ლუკა კურტანიძე პოლიციის აკადემიაში კურირებს სპორტს და ის არ არის პოლიციელი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობას დღევანდელ შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, კურტანიძის განცხადებას ოპონენტების მიმართ არ იზიარებს.
"კურტანიძე უყურებს სპორტს. კურტანიძე არ არის პოლიციელი. კურტანიძეს აქვს თავისი პოლიტიკური შეხედულებები და მე არ ვიზიარებ მის შეხედულებას და მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან მძიმე განცხადება" , - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, კურტანიძე მაშინდელმა პოლიციამ 26 მაისს დასაჯა და დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვინც 26 მაისის მოვლენებში დანაშაული მიუძღვის.
ამასთან, ღარიბაშვილის განმარტებით, ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარ ინციდენტს, პროკურატურა იძიებს.
საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან დღევანდელ შეხვედრაზე გაკეთდა განცხადებები, რომ ლუკა კურტანიძე არის ფაშისტური განცხადებების ავტორი და ის პოლიციის აკადემიის პრორექტორის თანამდებობაზე არ უნდა მუშაობდეს.