ცოტაოდენი დასაქმების ციფრების შინაარსობრივ მხარეზე

ცოტაოდენი დასაქმების ციფრების შინაარსობრივ მხარეზე


სტატისტიკური ინფორმაცია დასაქმების დინამიკის შესახებ ქვეყანაში ჯერჯერობით არასრულია. არსებობს ქვეყანაში დასაქმების დონისა და შემოსავლის ფრაგმენტული სტატისტიკა, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია ზოგადად შრომით ბაზარზე არსებული მეტ-ნაკლებად სრული სურათის დასანახად არასაკმარისია.

თავი I: დასაქმება

როდესაც აკრიტიკებენ უმუშევრობის მაჩვენებელების შესახებ სტატისტიკის სამსახურის მონაცემებს, მხედველობიდან რჩებათ რამდენიმე ფაქტორი:

I) შრომისუნარიანი მოსახლეობა

სტატისტიკის სამსახური მთლიანი მოსახლეობიდან ანგარიშობს მხოლოდ მილიონ ცხრაასი ათასამდე ადამიანს, კატეგორიით - შრომისუნარიანი მოსახლეობა. ეს კატეგორია გულისხმობს თხუთმეტიდან სამოცდათხუთმეტ წლამდე ადამიანს.

[ანუ აქვე გამოირიცხა მონაცემები ადამიანებისა სამოცდათხუთმეტ წელს ზევით და ის, თუ რა მდგომარეობაშია ადამიანი, რომელიც სამოცდათხუთმეტ წელს გადასცდა და დაბალი ან საერთოდ არარსებული სოციალური დაცვის სისტემით სარგებლობს და იძულებულია თვითდასაქმდეს, ამ სტატისტიკაში არ აისახება.]

სტატისტიკის დეპარტამენტის მიხედვით, ამ მილიონ ცხრაასი ათასიდან დასაქმებულია მილიონ ექვსასი ათასამდე ადამიანი. უმუშევარი, შესაბამისად, სამასი ათასამდე ადამიანია, ანუ თექვსმეტი პროცენტი შრომისუნარიანი მოსახლეობისა.

II) ვინ არის დასაქმებული

დასაქმებულად ითვლება ნებისმიერი ადამიანი, რომელიც, მაგალითად, სიგარეტს ყიდის ღერებზე მეტროს მიწისქვეშა გადასასვლელში, ან ადამიანი, რომელიც საკუთარი სახლიდან გამოტანილი წიგნების ქუჩაში რეალიზაციით ირჩენს თავს. სტატისტიკური მონაცემი დასაქმებისა არ ითვლის რამდენად ახერხებს ადამიანი ამ გზით საარსებო მინიმუმის მოგროვებას და ნებისმიერი გზით თვითდასაქმებულ ადამიანს თვითდასაქმების კატეგორიაში ათავსებს და დაქირავებულ ადამიანებთან ერთად საერთო უმუშევრობის თექვსმეტ პროცენტიან ნიშნულს იძლევა [თუმცა როცა სტატისტიკის დეპარტამენტი ამბობს, რომ უმუშევრობა თექვსმეტამდე პროცენტია, იგულისხმება 16-მდე პროცენტი შრომისუნარიანი მოსახლეობისა. სხვა შემთხვევაში უმუშევრობის დონე მთლიანი მოსახლეობის თანაფარდობაში ორმოცდაათამდე პროცენტი იქნებოდა]. მეორე კატეგორია დასაქმების სტატისტიკაში, როგორც მიხვდით, დაქირავებული ადამიანია. თანაფარდობა ასეთია:

თვითდასაქმებული: მილიონზე მეტი ადამიანი.

დაქირავებული: ექვსასი ათასამდე ადამიანი.

მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით, თანაფარდობა პირიქითაა. ანუ უფრო მაღალია დაქირავებულთა რიცხვი და, პირიქით, დაბალია თვითდასაქმების მაჩვენებელი. ამის საპირისპიროდ, საერთაშორისო კატეგორია ’განვითარებადი სამყარო’ გამოირჩევა თვითდასაქმების მაღალი და დაქირავების დაბალი მაჩვენებლებით, ისე როგორც ეს მეტ-ნაკლებად საქართველოში შეიმჩნევა.

თავად მეთოდი საკითხის ასეთი ციფრობრივი დაყოფისა საერთაშორისო შრომის ორგანიზაციას( IOL) ეკუთვნის, რომელსაც საქართველოს სტატისტიკის სამსახურიც იშველიებს.

საინტერესოა, რომ, სტატისტიკის სამსახურის ვარაუდით, თვითდასაქმებულთა მაღალმა დონემ ქვეყანა კრიზისისგან დაიცვა. სტატისტიკის ბიუროს ხელმძღვანელი ზაზა ჭელიძე ამბობს, რომ სწორედ ამ მდგომარეობამ გადაატანინა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი განვითარებად ქვეყნებს შედარებით უკეთესად, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებს.

მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა ძალიან დიდი გავლენა იქონია სწორედ განვითარებულ ქვეყნებში, სადაც დაქირავებული ადამიანი მეტია, ვიდრე თვითდასაქმებული, და არა განვითარებად ქვეყნებში. ჩვენთან ამას დიდი გავლენა არ მოუხდენია, იმიტომ რომ ჩვენთან უფრო დიდი წილი თვითდასაქმებაზე მოდის. როცა გაკოტრდნენ კომპანიები, სწორედ დაქირავებულმა დასაქმებულებმა დაკარგეს სამუშაო ადგილები და ამიტომ არის, რომ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში უმუშევრობის მაჩვენებლები გაიზარდა. 

თუმცა, მეორე მხრივ, შეიძლება ითქვას ორი რამ. ერთი, რომ როცა დასაკარგი ცოტაა, ტკივილიც დაკარგულის გამო, ბუნებრივია, ნაკლებია, რადგან, როცა თვითდასაქმებაზე ვსაუბრობთ, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, თუ რას ნიშნავს თვითდასაქმება და რამდენად ახერხებს ადამიანი ამ გზით ელემენტარული პირობების შექმნას, თუნდაც საარსებო მინიმუმის ნიშნულის გადალახვას. ოფიციალური სტატისტიკა ამ საკითხზე, როგორც აღვნიშნეთ, დუმს. და მეორე, დასაქმებულთა უმრავლესობა საქართველოში სახელმწიფო სექტორშია დასაქმებული, სექტორში, რომელიც არაკომერციულია თავისი შინაარსით და, შესაბამისად, ნაკლებად ექცევა საბაზრო ცვლილებების გავლენის ქვეშ…

III) ქალაქებში უმუშევრობა 30-მდე პროცენტია… (ანუ თანაფარდობა ქალაქსა და სოფელს შორის დასაქმების მხრივ)

დიახ, როცა ვსაუბრობთ უმუშევრობის თექვსმეტ პროცენტიან სტატისტიკაზე, ერთი რამ გვრჩება ყურადღების მიღმა - ქალაქები და სოფლები. თუ მთლიან ციფრს გამოვაკლებთ სოფლად მცხოვრები ადამიანების სტატისტიკას და შევხედავთ მონაცემებს ქალაქებში, უმუშევრობის დონე ქალაქებში 26 პროცენტს სცდება. მონაცემს აბალანსებს ის ფაქტი, რომ უმუშევრობის დონე სამჯერ დაბალია სოფლის მოსახლეობაში - ის რვა პროცენტამდეა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ძირითადი ნაწილი დასაქმებისა სოფლად თვითდასაქმებაზე მოდის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოფლის მოსახლეობის უმუშევრობის დაბალ ნიშნულთან სახელმწიფო აპარატს შეხება ნაკლები აქვს. იქ კი, სადაც სახელმწიფოს ჩარევა შედარებით მაღალია, ანუ ქალაქებში, სადაცაა ძირითადად განთავსებული სახელმწიფო სტრუქტურები, უმუშევრობა, როგორც აღვნიშნეთ, 30-მდე პროცენტია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაქირავებული ექვსასი ათასამდე ადამიანიდან ოთხასი ათასამდე, ანუ სამოცამდე პროცენტი დაქირავებულთა ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო სექტორშია დასაქმებული.

თავი II: შრომითი შიდა მიგრაცია

თუ მხედველობაში მივიღებთ იმ სტატისტიკურ მონაცემს, რომ უმუშევრობის დონე სამჯერ მაღალია ქალაქში, ბუნებრივია, გვიჩნდება კითხვა, როგორია დინამიკა სოფლიდან ქალაქისკენ და, პირიქით, მიგრაციისა.

ლოგიკურად, როცა ქალაქში დასაქმება გაცილებით დაბალია, ვიდრე, სოფელში, ეს თეორიულად უნდა იწვევდეს მიგრაციულ პროცესებს დასაქმების მაღალი მაჩვენებლებისკენ, ანუ სოფლებისკენ, ან შეიძლება, პირიქითაც, რადგან მიუხედავად რაოდენობრივი სხვაობისა, თვისებრივად, ანუ ფულადი შემოსავლების მხრივ, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქალაქში შემოსავლის დონე და, შესაბამისად, ცხოვრების დონე ხშირად რამდენჯერმე მაღალია, ვიდრე სოფლებში. ასეა თუ ისე, შიდა მიგრაციის სტატისტიკური მონაცემი არ არსებობს. მონაცემი არ აქვს არც თბილისში მოღვაწე მიგრაციის საერთაშორისო ცენტრს, არც სტატისტიკის სამსახურს და
არც მიგრაციის სამთავრობო კომისიას, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეიქმნა, რომლის შემადგენლობაშიც შედის თითქმის ყველა სამინისტრო და რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი სწორედ ამ მონაცემების მოგროვებაა. როგორც ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციები და სტატისტიკური სამსახური გვეუბნება, ამ მონაცემის დათვლას შრომატევადი და მაშტაბური კვლევის ჩატარება სჭირდება.

ზაზა ჭელიძე: მაგას სჭირდება სერიოზული კვლევა, ისეთი, როგორიც დაახლოებით მოსახლეობის აღწერის დროს ტარდება, ანუ უნდა შევიდეთ ოჯახებში, დავადგინოთ ადამიანების მიწერა და რეალური საცხოვრებელი ადგილები, მერე მონაცემები გავაანალიზოთ, რაც საკმაოდ რთულია.

მიგრაციის დაზუსტებული მონაცემები მნიშვნელოვანია იმ გაგებით, რომ ის გვეუბნება დასაქმებისა და უმუშევრობის მიზეზებზე ფუნდამენტურად მეტს…

P.S

თეორიული წარმოდგენისთვის, თუ დასაქმების ზოგადად მაჩვენებელს თვითდასაქმების მაჩვენებელს გამოვაკლებთ, მივიღებთ დაახლოებით სამოცდაათპროცენტიან უმუშევრობას შრომისუნარიან მოსახლეობას შორის ქვეყანაში. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ასეთნაირად დასაქმების ნიშნული საერთაშორისო მეთოდოლოგიით არ ითვლება.