არც ერთ შემთხევაში მთავრობა ვერ იქნება პრეზიდენტის მიერ ერთპიროვნულად დანიშნული, თუ ამაზე არ იქნა პარლამენტის თანხმობა , - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორებმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კონსტიტუციონალისტების რამდენიმე შენიშვნაც გაითვალისწინეს.
"ეს შენიშვნები აისახა იმ სახით, რომ ზუსტად ჩაიწერა, თუ რა ხდება პრეზიდენტის მიერ მთავრობის გადაყენების შემთხვევაში, ასევე, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა თავად გადადგა. ეს პროცედურა ნიშნავს - ასეთ შემთხვევაში მთავრობის მოვალეობის შესრულება ეკისრება გადამდგარ, თუ გადაყენებულ მთავრობას და შემდგომ თუ მოხდა პარლამენტის დათხოვნა, ახალი მთავრობის ფორმირება მოხდება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. ანუ ვერც ერთ შემთხევაში მთავრობა ვერ იქნება პრეზიდენტის მიერ ერთპიროვნულად დანიშნული, თუ ამაზე არ იქნა პარლამენტის თანხმობა. ასევე, უარი ვთქვით იმ ნორმის გაუქმებაზე, რომლის თანახმადაც პრეზიდენტს უფლება არ ჰქონდა, პარლამენტის არჩევიდან პირველი ექვსი თვის განმავლობაში და თავის უფლებამოსილების ბოლო 6 თვის განმავლობაში დაეთხოვა პარლამენტი. არასამთავრობოებმა ორგანიზაციებმა ერთხმად თქვეს, რომ ამ ნორმის ამოღებამ შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე პოლიტიკური კრიზისი და მათი შენიშვნები ინიციატორებმა გაითვალისწინეს", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
საპარლამენტო კომიტეტებში კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვა დაიწყო. გასული წლის დეკემბრის ბოლოს, 78 დეპუტატის ხელმოწერით ინიცირებულ საკონსტიტუციო პროექტს დღეს, პირველი მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს. ცვლილებების მთავარი არსი პრეზიდენტისთვის იმ კონსტიტუციური უფლების შეზღუდვაში მდგომარეობს, რომელიც მას პარლამენტის ნების საწინააღმდეგოდ, მთავრობის დათხოვნისა და ახლის დაკომპლექტების შესაძლებლობას აძლევს.