ალბათ, შესასწავლია პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ხომ არ ჰქონდა ადგილი რომელიმე ადამიანის მხრიდან თანხის აღებას. ამის შესახებ უმცირესობასთან შეხვედრისას შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ამასთან დაკავშირებით კი მას საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით საყვარელიძემ ჰკითხა. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ნანა კაკაბაძე პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით აქტიურად იყო მოლაპარაკებებში ჩართული და არსებობს სერიოზული ეჭვები და ვარაუდები, რომ მოლაპარაკებების დროს ფულის აღებაზე იყო საუბარი.
იგი დაინტერესდა, ხომ არ არის ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება დასაწყები, რათა ერთხელ და სამუდამოდ ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს.
ამასთან დაკავშირებით კი, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქმის შესწავლა ურიგო არ იქნებოდა.
"რაც შეეხება იმას, ხომ არ ჰქონდა ადგილი რომელიმე ადამიანის მხრიდან თანხის აღებას, ალბათ, შესასწავლია. ურიგო არ იქნებოდა. პიროვნებებს მნიშვნელობა არ აქვს. საკითხი არის სენსიტიური და მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ის ოთხი თუ ხუთი პიროვნება, რომელთა მიმართაც ჩვენ გვქონდა შეკითხვები და გვაქვს, რა თქმა უნდა, კონტროლის გარეშე არ იქნებიან", - აღნიშნა შს მინისტრმა.