ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ტარიფების შემცირებაზე მუშაობას განაგრძობს.
როგორც მედიის წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განაცხადა, ხელშეკრულებას ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებით ვადა 31 მარტს ეწურება, თუმცა, სამუშაო ჯგუფი ტარიფების შემცირების რესურსის ძიებას განაგრძობს.
"31 მარტამდე გვეცოდინება, გამოინახება თუ არა რაიმე საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგრძელდება ხელშეკრულება ტარიფის 3.54 თეთრით შემცირებასთან დაკავშირებით და უკვე გაფორმდება გრძელვადიანი ხელშეკრულება", - აღნიშნა კალაძემ.
რაც შეეხება გაზის ტარიფებს, მინისტრის თქმით, მართალია 10-პროცენტიანი შემცირება ცოტაა, თუმცა, ტარიფებთან მიმართებაში გაკეთებულია მაქსიმუმი.
ამავდროულად ენერგეტიკის მინისტრი იმ ექსპერტებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ტარიფის კიდევ უფრო შემცირების რესურსი არსებობს, სამუშაო ჯგუფში მუშაობას სთავაზობს. კალაძის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში დარგის ექსპერტების გარდა, სემეკის წარმომადგენლებიც შედიან.