მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ღიად განაცხადა, რომ აპირებს შექმნას ოპოზიციური პოლიტიკური ერთობა, გაიმარჯვოს არჩევნებში და შეცვალოს ამჟამინდელი ხელისუფლება, სახელისუფლო პროპაგანდა ნამდვილმა ისტერიამ მოიცვა. პირველი განცხადებიდან სულ რამდენიმე საათი იყო გასული, რომ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში უკვე გადაიცა მოზრდილი სიუჟეტი თემაზე “რუსი მოდის, რუსი მოდის!” ოდესღაც ცნობილი ქველმოქმედი და “ნახევარი საქართველოს მამა” (ნანუკა ჟორჟოლიანი) უმალ შეირაცხა “პუტინის პროექტად”. ტელეიმედს არც სხვა მედია-საშუალებები ჩამორჩნენ: თვალის დახამხამებაში ბიძინა გახდა ბორისი, ივანიშვილი - ივანაშვილი, ის ხან ზებრაზე შესვეს, ხან ოკულტისტად გამოაცხადეს. ხოლო პუტინის უკანასკნელი იმედი რომაა, ამის დადასტურებას, ლამის მასვე თხოვდნენ პრესკონფერენციაზე.
რამოდენიმე ფრაგმენტი ამ თემისადმი მიძღვნილი პუბლიკაციებიდან:
“პროჭორვილელ ბიძინა ივანიშვილის „ქერის ორმოსთან“ ქართველ ოპოზიციონერთა გრძელი რიგი დადგა. ოლიგარქის თბილისის ჰარი პოტერის სასახლესა და ჭორვილას საიდუმლო ლაბორატორიის ირგვლივ, მალე ალბათ კარვების ქალაქები გაჩნდება.”
ბიძინა ივანიშვილთან ერთად შემოვიდა ფულის რელიგია. მან უკვე იყიდა უპირობო წინამძღოლის პოზიცია, რამდენიმე პარტია, ვაჭრობს ტელევიზიებზე და, საბოლოოდ, სურს ხელისუფლებაც შეიძინოს.
ეს დაჯგუფება ექსტაზშია შესული და მესიის ყოველი ამოსუნთქვით მოხიბლული, რაღაცა გრანდიოზულს და ზოგადსაკაცობრიოს ელოდება. ლამის მახვილმომარჯვებული, სამების ტაძართან დადარაჯებული „არმია“ კი, „ბიძინას აშენებულ ეკლესიაში“ პოლიტიკურ ოპონენტებს შესვლას უკრძალავს.
“ბატონი ბიძინა, როგორც მესია, შედგა – ამას მის მიერ გაცოცხლებული პოლიტიკური გვამების რიცხვი მოწმობს.”
შეიძლებოდა გაცილებით მეტი მარგალიტის მოძიება, მაგრამ ვგონებ ესეც საკმარისია. პუბლიკაციათა სათაურებიც ერთ რამედ ღირს: “ბიძინა ივანიშვილი და აგრესიული მრევლი”, “ ბიძინა ივანიშვილი - "ძროხა", რომელსაც წველიან”, “წმინდა ბიძინა და მისი მოციქულები”...
რაც მთავარია აქ პრაქტიკულად შეუძლებელია ერთმანეთისგან განასხვავო ვთქვათ აშკარად ტაბლოიდური “პრესა.გე” და სოლიდურობაზე პრეტენზიის მქონე “ტაბულა”. მთელი სახელისუფლო პროპაგანდა, მინისტრებისა და დეპუტატების ჩათვლით ერთხმად ალაპარაკდა ე. წ. ყვითელი პრესის ენით, და უკვე ვეღარ გაიგებ ვისი სიუჟეტი ვის ტელეეთერშია, ან სად მთავრდება გოგა ხაჩიძე და სად იწყება შოთა მალაშხია ...
ჩვენ როგორღაც მივეჩვიეთ ამგვარ ვითარებას და ისე სასხვათაშორისოდ მოვიხსენიებთ ხოლმე სახელისუფლო პროპაგანდას, როგორც ბანალურ ფაქტს. არადა ეს ყვითელი ჟურნალისტიკა, იმედის და რუსთავი-2-ის სიუჟეტები, ეს მკითხავებში მოსიარულე რეალ.ტვ. პრესა.გე, დრონი.გე და მსგავსი სააგენტოები, ეს ისტერიულ-ღვარძლიანი რიტორიკა, ვიღაც მოხალისეების თვითშემოქმედება ხომ არ არის? ეს ყველაფერი დაფინანსებული და ორგანიზებულია უშუალოდ სახელმწიფოს, კერძოდ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. ამის პარალელურად კი სახელმწიფო თავს ესხმის ბანკი “ქართუს” საინკასაციო ავტომანქანას, აპატიმრებს მოლარეებსა და ინკასატორებს, აიძულებს სხვადასხვა უწყებებსა და ორგანიზაციებს, უარი თქვან ამ ბანკის მომსახურებაზე, აჩერებს საბაჟოზე რაგბის სტადიონებისა და სამედიცინო ცენტრისთვის გამოგზავნილ ტვირთს, სამსახურიდან გაგდებითა და დაპატიმრებით ემუქრება მათ, ვინც ღიად დააფიქსირებს ივანიშვილისადმი მხარდაჭერას..
ეს ყველაფერი ცნობილია და ყველაფერ ამას ისე აღვიქვამთ, როგორც ჩვეულებრივ ამბავს. თითქოს სახელმწიფოს ამდაგვარ ქმედებებში უჩვეულო არაფერია, თითქოს ეს ნორმალურია - ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არა, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.
არ ვიცი, შეიძლება ეს მართლაც ნორმალურია და მე ვარ არანორმალური, მაგრამ მაინც მგონია, რომ არანორმალური სწორედ ყველაფერ ამის ნორმალურად ჩათვლაა.
და როცა ადამიანები, იმ ქვეყნის მოქალაქეები, სადაც ეს ყველაფერი ხდება, სერიოზულად თვლიან, რომ ამის ჩამდენ ხელისუფლებას ლიბერალიზმისა და დემოკრატიის დამკვიდრება სურს და დასავლეთში ინტეგრაციისკენ ისწრაფვის, ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა.
მე პრეტენზია არა მაქვს იმ ხალხთან, ვისაც დიქტატურა და რკინის წესრიგი უნდა. ვისთვისაც ადამიანის უფლებები, სამართლის უზენაესობა, თავისუფალი მედია, ხელისუფლების ანგარიშვალდებულება და სხვა ლიბერალური ზიზილ-პიპილები ფეხებზე ჰკიდია და ტრასაზე დაგებული ასფალტი ურჩევნია.
მაგრამ არაფრის დიდებით არ მესმის, რანაირად შეიძლება ადამიანს, რომელსაც თავი ლიბერალური ღირებულებების მხარდამჭერად მოაქვს, ეს ყველაფერი მეორეხარისხოვნად მიაჩნდეს სააკაშვილის გუნდის ხელისუფლებაში დარჩენასთან შედარებით. უკვე რვა წელიწადზე მეტია, ამ ხელისუფლების მმართველობას უყურებენ. საინტერესოა, ამისთანას რას ელიან სააკაშვილისგან, რომ ფართოდ დახუჭული თვალებით შეჰყურებენ ყველა იმ უმსგავსოებას, რასაც ამჟამინდელი პრეზიდენტი და მისი გუნდი ლამის ყოველდღიურად გვთავაზობს?
ვერ ვიტყვი, რომ ასეთი ხალხი ბევრია, მაგრამ არც ისე ცოტაა, ყურადღებას რომ არ იმსახურებდნენ.
გასაგებია კონფორმიზმიც, მატერიალური თუ სხვა რამ პრივილეგიების დაკარგვის შიშიც (რამდენი უნიჭო და უმეცარია დღეს “წარმატებული” მარტოოდენ იმის ხარჯზე, რომ ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერია!), მაგრამ ხომ არიან მათ შორის ისეთებიც, ვინც ალალად გულშემატკივრობს დღეს სააკაშვილს და რომ ჰკითხო, დალაგებულად ვერც აგიხსნის - რატომ. მხოლოდ ათასჯერ გადაღეჭილ კლიშეებს გაიმეორებს - არ მოსწონს ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ არ უნდა ბნელ წარსულში დაბრუნება, არ უნდა ქურდები, კორუფცია, შოვინიზმი და რელიგიური ფანატიზმი. და ამას ისე გეტყვის, თითქოს შენ გინდოდეს და დღე და ღამე ამაზე ოცნებობდე.
ისე, საინტერესოა, რაში შენიშნეს ბიძინა ივანიშვილს ან კორუმპირებულობა, ან ფანატიზმი, ან კრიმინალური მიდრეკილებები? საქმეც ისაა რომ არც არაფერში! მაგრამ მაინც მიშა ურჩევნიათ, თუნდაც სრულიად გაყვითლებული სახით - არავითარი მნიშვნელობა არა აქვს რა სისულელეებს ილაპარაკებს ყველა თავის გამოსვლაში, რამდენჯერ მოიტყუება, რამდენ აუშენებელს გამოაცხადებს აშენებულად, რამდენ მარცხს წარმატებად, რამდენ კიჩს ხელოვნების მაღალ ნიმუშად. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს რას დაწერენ მის ჟურნალებში, რას უჩვენებენ მისი ტელევიზიები, ვის დაიჭერენ და ვის მოხსნიან. მას ყველაფერი ეპატიება, იმიტომ რომ... არ ვიცი რატომ. რაციონალური ლოგიკა აქ უძლურია. აშკარად რაღაც ირაციონალურთან, არაცნობიერში ჩამარხულ ტრავმებთან და კომპლექსებთან გვაქვს საქმე. არა, ჩუმად რომ იყვნენ კიდევ ჰო, მაგრამ აქეთ რომ გედავებიან პატრიოტულ-მორალური თუ მოსვეცკო-მოინტელექტუალურო ტრიბუნებიდან?!
ვიღაცეებს ძალიან არ მოეწონათ ბიძინა ივანიშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ “შუა უნდა გაიკაფოს”, რომ უნდა მოხდეს პოლარიზაცია ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის... იყო საყვედურები, რომ ეს ავტორიტარული სულისკვეთების გამოვლინებაა, “ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია” და ა.შ. არადა, სინამდვილეში, პოლარიზაცია სხვა არაფერია, თუ არა რეალურად არსებული ვითარების გაცნობიერება.
პოლარიზაციაა, აბა რა არის, როცა ამ ქვეყანაში ყოველგვარი აზრი დაკარგა პოლიტიკურ თემებზე დისკუსიამ. დღეს კამათში ჭეშმარიტება არ იბადება. ნებისმიერ დებატებს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუკი რაღაც საბაზისო ღირებულებებზე მაინცაა თანხმობა, მაგრამ როგორ გინდა ეკამათო ადამიანს, რომელიც თვლის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთი დამარცხდა, ქართული სასამართლოს ნდობა იზრდება და მადლობას უხდის საჯარო რეესტრს ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გამო? როგორ ველაპარაკო და რა უნდა ავუხსნა იმას, ვინც მშვენივრად იცის, რომ 26 მაისს ადამიანი მოკლეს, მეტროს სახურავზე დააგდეს და ოფიციალურად გამოგვიცხადეს დენმა დაარტყაო, მაგრამ არათუ არ არის ამით აღშფოთებული, იმდენს ბედავს, რომ აქეთ გედავება.
მინდა სწორად გამიგოთ: მე არ ვარ რევანშისტი. თუკი რაიმეს კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, პირველ ყოვლისა - პოლიტიკური სიმპატიის მიხედვით ადამიანების მტრებად და მეგობრებად დაყოფისა, თუკი რაიმეა ჩემთვის მიუღებელი, ეს სხვაგვარად მოაზროვნეთა გარიყვა და “ჩარეცხვა“ (ბუნებრივია, ფაშისტებს და მანიაკებს არ ვგულისხმობ) მე მინდა ვცხოვრობდე ისეთ ქვეყანაში, სადაც ყველაზე მარგინალურ ჯგუფების წარმომადგენლებსაც ექნებათ სამოქმედო ასპარეზი და ეს არ იქნება აღქმული, როგორც “ქართველობის დაკარგვის” საფრთხე, მაგრამ ასეთი პერსპექტივა არ გვექნება, თუ თავი არ დავაღწიეთ იმ წუმპეს, რომელშიაც დღეს ყველანი ერთად ვისვრებით, თუ ვერ მოვახერხეთ ამ ნაადრევად დაბერებულ და გახისტებულ ყმაწვილთა მმართველობისგან თავის დაღწევა. მათემატიკის ენაზე რომ ვთქვათ ეს წინსვლისთვის არასაკმარისი, მაგრამ აუცილებელი პირობაა.
ამას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ კარგად გავაცნობიერებთ: ვერანაირი დიალოგი, ვერანაირი აზრთა შეჯერება ამ ხელისუფლების მომხრეებთან ვერ შედგება. თუკი ჩვენ შევეცდებით მათ გავუგოთ, ისინი არასდროს შეეცდებიან ჩვენს გაგებას (ეს ხომ საკუთარი უზნეობის აღიარების ტოლფასი იქნება), თუკი ჩვენ რამეს დავუთმობთ, ისინი არაფერს დაგვითმობენ, თუკი რამეში დავეთანხმებით, ისინი არაფერში დაგვეთანხმებიან. უფრო მეტიც - ისინი არც მაშინ დაგვინდობენ, თუკი ხელისუფლების ზონდერები და სპეცრაზმელები რომელიმე ჩვენგანს ცემაში სულს ამოხდიან, დიდი-დიდი თქვან, გამოძიებამ და სასამართლომ დაადგინოს მტყუან-მართალიო.
და არც მათ ნამუსზე შეგდებას, კრიტიკას თუ ლანძღვას აქვს რაიმე აზრი. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ისინიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და მათაც უნდა იცხოვრონ იმ საქართველოში, სადაც (ღრმად ვარ ამაში დარწმუნებული!) სააკაშვილის მმართველობის პერიოდი ერთ დიდ სამარცხვინო ლაქად შემორჩება ისტორიას. ამიტომ ყველაზე სწორი მათი სრული იგნორირება მგონია. თუკი მათ აქამდე ვერ დაინახეს რა უბედურებასთან აქვთ საქმე ამ ხელისუფლების სახით, ვერც მის ამჟამინდელ, ყვითელ სახეს დაინახავენ.
მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა უკვე კარგა ხანია “შუა გაკაფა.” ისინი კარგა ხანია გაცდნენ იმ ზღვარს, როდესაც ელემენტარული მორალი და კეთილგონიერება არ უნდა გაძლევდეს მისი მხარდაჭერის უფლებას, თუ, რა თქმა უნდა კლინიკური შემთხვევა არა ხარ. და რახან მაინც არიან ასეთები, ეს ნიშნავს რომ მათ თვითონ გაავლეს წყალგამყოფი, თავად მოახდინეს პოლარიზაცია და რაც მალე გავაცნობიერებთ ამ რეალობას ყველა, ვინც დღევანდელ ხელისუფლებით არა ვართ აღფრთოვანებული, მით უკეთესი ჩვენთვის.
დავანებოთ მათ თავი, დავტოვოთ ისინი თავიანთ ილუზიებსა და გაუკუღმართებულ წარმოდგენებთან. ერთადერთი, რასაც მათი პოზიცია ეფუძნება, არის მხოლოდ ამ ხელისუფლების მარადიულობის განცდა. ამიტომ უბრალოდ დავანახოთ მათ, რომ ყველა ხელისუფლება წარმავალია, რომ დრონი მეფობენ და არა მეფენი და ცვლილებების ჟამიც ახლოა. ერთადერთი, რამაც შეიძლება გარდატეხა შეიტანოს მრავალი მათგანის დამოკიდებულებაში, არის არა მორალის კითხვა, არამედ საპროტესტო განწყობის კონსოლიდაცია. იმ ფაქტის თვალსაჩინოდ წარმოჩენა, რომ ისინი ძალიან ცოტანი არიან, ჩვენ კი ძალიან ბევრნი ვართ.
შეიძლება, ცოტა ცინიკურად ჟღერს, მაგრამ ნამდვილად ასეა.