საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტის განხილვა უმცირესობის გარეშე მიმდინარეობს.
უმცირესობის წევრები იურიდიული კომიტეტის სხდომას მხოლოდ დასაწყისში, დაზვერვისა და კონტრდაზვერვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას ესწრებოდნენ, თუმცა დარბაზი ამ საკითხის განხილვის დასრულებამდე დატოვეს. მიზეზებზე მათ ჟურნალისტებთან არ უსაუბრიათ.
რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, მომხსენებელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, რომელმაც დეპუტატებს თავდაპირველად წარდგენილი კანონპროექტის უკვე სახეშეცვლილი ვარიანტი წარუდგინა.
ცვლილებები აისახა ინიცირებული პროექტის პირვანდელ რედაქციაში. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ საკონსტიტუციო ნორმა, რომელიც პრეზიდენტს ახლად არჩეული პარლამენტის პირველი ექვსი თვის, ხოლო საკუთარი უფლებამოსილების ამოწურვამდე ბოლო ექვის თვის განმავლობაში დათხოვნას უკრძალავს, კონსტიტუციაში დარჩეს. შესაბამისად, კონსტიტუციიდან 51/1-ე მუხლის ორი ქვეპუნქტის ამოღება, რასაც თავდაპირველად ინიცირებული პროექტი ითვალისწინებდა, აღარ მოხდება.
რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ მთავრობის დათხოვნის საკითხს - მოქმედი საკონსტიტუციო ნორმის თანახმად, თუ მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ზედიზედ სამჯერ პარლამენტის ნდობას ვერ მიიღებს, პრეზიდენტი ხუთი დღის ვადაში პრემიერ-მინისტრის ახალ კანდიდატურას წამოაყენებს ან პარლამენტის თანხმობის გარეშე პრემიერ-მინისტრს ნიშნავს, ხოლო პრემიერ-მინისტრი, ასევე ხუთი დღის ვადაში, პრეზიდენტის თანხმობით მინისტრებს დანიშნავს. ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.
პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების პროექტის თანახმად კი, თუ მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ზედიზედ სამჯერ პარლამენტის ნდობას ვერ მიიღებს, პრეზიდენტი სამი დღის ვადაში პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს. მთავრობის საქმიანობას კი, ახალი შემადგენლობის შექმნამდე ძველი სამთავრობო გუნდი გააგრძელებს.
სავარაუდოდ, გარკვეული კორექტივები პროექტის ამ ნაწილშიც შევა. როგორც იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, კონსტიტუციაში კიდევ უფრო მკაფიოდ ჩაიწერება, თუ რა ხდება მას შემდეგ, როცა პრეზიდენტი მთავრობას გადააყენებს, ან თუ მთავრობა საკუთარი გადაწყვეტილებით გადადგება.
"კონსტიტუციაში ნათლად ჩაიწერება, რომ ამის შემდეგ მთავრობის ძველ შემადგენლობას, ანუ მას, რომელსაც პრეზიდენტი გადააყენებს თუ თავად გადადგება, მთავრობის მოვალეობის შესრულება დაეკისრება. სწორედ ეს მთავრობა გააგრძელებს საქმიანობას მანამდე, სანამ არ შეიქმნება ახალი - პარლამენტის ნდობით აღჭურვილი მთავრობა", - განმარტავს ვახტანგ ხმალაძე.