კავკასიის ხალხთა ისტორია უფრო კავკასიური ერთობის გეგმათა განხორციელების წარუმატებელ მცდელობებს წარმოგვიდგენს, ვიდრე წარმატებულს. შეიძლება ითქვას, რომ XI-XII საუკუნეები სწორედ გამონაკლისია ამ წარუმატებელ მცდელობათა შორის. ეს ხანმოკლე პერიოდია, მაგრამ იგი დიდ გავლენას ახდენს კავკასიის ხალხთა შემდგომ ისტორიაზე. ამ დროს არა მარტო საქართველო წარმოიქმნა, არამედ ჩაისახა კიდევ უფრო დიდი სამყარო–კავკასია. მას ჯერ ისტორიულ-გეოგრაფიული სახელიც კი არ ჰქონდა, მაგრამ როგორც ისტორიკოსები შენიშნავენ უკვე ჩანდა, რომ მისი სახელი „საქართველოე“ იქნებოდა.
ამ დიდი რეგიონის მაორგანიზებელი ცენტრი საქართველო იყო. „ქართველად“ კი მოიაზრებოდა ყველა ის, ვინც, მიუხედავად მისი ეთნიკური წარმომავლობისა, აღიარებდა ქართულ (დიოფიზიტურ) ქრისტიანობას, ნაზიარები იყო ქართულ ფეოდალურ ურთიერთობებს და მოღვაწეობდა ქართულ პოლიტიკურ და კულტურულ სარბიელზე. ამ სარბიელის ფარგლებში თანდათან მთელი კავკასია ექცეოდა. რეგიონის გაერთიანება ქართული ენის საფუძველზეც მიმდინარეობდა, რომელიც იმ პერიოდში კავკასიის მასშტაბით უნივერსალური საღვთისმსახურო ენის ფუნქციას ასრულებდა.
დაახლოებით ამავე პერიოდში ყალიბდება ქართული მესიანისტური იდეა, რომელიც ემყარებოდა რწმენას, რომ
1. ქართულ ენას განსაკუთრებული მისია ეკისრება;
2. ქრისტეს კვართი საქართველოშია;
3. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა;
4. ბაგრატიონები ღვთიური წარმომავლობისანი არან.
ეს იდეა იმავე მიზანს ემსახურებოდა, რასაც ლეონტი მროველის კონცეფცია და დიდ როლს ასრულებდა XI-XII სს. საქართველოს კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. მესიანიზმი განეკუთვნება პოლიტიკური აზროვნებისა და ქცევის მდგრად სტერეოტიპთა რიცხვს, რომლებიც გარკვეულ ვითარებაში ყალიბდება და დროში პრაქტიკულად უცვლელია. თუმცა ქართული მესიანისტური იდეა „დღეგრძელობით“ სწორედაც რომ არ გამოირჩევა.
ერთიანი კავკასიის ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს ასრულებდა სარწმუნოება. საქართველოს მეშვეობით ქრისტიანობა ვრცელდებოდა ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც არსებობდა საეპისკოპოსო კათედრები, მკვიდრდებოდა საქართველოს პოლიტიკური და კულტურული ზეგავლენა.
მაგრამ კავკასიური ერთობის ისტორია ხანმოკლე აღმოჩნდა. საქართველომ ვერ შესძლო განეხორციელებინა ექსპანსიის ორი ყველაზე ეფექტური ფორმა: ეკონომიკური ექსპანსია – განვითარებული სავაჭრო კაპიტალის მიერ გავლენის ქვეშ მყოფი პროვინციების ეკონომიკური ათვისება და კულტურული ექსპანსია, სავარაუდოდ პროცესის გაგრძელებისა და განვითარებისათვის აუცილებელი დრო საქართველოს არ ეყო.
XIII საუკუნიდან, მონღოლთა შემოსევების შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში თანდათან ფეხი მოიკიდა ისლამმა. კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით და სამხრეთით ჩამოყალიბდა ერთმანეთისაგან არსებითად განსხვავებული პოლიტიკური და კულტურული სისტემები. ხალხებს შორის განსხვავება სულ უფრო საგრძნობი ხდებოდა. XI საუკუნეში ჩამოყალიბებული იდეოლოგიურ-პოლიტიკური კონცეფცია მომდევნო საუკუნეებშიც „გამოცოცხლდებოდა“ ხოლმე. მაგალითად, ერეკლე II დროს გაჩნდა იდეა სამხრეთ კავკასიის გაერთიანებისა ერეკლეს ხელისუფლების ქვეშ თუმცა, ვითარება აბსოლუტურად განსხვავებული იყო და ამ ერთობის იდეას საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხის სიმწვავე განსაზღვრავდა.
კავკასიის ხალხთა ერთგვარი გაერთიანება მოხდა რუსეთის იმპერიის ფარგლებში. კავკასიის სამეფისნაცვლოს შემადგენლობაში შევიდა როგორც სამხრეთ, ასევე ჩრდილოეთ კავკასიის ადმინისტრაციული ერთეულები, ადმინისტრაციულ ცენტრსა და მეფისნაცვლის სამყოფელს კი თბილისი წარმოადგენდა.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, რუსეთმა კიდევ ერთხელ სცადა ერთიანი ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში: 1924-1936 წლებში არსებობდა ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა, 1922-1924 წლებში-მთიელთა ავტონომიური რესპუბლიკა რსფსრ-ს შემადგენლობაში. არც ამ მცდელობას მოჰყოლია წარმატება. ყველა ამა თუ იმ სახის კავკასიური ერთობის შექმნის ცდებს საფუძვლად პოლიტიკური რეალიები ედო.
„ერთიანი კავკასიური სახლის“ იდეა და მისი რეალიზაციის მცდელობანი XX ს. 90-იანი წლების დასაწყისში. „მშვიდობიანი კავკასიის“ იდეა როგორც ს.ჰანთინგტონის ვერსიის ალტერნატივა.
90-იანი წლების დასაწყისში „ერთიანი კავკასიური სახლის“ კონცეფცია საბჭოთა კავშირის დაშლით შექმნილმა ახალმა ვითარებამ და რუსეთთან კონფრონტაციის პათოსმა განაპირობა. თავად ეს „სახლი“ იდეის ავტორებს სხვადასხვაგვარად წარმოედგინათ: საუბარი იყო ხან „კავკასიურ პარლამენტზე“, ხან ევროგაერთიანების ტიპის ერთობაზე. მაგრამ მხედველობის მიღმა რჩებოდა ის გარემოება, რომ ასეთი ტიპის გაერთიანება ემყარება საერთო მსოფლმხედველობას (დაფუძნებულს რელიგიაზე), საერთო ფასეულობებს, საერთო ეკონომიკურ სისტემას, საერთო ინფორმაციულ სივრცესა და სხვა ფაქტორებს, რომლებიც კავკასიის შემთხვევაში არ არსებობდა. ამიტომაც „ერთიანი კავკასიური სახლის“ შექმნის საქმე დეკლარაციების იქით არ წასულა. ერთადერთი, რის ხორცშესხმის მცდელობის მოწმენიც გავხდით, 90-იანი წლების დასაწყისში შექმნილი კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია გახლდათ, რომელიც მალევე გადაკეთდა კავკასიის ხალხთა კონფედერაციად. მართალია, ორგანიზაცია მიზნად ისახავდა კავკასიის ხალხებს შორის სოციალურ-კულტურული და პოლიტიკური თანამშრომლობის გაუმჯობესებას, ეთნიკური თუ სხვა სახის უთანხმოებებისა და კონფლიქტური სიტუაციების თავიდან აცილებას ან მშვიდობიანი გზით მოგვარებას და გარეშე მტრის შეტევისაგან საერთო, კოორდინირებული თავდაცვის სისტემის შემუშავებას, მაგრამ მაგრამ კონფედერაციის მთავარ საკითხად კვლავ მისი ერთიანობის საკითხი რჩებოდა. მეტიც, მალე ცხადი შეიქმნა ამ ორგანიზაციის უსუსურობა. კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის მოქმედება, რომელიც ჯერ აფხაზური სეპარატიზმის მხარდაჭერაში და მოგვიანებით ჩეჩნური გამათავისუფლებელი მოძრაობისადმი დაპირისპირება გამოიხტა, ძირშივე ეწინააღმდეგებოდა თავის პრინციპებს. მას მალე სახელი გაუტყდა, როგორც კრემლის მიერ მართვადი დაწესებულება რომლის რეალურ მიზანს წარმოადგენდა - არ დაეშვა რეგიონის ხალხების გაერთიანება, ხედავდა რა მისთვის დამანგრეველ საფრთხეს.
ისტორია მოწმობს, რომ ინტეგრაციული მისწრაფებები კავკასიაში, თავისი არსით, ყოველთვის ანტირუსულ ხასიათს ატარებდა. ამიტომ მოსკოვი მსგავსი მისწრაფებების აღკვეთით იყო დაინტერესებული. მაგრამ, მისი მხრიდან, ამ პროცესების იგნორირება ჩეჩნეთის ლიდერებისათვის ინიციატივის დათმობის ტოლფასი იქნებოდა. 1992 წლის შემდეგ მოსკოვმა კონფედერაცია საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა და დახმარებაც კი გაუწია მას თავდაცვის სისტემოს შექმნაში.
კონფედერაციაზე უფრო მეტს წერდა ცენტრალური პრესა, ვიდრე ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებისა. ნიშანდობლივია, რომ იმ პერიოდის რუსეთის ცენტრალური საინფორმაციო საშუალებანი საქმეს ისე წარმოაჩენდნენ, თითქოს საუბარი იყო რეალურად არსებულ წარმონაქმნზე თავისი პარლამენტით. პრეზიდენტითა და შეიარაღებული ძალებითა და სახელმწიფოებრიობის სხვა ატრიბუტებით. ყურადღება არ ექცეოდა იმას, რომ ეს იყო არა რეგიონის ხალხის მკაფიოდ დეკლარირებული ნება, არამედ ჩრდილოეთ კავკასიის ინტელიგენციის ცალკეული ჯგუფების მცდელობა, ჩამოეყალიბებინა და განეხორციელებინა სახელმწიფო მოწყობის რაღაც პროექტი, რომელიც მოწყვეტილი იყო რეალობას. მათ არ გააჩნდათ არავითარი ლეგიტიმურობა, რაიმე ოფიციალური მანდატი, მიღებული არჩევნების გზით. კონფედერაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია წინა პლანზე გამოდიოდა მაშინვე, როგორც კი რეგიონში კრიზისული სიტუაცია იქმნებოდა. ამ ორგანიზაციის მოღვაწეობის შედეგი კი ის გახლდათ, რომ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულმა ამ უსუსურმა წარმონაქმნმა მაინც მოახერხა კავკასიურ კონფლიქტებში უარყოფითი როლის შესრულება.
როგორც ვხედავთ, საერთო-კავკასიური სახლის იდეამ, რიგი მიზეზების გამო, რაიმე მნიშვნელოვანი დატვირთვა ვერ შეიძინა, თუმცა არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ ამ იდეას აქვს კონფესიათა და ეთნოკულტურათა ურთიერთადაპტაციის გარკვეული პოტენციალი. ამან პოლიტიკოსებს უბიძგა საერთო კავკასიური ერთობის არარეალიზებული იდეის სასარგებლო არგუმენტების ძიებისაკენ. მოვიტანთ ერთ დამახასიათებელ ფრაგმენტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1997-1998 წლებში ჩატარებულ კონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ზ.ჟვანიას გამოსვლიდან:
„კავკასიური ერთობა მხოლოდ პოლიტიკური კონცეფცია არ არის. ფაქტობრივად, კავკასია ესაა მრავალფეროვანი და იმავდროულად ჰომოგენური წარმონაქმნი, ფენომენი, რომელიც ყალიბდებოდა საუკუნეთა და ათასწლეულთა მანძილზე, რომელსაც გააჩნია მკაფიოდ განსაზღვრული აუთენტური სოციალური და კულტურული ინსტიტუტები... ეს საშუალებას გვაძლევს ვისაუბროთ ერთიანი კავკასიური ცივილიზაციის ფენომენზე, რომლის შემქმნელები-კავკასიის ხალხები - რელიგიური და ეთნიკური განსხვავების მიუხედავად, გაერთიანებული არიან მთელი რიგი საერთო ფასეულობებითა და ერთნაირი მენტალობით“.
განმარტება:
„ჩვენი ინსტიტუტი მუშაობს მრავალ თემაზე, ხოლო წინამდებარე მასალა წარმოადგენს მცდელობას, მოვახდინოთ აღნიშნული თემების პოპულარიზაცია, რათა მივაპყროთ საზოგადოების ყურადღება და ხელი შევუწყოთ ფართო მასებში დისკუსის წახალისებას თემებზე, რომლებიც ვფიქრობთ რომ მნიშვნელოვანია და უნდა ხვდებოდეს ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამდენად, „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მხარდაჭერით მომზადებული ეს ანალიტიკური ვიდეო სიუჟეტები არ წარმოადგენენ ინსტიტუტის საბოლოო პროდუქტს. აღნიშნულ საკითხებზე მუშაობას ინსტიტუტი კვლავ აგრძელებს.“