თამარ ლეფსვერიძე, "ტრიბუნა", "თავისუფალი გაზეთი"
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ექსპერტი მანანა კობახიძე სულ რამდენიმე დღეა დაბრუნდა სტრასბურგიდან, სადაც ის პირადად ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის მიწვევით იმყოფებოდა.
ჰამარბერგთან შეხვედრის დეტალებზე მანანა კობახიძე ჩვენთან ინტერვიუში საუბრობს.
ქალბატონო მანანა, რა მისიით მიგიწვიათ ჰამარბერგმა და რამდენად ნაყოფიერი იყო ეს შეხვედრა?
ეს გახლდათ სამდღიანი შეხვედრა, ძალიან დატვირთული და იქ ჩასულ დელეგაციებს ცალ-ცალკე შეგვხვდნენ ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტისა და დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის საწინააღმდეგო კომიტეტის წარმომადგენლები. ეს იყო ევროსაბჭოს ქვეყნების უფლებადამცველებთან შეხვედრა. შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი იყო თავად უფლებადამცველთა დაცვის მდგომარეობის განხილვა. ვისაუბრეთ საფრთხეებსა და რისკებზე, რომელიც ჩვენს საქმიანობას უკავშირდება. მეორე სესიაზე სახელმწიიფო უწყებებთან ჩვენს თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ.
მოგეხსენებათ, 2012 წლიდან ჰამარბერგს უფლებამოსილება შეუწყდება და მის უფლებამოსილებას ახალი კომისარი ჩაიბარებს. ამიტომ, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დეტალურად მიაწოდოს შემცვლელს ყველა ის ინფორმაცია, რაზეც ძალიან დიდი სამუშაოები აქვს გაწეული.
რაც შეეხება ადამიანის უფლებათა დამცელების მდგომარეობას, მე ყურადღება გავამახვილე საქართველოში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების რაოდენობაზე. სხვათაშორის, თავად იკითხა დაკავებული ქართველი ადვოკატის, მარიამ იველიშვილის ამჟამინდელ მდგომარეობაზე. აქვე გეტყვით, რომ ეს ახალგაზრდა ადვოკატი მის ანგარიშში მოხვდა და ძალიან შეშფოთებულია, რომ ეს ადამიანი დღემდე სასჯელს იხდის და არაფერი შეცვლილა. ხაზი გავუსვი იმას, რომ მართალია ჩვენთან არ კლავენ და აწამებენ ადვოკატებს ისე, როგორც ეს ბელორუსში, აზერბაიჯანში ან რუსეთში ხდება, მაგრამ ის, რომ საათობით უკანონოდ გვაკავებენ კუდის იზოლატორში და ციხეში, კონკრეტული მტკიცებულებების არგამოტანების მიზნით, ეს აბსოლუტურად დაუშვებელია. რაც მთავარია, ამის გამო პასუხი არავის მოეთხოვება.
ეს ჩვენთვის ძალიან სერიოზული პრობლემაა, მაგრამ აბსოლუტურად გაუგებარია ფრანგი და იტალიელი უფლებადამცველისთვის. ისინი თვალებგაფართოებულები გვიყურებდნენ, როცა ამ ამბებს ვყვებოდი.
სხვათაშორის, ამ თემის წამოწევისთვის ევროსაბჭოს წარმომადგენელმა ძალიან დიდი მადლობა გადამიხადა.
მათი შეშფოთება გასაგებია, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიუხედავად უამრავი ასეთი ფაქტისა, საქართველოს ხელისუფლებას ძალიან სერიოზული ლობისტები ჰყავს ევროსაბჭოში.
ნამდვილად ჰყავთ და სერიოზულად მუშაობენ ევრსაბჭოს სტრუქტურებთან. თქვენ წარმოიდგინეთ, არაოფიციალური შეხვედრისას, ევროსტრუქტურის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა პირდაპირ გვითხრა, – არასამთავრობოებმა აქ ძალიან სერიოზულად უნდა იმუშაოთ ობიექტური და სწორი ინფორმაციების მოწოდების მიზნით, იმიტომ რომ ხელისუფლება სერიოზულად მუშაობს თავის პიარზეო.
ჰამარბერგის ბოლო ანგარიში იყო ძალიან მწვავე და კრიტიკული. თუმცა, ამის გამო საქართველოს ხელისუფლება სულაც არ შეწუხებულა.
ხელისუფლებამ გარკვეული პასუხი გასცა ევროკომისარს, რომელსაც ის დეტალურად გაეცნო და პირდაპირ თქვა, რომ ძალიან სამწუხაროა, როცა ხელისუფლება ასეთი თავისმართლების ფორმით ცდილობს სათავისოდ ილაპარაკოს. თომას ჰამარბერგი ძალიან შეწუხებული იყო იმითაც, რომ არაფერი შეცვლილა იმ პირების მიმართ, რომელთა შესახებაც ანგარიშში პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ პოლიტპატიმრები არიან. მოგეხსენებათ, ის პირადადაც შეხვდა რამდენიმე პატიმარს, მათ შორის მერაბ რატიშვილს, რომლის პოლიტიკური მოტივებით დევნა ევროპის ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ფედერაციამაც დაადასტურა თავის დასკვნაში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმაც და ჰამარბერგმაც. მიუხედავად ამისა, არაფერი იცვლება და დასკვნები იწერება დასკვნებისთვის. დიდი ხანია უკვე, ამ ქვეყანაში ასეა. დამოუკიდებელ სასამართლოს ჰამერბერგის დასკვნა რომ ვერ შეგვიქმნიდა, ეს ისეც გასაგებია. არაფერი რომ არ გამოსწორებულა თვითონაც იცის და წუხილით აღნიშნავს კიდეც ამას.
ეს წუხილი და შეშფოთებები გასაგებია, მაგრამ თუ არანაირი შედეგი არ მოჰყვება, რა აზრი აქვს ან თქვენი მხრიდან ინფორმაციის მიწოდებას, ან მათი მხრიდან ანგარიშების წერას?
ესეც რომ არ იყოს, მაშინ ჩვენ არაფრით ვიქნებთ განსხვავებული ლუკაშენკოს რეჟიმისგან. მაგრამ თუ ხელისუფლება არ ითვალისწინებს მწვავე რეკომენდაციებს, ჰამერბერგი ვერ გადააყენებს მას. საქმე ის გახლავთ, რომ სწორედ ასეთი უყურადღებობა უქმნის ხელისუფლებას იმ უარყოფით იმიჯს, რასაც ძალიან ცუდი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ხელისუფლება თავს იმით იმართლებს, რომ მათ დაამარცხეს კორუფცია, აღარ არიან კანონიერი ქურდები და აღარ არის დანაშაული. უკაცრავად, მაგრამ მე ისიც გავარკვიე, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებში ყველაზე მეტი პატიმარი ჩვენთან არის მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით. ყოველ მე-5 ადამიანს რომ იჭერ, ეს იმას ნიშნავს, რომ დანაშაული დაამარცხე? როდესაც საუბარია 0,04% გამამართლებელ განაჩენზე და ამას სასამართლო იმით ხსნის, რომ პროკურატურას ზედმიწევნით გამართული მტკიცებულებები მიაქვს, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ? ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ ეს მტკნარი სიცრუეა? რეალურად კი, ეს ყველაფერი გამოწვეულია მოსამართლეების შიშით პროკურატურის მიმართ. ამ შიშზე და ყოველგვარი ჰუმანურობისგან დაცლილ პოლიტიკაზე დგას ეს ხელისუფლება.
მაგრამ ნუ ავიწყდებათ, რომ ეს ყველაფერი ისე არ ჩაივლის. თავის დროზე, ევროსაბჭო შევარდნაძესაც უჭერდა მხარს და მასაც აძლევდა გრანტებს, მაგრამ რომ შეხედა რეკომენდაციებს საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას, კი ნახეთ რაც მოხდა. რაღაც დონემდე შეიძლება ანგარიში გაგიწიონ, მაგრამ როცა დაინახავენ, რომ ეს ყველაფერი იმას არ ემსახურება, რასაც უნდა ემსახურებოდეს, დაკარგავენ ყველანაირ თანადგომას.
სამაგიეროდ, ჩვენი ხელისუფლება მუდმივად გვეუბნება, რომ გაცილებით წინ ვართ აზერბაიჯანზე, ბელორუსზე, რუსეთზე..
კი ბატონო, აზერბაიჯანელი, რუსი და ბელორუსი უფლებადამცველებისგან ისეთი საშინელი ამბები ისმოდა, ენით აღუწერელი, მაგრამ მათ რატომ მადარებენ? საქართველოს ხელისუფლება ხომ ყოველთვის იმით ამაყობს, რომ პროდასავლული დემოკრატიული ქვეყანა ვართ, თანაც წარმატებული? მაშინ მინიმუმ უნდა შევედარო პოლონეთს, ჩეხეთს, ბალტიისპირეთს. აღარაფერს ვამბობ საფრანგეთსა და გერმანიაზე. მაგალითად ფრანგი უფლებადამცელი მეჯდა გვერდით და ნახევარი საათი შეშფოთებული საუბრობდა იმაზე, რომ საფრანგეთში ჩამოსულ მიგრანტებს სასაზღვრო პოლიცია არ უღიმის. და ეს არის იქ პრობლემა. ახლა იმას რომ უთხრა, ჩვენს ციხეებში სექსუალური ძალადობა ხდაბაო, ხომ წარმოგიდგენიათ რა დაემართება?
ციხე ვარდისფრად რომ შეღებეს და გათბობა ჩაურთეს, ეს სურთ მიღწევად ჩავუთვალოთ? შიგნით რა ხდება, ეგაა საკითხავი და ვიცით კიდეც რაც ხდება. ამიტომაცაა უამრავი საპროცესო გარიგება რომ გვაქვს და უდანაშაულოებიც აღიარებენ დანაშაულს. სხვათაშორის, ჰამერბერგმა თავის დასკვნაში პირდაპირ თქვა ამის შესახებ და ასეთი სახის გარიგებას მანკიერი უწოდა.
ჰამარბერგთან იმსჯელეთ თუ აარა კონკრეტულ საქმეებზე და რა დამატებითი ინფორმაციები მიაწოდეთ ევროკომისარს?
კონკრეტულ ქეისებზე მსჯელობის საშუალება სამწუხაროდ არ იყო, მაგრამ მე ვისარგებლე შემთხვევით და ევროკომისარს გადავეცი პოლიტპატიმარ ვახტანგ მაისაიას წერილი, რომლითაც ის რეაგირებას სთხოვდა ევროკომისარს. ასევე გადავეცი ადვოკატ შალვა დოლიძის საქმე, რომელიც საკმაოდ გახმაურებულია და უკვე ევროსასამართლოშია. 2008 წელს დამთავრდა კომუნიკაცია და დღემდე გადაწყვეტილება არ არის. შვილი, ვლადიმერ დოლიძე ხელმეორედ მოხვდა ციხეში აბსოლუტურად უკანონოდ. ის სთხოვს კომისარს, იშუამდგომლოს ევროსასამართლოში, რათა დააჩქარონ გადაწყვეტილების მიღება. სხვა გამოსავალი არ არის, რადგან ეს გადაწყვეტილებები ამ ადამიანთათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
თომას ჰამარბერგს პირდაპირ ვუთხარი, ვერ წავალ სტრასბურგიდან ისე, პატიმარ კახაბერ თედლიაშვილის საზარელი მკვლელობის შესახებ რომ არ მოგიყვეთ-მეთქი. გადავეცი თედლიაშვილის მიერ სიცოცხლეში დაწერილი ყველა განცხადება, რომლითაც ყველა სახელმწიფოს სტრუქტურას აუწყებდა იმის შესახებ, რომ მზადდებოდა მისი მკვლელობა და არცერთმა ინსტანციამ არ დაიცვა. ეს არის მაგალითი იმისა, როგორ მუშაობს სახელმწიფო მანქანა. ამ ამბის მოსმენამ ჰამარბერგი და მთელი მისი აპარატი შოკში ჩააგდო. მისი სამდივნოს თანამშრომელმა საგულდაგულოდ ჩაიბარა ეს წერილები და მითხრა, რომ ძალიან დეტალურად შეისწავლიდნენ.
შეიძლება სხვა საქმეებიც იყო იქ სათქმელი და წასაღები, მაგრამ მე მივიჩნიე, რომ ეს იყო თვალსაჩინო მაგალითი ადამიანის ფიზიკური და მორალური წამებისა. თანაც ეს ფაქტი სწორედ ჰამარბერგის საქართველოში სტუმრობის შემდეგ მოხდა. აპრილის თვეში იყო ჩამოსული და თვის ბოლოს თედლიაშვილიც მოკლეს.
საბოლოო ჯამში, ეს იყო ძალიან ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი შეხვედრა და დარწმუნებული ვარ, ჩვენ მიერ წამოწეული თემები და საქმეები უყურადღებოდ არ დარჩება.
908
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85