ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტების რეგისტრაციის პროცესის დაწყება პირველი აპრილიდან იგეგმება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, რეგისტრაციის დაწყებამდე გამოქვეყნდება ცნობარი, რომლითაც მონაწილეებმა არჩევანის გაკეთებისას უნდა იხელმძღვანელონ. 2013 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციას აპლიკანტები ელექტრონულად, გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge) გაივლიან.
"ცენტრი არწმუნებს ყველა აბიტურიენტს, რომ მათ საკმარისი დრო ექნებათ რეგისტრაციისათვის, რაც, გარდა პირადი ინფორმაციისა, ჩასაბარებელი გამოცდების მითითებას, აგრეთვე საგამოცდო ქალაქისა და გამოცდის ენის არჩევას ითვალისწინებს. რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამებს, 2013 წლიდან ჩამონათვალში ცვლილების შეტანა კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში (სააპელაციო განაცხადების განხილვამდე) იქნება შესაძლებელი", _ აცხადებენ ცენტრში.
ამასთან, ცენტრი ინფორმაციას პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის რეგისტრაციის შესახებაც ავრცელებს. განმარტავენ, რომ ეს პროცესი 28 თებერვალს დასრულდა. სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობის სურვილი წელს 25 ათასზე მეტმა აპლიკანტმა გამოთქვა.