არასამთავრობო ორგანიზაციები აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების საკითხს ამ დრომდე სწავლობენ.
როგორც განათლების მინისტრთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს "ახალგაზარდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, კახა კოჟორიძემ განუცხადა, საია-ს ამ საკითხზე პოზიცია არ აქვს, რადგან ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება ჯერჯერობით დოკუმენტურად არ არსებობს.
"ჩვენ ამ თემაზე კონკრეტულ პოზიციას ვერ გამოვხატავთ, რადგან არ გავცნობივართ ავტორიზაციის გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ გაგვეგო რა სამართლებრივ საფუძვლებს ემყარება აღნიშნული გადაწყვეტილება. საბჭოს გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ ჩვენ იურიდულ შეფასებას გავაკეთებთ, თუმცა იმ შემთხვევაში თუ საბჭოს გადაწყვეტილების გასაჯაროება დაგვიანდა, საზოგადოება ჩვენ პოზიციას იქამდეც შეიტყობს", - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.
აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლების რამდენიმე პოზიცია საყურადღებოდ მიაჩნია სამართლიანი არჩევნების თავმჯდომარე, ნინო ლომჯარიას. მისი თქმით, აგრარული უნივერისტეტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება არაზუსტ ფაქტობრივ გარემოებებს ეფუძნება, კერძოდ, ლომჯარიას განმარტებით, საუბარია 600 სტუდენტის გარიცხვაზე, რაც უნივერსიტეტის წარმომადგენლების განცხადებით სიმართლეს არ შეესაბამება.
"შესაბამისად, ზოგიერთი ფაქტი საკამათოა, თუმცა ამავდროულად პოზიტიურია მინისტრის მზაობა იმის შესახებ, რომ აგრარულ უნივერსიტეტს უმცირეს ვადებში მიენიჭოს ავტორიზაცია", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის სწრაფად მინიჭებისთვის მზაობას მისასალმებლად მიიჩნევს "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი.
მისი თქმით, ორგანიზაცია აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეწყვეტის საკითხს სწავლობს და პოზიციას ამ თემაზე მოგვიანებით გაავრცელებს.