აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ევროპა გააფრთხილა, რომ არალეგალური მიგრაცია „ანადგურებს მის მემკვიდრეობას“ და ქვეყნებს უსპობს მომავალს.
„თუ არ შეაჩერებთ ადამიანებს, რომლებიც არასდროს გინახავთ და რომლებთანაც საერთო არაფერი გაქვთ, თქვენი ქვეყანა დაინგრევა“, - განაცხადა ტრამპმა.
„მე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვარ, მაგრამ ვღელავ ევროპაზე. მე მიყვარს ევროპა, მიყვარს ევროპელი ხალხი და მძულს იმის დანახვა, თუ როგორ ანადგურებს მას ენერგეტიკა და მიგრაცია, ეს ორკუდიანი ურჩხული, რომელიც ყველაფერს სპობს, რაც მის გზაზე ხვდება“, - აღნიშნა მან.
ტრამპმა პირდაპირ მიმართა ევროპელ ლიდერებს და აღნიშნა: „ამას იმიტომ აკეთებთ, რომ გინდათ, კარგები იყოთ, გინდათ, იყოთ პოლიტიკურად კორექტულები და თქვენს მემკვიდრეობას ანადგურებთ“.
„დროა, დასრულდეს ღია საზღვრების წარუმატებელი ექსპერიმენტი. ახლავე უნდა დაასრულოთ ეს. შემიძლია გითხრათ, რომ ამ საქმეებში მართლა კარგი ვარ. თქვენი ქვეყნები ჯოჯოხეთისკენ მიდიან“, - დასძინა ტრამპმა.