აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია მაქსიმალურად სწრაფად მიენიჭება. ამის შესახებ დიპლომატიურ კორპუსსა და არასამთავრობოებთან შეხვედრის შემდეგ განათლების მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, დიპლომატიურ კორპუსს მიაწოდა ინფორმაცია, რომ სამინისტრო აგრარულ უნივერსიტეტთან მიმართებაში კანონის ფარგლებში მუშაობდა.
"ჩვენ ავტორიზაციის მინიჭების პროცესს მაქსიმალურად დავაჩქარებთ. სისულელე იქნება, რომ პროცესი უკანონოდ განვახორციელოთ. ბატონი ბენდუქიძე დაემორჩილა კანონმდებლობას და ამისთვის დიდი მადლობა ბატონ კახაბერს, მაგრამ თუ ეცდება კანონი დამარღვევინოს, მაინც არ დავარღვევ. მე არაერთხელ გავუსვი ხაზი, რომ არის პოლიტიკური მზაობა, რაც შეიძლება სწრაფად გადაიჭრას ეს პრობლემა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მინისტრის აზრით, კომიკურია 12 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნა.
"ჩვენ ახლა კომიკურ ვითარებაში ვართ. აგრარულმა უნივერსიტეტმა გამოასწორა შეცდომა. მინისტრი ამბობს, რომ ავტორიზაცია მიეცემა; ახლა სტუდენტების გადასაწყვეტია, უნდათ ავტორიზაცია თუ უნდათ პოლიტიკა. ამგვარი მოთხოვნა თითიდან გამოწოვილია იმისთვის, რომ ბენდუქიძემ პოლიტდევნილის სტატუსი შეინარჩუნოს, რაც უკვე შეუძლებელია", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
განათლების მინისტრმა დიპლომატიურ კორპუსთან და არასამთავრობოებთან შეხვედრაზე ავტორიზაციის მინიჭების სავარაუდო ვადებიც დაასახელა.
მარგველაშვილის ვარაუდით, აგრარული უნივერსიტეტი ავტორიზაციას დაახლოებით ორ-სამ კვირაში მიიღებს.