საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციის წევრს, მარიამ საჯაიას პოლიციისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.
მარიამ საჯაიამ ღარიბაშვილთან შეხვედრაზე იმ გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ეკა ბესელიას ვაჟს უკავშირდება. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაციით, ეკა ბესელიას ვაჟმა პიროვნება დაჭრა, ადგილზე პოლიციაც იყო მისული, თუმცა საქმე არ აღიძრა.
იგი დაინტერესდა, რატომ არ ინტერესდება ამ ფაქტით პოლიცია, რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ იგი დაინტერესდა კიდეც და შესწავლილიც აქვს ეს ფაქტი.
"გამოძიებული გაქვთ თქვენი პირადი ჯიბის პოლიციით, თუ როგორ?", - მიმართა საჯაიამ მინისტრს.
ამის საპასუხოდ შს მინისტრმა ოპოზიციონერ დეპუტატს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს შეურაცხყოფაა.
"პოლიციელებს უნდა მოუხადოთ ბოდიში. ჯიბის პოლიცია ძალიან მძიმე შეფასებაა. ჯიბის პოლიცია და ეს ტერმინები წარსულს უკავშირდება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ბესელიას ვაჟის ფაქტთან დაკავშირებით კი მან აღნიშნა, რომ ბესელიას შვილის მიერ ვინმეს დაჭრის ფაქტი არ დადასტურა.