ვანუატუს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს, რომ ქვეყანამ დიპლომატიური კავშირები დაამყარა აფხაზეთთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრალიური პრესა ავრცელებს.
ამასთან ერთად, იგივე პრესა წერს, რომ ვანუატუს მთავრობას საქართველოსთან დიპლომატიური კავშირების დამყარება სურს.
2011 წელს, ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრმა ალფრედ კარლოტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებდა. მოგვიანებით მან ეს ჯერ უარყო, მერე კი კვლავ დაადასტურა. ახლა კი, კარლოტის განცხადებით, ვანუატუს და აფხაზეთს შორის დიპლომატიური კავშირები არ არსებობს, მის ქვეყანას კი სურს საქართველოსთან დაახლოებისკენ გადადგას ნაბიჯები.
"აფხაზეთის საკითხი გაურკვევლობასთან იყო დაკავშირებული. თავის დროზე, მთავრობის წევრებმა მხოლოდ წერილი გააგზავნეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ განიხილებოდა აფხაზეთთან ფორმალური ურთიერთობების დაწყების საკითხი. ამჟამად ეს საკითხი აღარ განიხილება", -აცხადებს საგარეო საქმეთა ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯონი კუანაპო.