შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას დისკომფორტს არ უქმნის ის ფაქტი, რომ სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი მისი ნათესავია. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში უმცირესობასთან შეხვედრაზე განაცხადა, როდესაც გიორგი გაბაშვილის რეპლიკას გამოეხმაურა. მისი თქმით, ამაში არც ინტერესთა კონფლიქტი არ არის.
"არავითარი დარღვევა ამაში არ არის. მე ამის გამო დისკომფორტი და უხერხულობა არ მაქვს. მე ის არ შემირჩევია იმის გამო, რომ არის ჩემი ნათესავი. შევარჩიე იმიტომ, რომ არის ძალიან კარგი მეჯენერი და ძალიან კარგად ასრულებს საქმეს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
უმცირესობის წევრმა, გიორგი გაბაშვილმა კი განაცხადა, რომ შს მინისტრის მიერ წაკითხული სია, სადაც საუბარია ოპოზიციის წევრების დასაქმებულ ნათესავებზე, სკანდალური არ არის. " ბატონო ირაკლი, ნუთუ მართლა ვერ ხვდებით, რომ თქვენი ნათესავი გენერალურ ინსპექციაში სხვა რამეა და ის, რომ რომელიმე ოპოზიციონერის ნათესავი სადმე მუშაობს, ეს სკანდალური ინფორმაციის შემცველი არ არის. თქვენი ნათესავი გენერალური ინსპექციის უფროსად სულ სხვა რამეა",-განაცხადა გაბაშვილმა.
მისივე თქმით, არასწორია ღარიბაშვილის მიერ წაკითხული ინფორმაცია, თითქოს აკაკი მინაშვილის და შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს, ხოლო თინა ბურჯალიანს და საერთოდ არ ჰყავს, რომელზეც ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ისიც მის უწყებაშია დასაქმებული. უმცირესობის წევრმა მინისტრს მოუწოდა, როდესაც ასეთ სიას მიაწოდებენ, გადაამოწმებინოს ვინმეს.