„რად მინდა მაგათი ენების ცოდნა, თუ არაკაცურად მოიქცევიან! მოვკვდები მშიერი და ამისთანა ავკაცობას არ ვიზამ!“ - აცხადებს მსახიობი გურამ ფირცხალავა Presage.tv-სთან საუბარში და ზოგიერთ აკადემიკოსს ღირსებისკენ მოუწოდებს.
- მთელმა ქვეყანამ, მთელმა საქართველომ იცის და, მე მგონი, მსოფლიომაც, რომ ბიძინა ივანიშვილზე, ამ ანგელოზ კაცზე, და მის ბანკზე შეტევაა, რომლითაც საზრდოობს ხალხი. „ქართუ ბანკის“ გაკოტრება სწადიათ. მე ვერ ვერკვევი ბანკის ამბებში, მაგრამ ამის უფლებას ხალხი არ მისცემს. გუშინაც ვიყავი, შევიტანე თანხა, დღესაც ვიშოვე ცოტა ფული, დღესაც შემაქვს. მერე ერთმა ჩემმა ძმაკაცმა მითხრა, სადმე უნდა ვისესხო პროცენტიანი თანხა და შევიტანოო. ზოგიერთები პროცენტიან 200 ლარს სესხულობენ და „ქართუ ბანკში“ შეაქვთ. აი, ესენი არიან ქართველები, ამიტომაც ქართველებს ვერ დაამარცხებენ. ბიძინა ივანიშვილს მარტო სოლიდარობას კი არ ვუცხადებ, როგორ გითხრათ, როგორც დედაჩემის ან მამაჩემისადმი ერთგული ვიქნები და ვარ, ისეთივე ერთგული ვარ ამ კაცის, რადგან ეს არის ერის სახელი.
თეატრალებში რა განწყობაა? ბიზნესმენისადმი თანადგომა მარტო იმით ხომ არ აიხსნება, რომ მათ დახმარებას უწევდა?
- არ დაიჯერო, რადგან ისეთი მანდილოსნები ვნახე „ბანკ ქართუში“... გეხმარებოდაო, რომ ვკითხე, არა ბატონოო. რატომღაც უფრო მეტად ისეთი ადამიანები მხვდებიან, ვისაც არ ეხმარებოდა, რადგან ხელოვანთა და მეცნიერთა სფეროში არ ხვდებოდა ის ხალხი. საოცარი იმედი გაუჩნდათ ადამიანებს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციას, ეს იყო სირცხვილი ზოგიერთი ჟურნალისტის მხრიდან. მე ასეთი უნიათობა, უნიჭობა არ მინახავს. შესაძლოა, ეს ბავშვები დააბნია იმ დაკვეთამ, რაც მათ მისცეს. იქნებ, მართლაც არ იციან ჟურნალისტიკა ან ცუდი მასწავლებლები ჰყავდათ, როცა უმაღლესებში სწავლობდნენ? ეტყობა, ცუდად ისწავლეს, ან ცუდი დაკვეთა მისცეს, ესენი არ ჰგავდნენ ჟურნალისტებს. ეტყობოდათ, რომ შეკითხვები მოუმზადეს და ისინიც იმეორებდნენ. ამას მარტო ბიძინა კი არა, მეც მივხვდი და შემრცხვა. ცოდონი არიან ეს ბავშვები, არ უნდა გააკეთონ ასე. თვითონ შენ რაც გაქვს გულში, ის შეეკითხე, შე დალოცვილო.
როგორც ვიცით, ამ ჟურნალისტებს თავიანთი ხელმღვანელები ურეკავდნენ და აფრთხილებდნენ, დასვით ეს შეკითხვები, თორემ, სამსახურს დაკარგავთო.
- დაკარგონ, განა ეს სამსახური რა არის ასეთი, კაცო? ეგეთ სამსახურში მუშაობა არ შეიძლება. ეს თავად ჟურნალისტების ბრალია. აბა, მე დამირეკოს ვიღაცამ და მითხრას, აი, შეასრულე ჩვენი მოთხოვნაო? მაგალითად, წლების წინ მითხრეს, მოსკოვში არ წახვიდეო. გამსახურდიას დროს რუსეთში ქართველი მაფიოზი უნდა მეთამაშა. ხოდა, საწყალი ედიშერ მაღალაშვილი არ წამოვიდა, შერცხვა. რა, მაფიოზის მეტი ქართველი არ არისო? მე ვუთხარი, არა, ქართველები აკადემიკოსებიც არიან, მეცნიერებიც, საოცარი მოღვაწეებიც, მაგრამ არიან მაფიოზებიც-თქო. მოსკოვში ახლა მაგის მეტი რა გაგვიგია? ნახევარი საქართველო დაიჭირა „ამან“ ამის გულისთვის, წავედი და ვითამაშე კიდეც, რადგან, როგორც კი დათმობ შენი პროფესიის, ან შენი სინდისის წინაშე, ვიღაცის გულისთვის რაღაცას გააკეთებ, ეს არის ყველაზე საშიში. დამიჯერეთ, მთელი ცხოვრება ექნებათ მაგათ ეს ლაქად, შიგნით გულში და არასდროს იქნებიან პროფესიონალები. დაიმახსოვრეთ, ვერცერთი ეს ჟურნალისტი პროფესიონალი ვერ გახდება.
ახალგაზრდა ჟურნალისტებზე რა უნდა ვთქვათ, როცა მხცოვანი მეცნიერებიც კი თმობენ პოზიციას და ხშირად ხმას არ იღებენ. მათ დასაკარგი რა აქვთ?
- აი, მიშა ძალიან ეშმაკიცაა. ის საკმაოდ ჭკვიანია, მიხვდა, ჩასარეცხები რომ იყვნენ. თუ ვინმე ჩასარეცხია, აი, სწორედ ისინი არიან ჩასარეცხები, ვინც ამათ თავი დაუდო, თავის თავმჯდომარეებიანად. მე რად მინდა მაგათი ენების ცოდნა ან რაღაცა, თუ არაკაცურად მოიქცევიან?! მოვკვდები მშიერი და ამისთანა ავკაცობას არ ვიზამ. და, ქართველები სწორედ ასეთები არიან.
ბოლო დროს ბევრს საუბრობენ ბიძინა ივანიშვილის არაპროფესიონალიზმზე პოლიტიკაში გამოჩენის თვალსაზრისით. არის თუ არა ეს მისი ხიბლი, რომ არ შეუბღალავს პოლიტიკას?
- სხვათაშორის, ამის შესახებ მეც ვიფიქრე. მაგის მშობელ დედ-მამას ვენაცვალე, როგორ არ ჰგავს ეს საოცარი ადამიანი არავის, ვინც მე პოლიტიკოსები მინახავს, დაწყებული რუზველტიდან, დამთავრებული ამ გადარეულით. არავის არ ჰგავდა, რუსები რომ იტყვიან, ეს იყო „სამაროდოკ“, თვითნაბადი ადამიანი, რომელიც თავის პროფესიაში, ბიზნესმენობაში, ხომ უბადლოა, მაგრამ ამაშიც გასაოცარი აღმოჩნდა. არ სჭირდება არავის მიბაძვა, თავისთავად, ისეთნაირად ჩამოყალიბებული ადამიანია, რომ არავის არ უნდა მიბაძოს და არც მიბაძავს. ის არის ჩვეულებრივი, თვითნაბადი ადამიანი, რომელსაც პრინციპში, არტისტობას ვერ დავაბრალებ.
სხვათაშორის, ისიც ითქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი დაუდგმელი სცენარით, სადაც რეჟისორის ხელი არ იგრძნობოდა, ხელისუფლების რეჟისორულად დადგმულ სცენარსა და პიარმანქანას მოუგო.
- მიხეილ სააკაშვილს კი სურს, რეჟისორიულად დადგას თავისი გამოსვლები, მაგრამ გამოსდის? რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი საოცრებაა და მადლობა იმ ღმერთს, რომ იგი მოგვივლინა, მადლობა მის მშობლებს მისი გაჩენისთვის. არავითარი რეკლამა და პიარი მას არ სჭირდება. არიქა, პოლიტიკოსიო. არავითარი პოლიტიკოსი, ის საოცარი ადამიანია.
ჩვენ გვახსოვს პრემიერ-მინისტრისა და, ასევე, ცნობილი ბიზნესმენის საეჭვოდ დაღუპვის მაგალითები. რაზე არის წამსვლელი ხელისუფლება? რატომ დუმს სააკაშვილი და არ იმჩნევს ივანიშვილს?
- სააკაშვილი ნოკდაუნშია. მეორეც, ერთ-ერთი წყაროს საშუალებით გავიგე, რომ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობას უბრუნებენ. ე.ი. ფარ-ხმალი დაყარეს? ვითომ, უნდათ, რომ კეთილ კაცებად გამოჩნდნენ? მაგრამ ამის შემდეგ რა ხრიკები აქვთ ჩაფიქრებული, ვერაფერს გეტყვით. დღეს პატარა იმედი გაჩნდა, რომ დავიბრუნოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო, ჩვენი დაჩაგრული ქვეყანა. რატომ უნდა ვიყოთ უსამშობლოდ? ბევრს იმედი ჩაუსახა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ. ამას წინათ ჩემს ძმაკაცთან ვხუმრობდი, ღამით ნერვიულობის გამო რომ არ მეძინებოდა, ღვინოსა და არაყს გადავკრავდი ხოლმე, ახლა კი არყის გარეშეც შემიძლია დავიძინო. პირადად ყველა ჩემი მეგობარი აცხადებს, რომ ყველანი ერთად მივიდეთ ივანიშვილის პარტიაშიო. მე ვიცი, ბიძინას გეგმა, თუ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია იქნება, ისეთ ქვეყნად გადაიქცევა, რაც ჩვენ გვეკადრება. თვითონ აფხაზები თავქუდმოგლეჯილნი გამოიქცევიან და იტყვიან, არ მინდა რუსი, მინდა ჩემი ქართველიო, მაგრამ აქ რაღაც საშინელებები ხდება და ისინი კი არა, ლამის მე გავიქცე აქედან. ვთქვი კიდეც, რადგანაც ბიძინას ართმევენ მოქალაქეობას, მართლა დავდებ პასპორტს და წავალ აქედან-თქო.