იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის იურიდიული სამსახურიდან სამი თანამშრომელი გათავისუფლდა, - ამის შესახებ დღეს განცხადება იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე დავით ჯანდიერმა გააკეთა.
მისივე თქმით, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ მუხრან ბურჭულაძე, იმედო არჯევანიძე და მანანა ნატროშვილი.
"მუხრან ბურჭულაძეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პირადად გაუგზავნა გაფრთხილების წერილი, შეეწყვიტა საჯარო რეესტრის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება, გამოეჩინა მისი თანამდებობისთვის აუცილებელი თავშეკავება და კორექტულობა; აღარ დაეცინა საჯაროდ საკუთარი თანამშრომლებისთვის და გაეთავისებინა, რომ მის პროფესიულ მოვალეობებს შორის ერთ-ერთი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა იყო", - განაცხადა ჯანდიერმა.
მისივე თქმით, იუსტიციის მინისტრი მიიჩნევს, რომ მის გამგებლობაში შემავალი ყველა სფეროს მუშაკი, არა ერთი რომელიმე პოლიტიკური მიმდინარეობის, არამედ ხალხის სამსახურში უნდა იდგეს.
ჯანდიერის ინფორმაციით, მურმან ბურჭულაძემ ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინა და მას შიდა კონტროლის სამსახურმა დისციპლინური სახდელი დააკისრა.
"რაც შეეხება ამავე სამსახურის ორ სხვა თანამშრომელს, მანანა ნატროშვილსა და იმედო არჯევანიძეს, მათთან მიმართებაში საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობას აქვს იგივე პრეტენზიები და მიიჩნევს, რომ ისინი არასათანადოდ ასრულებენ საკუთარ მოვალეობებს", - განაცხადა ჯანდიერმა.
მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, შიდა კონტროლის სამსახურმა მანანა ნატროშვილსაც დააკისრა დისციპლინური სახდელი.
"თუმცა, დღეს დილით იუსტიციის მინისტრი არ დაეთანხმა ამ ორი თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას, მომცა ინსტრუქცი,ა ეს პროცესი შემეჩერებინა და მათთვის გამოსაცდელი პერიოდი მიმეცა. გამომდინარე იქიდან, რომ სამი თანამშრომელი საჯარო რეესტრის მუშაობის პარალიზებას შეეცადა და თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდებდა, იუსტიციის მინისტრმა აზრი შეიცვალა და ეს ორი თანამშრომელიც ამ წუთიდან გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან", - აღნიშნა ჯანდიერმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, საჯარო რეესტრის იურიდიული სამსახური აგრძელებს მუშაობას და მოქალაქეების მომსახურებას საფრთხე არ ემუქრება.
"მიმდინარე საკადრო ცვლილებები სწორედ იქითკენ არის მიმართული, რომ წლების მანძილზე საჯარო რეესტრის იურიდიული სამსახურის მოქალაქებიისადმი აგდებული დამოკიდებულება შეიცვალოს და ის მხოლოდ და მხოლოდ მოქალაქის ინტერესისა და საჭიროების დაკმაყოფილებაზე იყოს ორიენტირებული", - განაცხადა ჯანდიერმა.
ამასთან, გათავისუფლებულ თანამშრომლებს დღეს პრესკონფერენცია უნდა გაემართათ, თუმცა "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, პრესკონფერენციაზე მხოლოდ ერთი - მიხრან ბურჭულაძე მივიდა.