შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის წინააღმდეგია და ამ პოზიციის დაცვას მტკიცედ აპირებს, მათ შორის პარლამენტშიც.
უმცირესობასთან შეხვედრისას ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზაციის ინიციატივას არ ეთანხმება და ამ მიმართულებით ყველაფერი უნდა დარჩეს ისე, როგორც მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს.
მისივე თქმით, ნარკოტიკების უკანონოდ გავრცელება-მოხმარების თვალსაზრისით, პრობლემატურ საკითხს ნარკოტიკული საშუალებების კუსტარული წესით დამზადება და მოხმარება წარმოადგენს, რაც შედეგად სწრაფად გარდაცვალებას იწვევს. როგორც ღარიბაშვილმა უმცირესობასთან შეხვედრისას აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარეობს კონსულტაციები, რათა 400-მდე პრეპარატის იდენტიფიცირება მოხდეს, რომელიც ნარკოტიკს შეიცავს და რომელთა გაცემაც რეცეპტის წარდგენის გარეშე არ მოხდება. "სხვა მხრივ, ნარკოტიკი საქართველოში არ შემოდის", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინილიზაციის ინიციატივით პარლამენტში დეპუტატი კობა დავითაშვილი გამოვიდა. მის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ახლებურად ყალიბდება უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით განსაზღვრის პრინციპი. ხორციელდება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინილიზაცია და ეს ქმედება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება არ იქნება. ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის სახელმწიფო მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით შემოიფარგლება, რომელთა მიმართებაშიც კობა დავითაშვილის ინიციატივის თანახმად, სანქციები იზრდება. კერძოდ, ნარკოტიკული საშუალების მოხმარება პირველ ჯერზე ადმინისტრაციული წესით 300 ლარის ოდენობის ჯარიმით დასჯადი ქმედება იქნება, განმეორების შემთხვევაში 600 ლარის, ხოლო კიდევ უფრო მეტჯერ განმეორების შემთხვევაში - 3 500 ლარის ან ადმინისტრაციული პატიმრობის 60 დღემდე ვადით.
ამასთან, დავითაშვილი პარლამენტს სთავაზობს, ჯარიმის გადახდისას ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს გათავისუფლების შესაძლებლობა მიეცეს, თუკი თანახმა იქნება, გადახდილი ჯარიმის თანხით სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებაში განაგრძოს მკურნალობა.