"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ახალქალაქის საკრებულოში სომხური ენის სახელმწიფო ენად გამოცხადების საკითხის დაყენებას "ქართული ოცნების" ლობირების შედეგად მიიჩნევს. როგორც მერაბიშვილმა პარტიის ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში სწორედ "ქართული ოცნებაში" შემავალი პარტიების ინიციატივით დადგა.
"ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების ინიციატივით დადგა დღის წესრიგში სომხურ ენასთან დაკავშირებული საკითხი, რადგან ცენტრალურმა ხელისუფლებამ მოთხოვა ახალქალაქის გამგეობას შესაბამისი დადგენილების მიღება. ეს დადგენილება მიღებულია და გამოჩნდა, რომ საკრებულოს ვერც ერთმა წევრმა ვერ მისცა ხმა მის წინააღმდეგ. ეს იმის გამოა, რომ საკრებულოში ჩვენი წევრების უმრავლესობა გადაიბირა "ქართულმა ოცნებამ" – გამგებელი "ქართული ოცნების" წევრია, საკრებულოს თავმჯდომარე "ქართული ოცნების" წევრია და ა.შ. ფაქტია, რომ ახალქალაქში სიტუაციას აკონტროლებს ახალი ხელისუფლება", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
მისივე აზრით, ახალქალაქში "ოდნავ შეცვლილი სიტუაციაა". ოდნავ შეცვლილმა სიტუაციამ კი შესაძლოა, ჯავახეთში არსებულ სტაბილურობას საფრთხე შექმნას.
"ახალქალაქში უახლოესი ისტორიის განმავლობაში არასდროს ყოფილა ქართული სახელმწიფო ისეთი ძლიერი, როგორიც ბოლო წლების განმავლობაში. სამწუხაროა, რომ დღეს სიტუაცია იქ ოდნავ შეიცვალა და სიტუაციის დაძაბვის პირველი ნიშნები გაჩნდა. იმედია, ეს აღარ გაგრძელდება და ახალ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, აღნიშნული არ დაუშვას", - განაცხადა მერაბიშვილმა, რომლის განმარტებითაც, ყველაფერზე, რაც დღეს ჯავახეთში ხდება, პასუხისმგებლობა უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება.
"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი მზად არის, ხელისუფლების ნებისმიერ წარმომადგენელს შეხვდეს და საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს.
"მინდა, შევთავაზო ხელისუფლებას გამოიყენოს ჩვენი გამოცდილება. მე მზად ვარ, შევხდე სახელმწიფოს ნებისმიერ წარმომადგენელს, მივცე მათ რჩევა, გავაცნო ჩემი პირადი გამოცდილება. არ ვიცი, ვინ მუშაობს მთავრობაში ჯავახეთის თემაზე, მაგრამ ჩვენს მთავრობაში იქ სტაბილურობაზე პასუხისმგებელი პირი ვიყავი პირადად მე და ჩემი დროის 20-30%-ს ვუთმობდი ამ რეგიონის საკითხებს", - დასძინა მერაბიშვილმა.