ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩი ლანა ღოღობერიძე რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიცირებაში სეპარატიზმის წახალისების საფრთხეს ხედავს. მისი აზრით , ამის გაკეთება საქართველოსთვის ძალიან საშიშია.
"ერთის მხრივ, დღევანდელი ტენდენციაა, რომ ევროპა დეცენტრალიზაციისკენ მიდის და მართლაც, ჩვენ ამ ვალდებულებაზე ხელი გვაქვს მოწერილი. მეორე მხრივ, ეს სეპარატიზმის წახალისებაა, რაც ჩვენნაირი ქვეყნისათვის მართლაც ძალიან საშიშია. ახლა როგორღაც ამ საკითხს გვერდი უნდა ავუაროთ, რაზეც თან ლაპარაკიც კი უხერხული და ძნელია. ფაქტია, რომ ჩვენ ამ მხრივ ძალიან გვიჭირს და იმის ფუფუნებაც არა გვაქვს, რაც აქვთ საფრანგეთს თუ ესპანეთს, როცა ბასკები მოითხოვენ რაღაცას", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ლანა ღოღობერიძემ.
ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი იმასაც ამბობს, რომ ქვეყანას არც იმის ფუფუნება ჰქონდა თავის დროზე, ევროსაბჭოში გაწევრიანებისას, რეგიონული ენების შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიცირების ვალდებულებაზე უარი ეთქვა.
"არის ფუნდამენტური დებულებები, რომელსაც გვერდს ვერ აუვლი. ჩვენთვის ეს პრობლემა ყოველთვის იდგა, მაგრამ მაშინ ასე გამწვავებული, როგორც დღესაა, არ იყო. საქართველოს არც იმის ფუფუნება ჰქონდა, რომ ამ ვალდებულების აღებაზე უარი ეთქვა. მაშინაც იყო პოზიცია, რომ ზოგადი დებულებაა და მალე ვერ გახორციელდება. ჩვენ იზოლაციაში მოხვედრა არ შეგვიძლია, ეს ტრაგიკული იქნება ქვეყნისთვის, ამიტომ საერთაშორისო სამართლის ნორმებს უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ის რაც ჩვენთვის მართლა მიუღებელი და მძიმეა, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, არ უნდა გავაკეთოთ", - აცხადებს ლანა ღოღობერიძე.
მისივე მონაცემებით, აღნიშნული დოკუმენტის რატიფიცირების ვალდებულება ევროსაბჭოს წევრ ყველა ქვეყანას აქვს აღებული, "მაგრამ ყველა უფრთხის და ცდილობს, ქვეყნის საერთო ინტერესები არ დააზიანოს. "ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ", - დასძინა ლანა ღოღობერიძემ.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის საკრებულოს წევრები უმცირესობის ენების შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიცირებას და შესაბამის საკონსტიტუციო ცვლილებებს ითხოვენ. ისინი ქარტიის რატიფიცირების თხოვნით დავით უსუფაშვილს მიმართავენ.