შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატებს მიმართავს, როდესაც მათთან საგამოძიებო უწყებებს ან პროკურატურას კითხვები აქვს, პოლიტიკური განცხადებები არ გააკეთონ , - ამის შესახებ ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ამით მინისტრი უმცირესობის წევრ გიორგი ღვინიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, როდესაც დეპუტატმა განაცხადა, რომ არაერთხელ უნახავთ მთავარი პროკურორის გამოსვლა, რომელიც აცხადებს, რომ ათი წლის წინანდელ საქმეებს იძიებენ.
"თქვენ ახსენეთ ძველი საქმეები. თქვენ თუ გულისხმობთ ძველ საქმეში რობაქიძის საქმეს, ეს საქმე 4-5 წელი იყო შეჩერებული. პროკურატურამ გთხოვათ მისულიყავით და ჩვენება მიგეცათ. პარალელი მინდა უბრალოდ გავაკეთო. როგორ მოგეწონებოდათ, მე რომ მეთქვა, თქვენ თუ გაქვთ შეკითხვები, მოდით ჩემს სამინისტროში და იქ გაგცემთ პასუხებს. ხომ ვიქნებოდი არაკორექტული. იგივე განცდა აქვს საგამოძიებო ორგანოებს და პროკურატურასაც",-განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ის პატივს სცემს კანონის უზენაესობას და იგივესკენ მოუწოდებს პარლამენტარებსაც. "მოგიწოდებთ, როდესაც გამოძიებას აქვს თქვენს მიმართ შეკითხვები, ან მოწმის სახით დაბარება არის აუცილებელი, არ უნდა იყოს სალაპარაკო. პოლიტიკური განცხადებების გაკეთება აღარ უნდა გახდეს საჭირო, როდესაც ჩვენთან ან პროკურატურაში შეკითხვები არსებობს",-აღნიშნა მინისტრმა და უმცირესობას ჰკითხა, რატომ არ მიდიან საგამოძიებო უწყებებში.
ამის საპასუხოდ, უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მინისტრის მიერ მოყვანილი მაგალითი არ არის კარგი მაგალითი. "თქვენი აქ არ მოსვლა ნამდვილად სხვაა და დეპუტატის დაკითხვაზე არ მისვლა - სხვა. დეპუტატი არის ის თანამდებობის პირი, რომელსაც კონსტიტუციით აქვს იმუნიტეტი საგამოძიებო მოქმედების დროს. თუ დეპუტატის მიყვანა არის საჭირო, ამისთვის პარალმენტში შედის მოთხოვნა. თუ თქვენ მაინც და მაინც გინდათ რომელიმე დეპუტატი მოვიდეს პროკურტურაში, შემოიტანეთ პარლამენტში ოფიციალური მიმართვა და თუ პლენარული სხდომა გადაწყვეტს, მოვალთ. სხვა შემთხვევაში დეპუტატის მიყვანა არის კანონის დარღვევა",-განაცხადა ბაქრაძემ.
ამ პასუხის მოსმენის შემდეგ შს მინისტრმა აღნიშნა, რომ პასუხი მიღებულია. "ასეთი მკაფიო და დეტალური განმარტება თქვენგან არასდროს მომხდარა და ამიტომ გაჩნდა შეკითხვები", - დასძინა ღარიბაშვილმა.