეტით, საბჭოს ექვს არამოსამართლე წევრს პარლამენტი საზოგადოების წარმომადგენლებისგან აირჩევს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისა და მდივნის არჩევას მოსამართლეთა კონფერენცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინების გარეშე უზრუნველყოფს. პროექტის თანახმად, კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ შეიძლება იყოს სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მოადგილე, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე ან პირი, რომელიც რომელიმე ასეთ თანამდებობაზე უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა.
ერთი და იგივე პირი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არ შეიძლება გამწესდეს ზედიზედ ორჯერ, გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა.
ამასთან, პირველი მოსმენით დამტკიცებული პროექტის გათვალისწინებით, მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულ კომიტეტს უხელმძღვანელებს არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, არამედ მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული პირი, ხოლო კანდიდატის დასახელების უფლება აქვს მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს. პროექტით ასევე ხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გამიჯვნა სადისციპლინო კოლეგიის წევრებისგან.
საკანონმდებლო პაკეტის კორექტირება მეორე მოსმენისას ვენეციის კომისიის მოსაზრებების გათვალისწინებით მოხდება.