იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აპირებს დაემორჩილოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, თუ მიხეილ სააკაშვილი მის გადაყენებას მოინდომებს. ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის გუშინდელი განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
"მე რაც არ უნდა გულუბრყვილო ვჩანდე, მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს გაცილებით ბევრი და სერიოზული საქმე აქვს, ვიდრე ჩემი გადაყენება, მაგრამ თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მე კონსტიტუციამორჩილი მოქალაქე ვარ და მე მის ამ გადაწყვეტილებას დავემორჩილები", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა "ტელეიმედის" გადაცემა "ღია ეთერისთვის" გუშინ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტი იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრების დათხოვნას გეგმავს.
"ის აპირებს მოხსნას რამდენიმე მინისტრი - ეს არის თეა წულუკიანი, ირაკლი ღარიბაშვილი, შესაძლებელია მაია ფანჯიკიძეც. ერთ დღეს გავიღვიძებთ და შს მინისტრად დაგვხვდება მერაბიშვილი, ადეიშვილს ალბათ არ დააბრუნებს. ეს არის ვარაუდი და მაქვს გარკვეული დადასტურებული ინფორმაციები სააკაშვილის შიდა გარემოცვიდან", - აღნიშნა ოქრუაშვილმა.