უკანასკნელი წლების განმავლობაში არცერთხელ არ ქონია ადგილი შემთხვევას, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მისულიყოს პარლამენტში ოპოზიციური ფრაქციის კითხვებზე პასუხის გასაცემად , - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო წლების განმავლობაში დახურული სისტემა იყო და პოლიტიკური დიქტატის ქვეშ იმყოფებოდა.
როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, მისი ურყევი ნებაა, რომ სამინისტრო გახდეს გამჭვირვალე, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული იყოს და ხალხს ემსახურებოდეს.
"მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო პატივისცემა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - პარლამენტის მიმართ. მიმაჩნია, რომ კონტროლი და ჯანსაღი კრიტიკა არის უმნიშვნელოვანესი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი შეხვედრა საფუძველს ჩაუყრის პარლამენტსა და სამინისტროს შორის ურთიერთობის ახალ დასავლურ ტრადიციას.
ამასთან, შეხვედრაზე მან შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრა და 4 თვის მუშაობის შედეგები შეაჯამა.