ბიძინა ივანიშვილის შემდეგ კრასნოდარის №1-ელ ბიზნესმენად წოდებულმა მინდია გულუამაც გამოთქვა ჩვენს მონოტონურ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვის სურვილი, ოღონდ ეგაა, საქართველოს მოქალაქეობის არქონა უშლის ხელს ამ საქმეში.
თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოს“ დამფუძნებელი ყრილობა ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, ქართველი მილიონერი მინდია გულუა ამ პარტიის წევრი ჯერჯერობით არ არის (რადგან საქართველოს მოქალაქე არაა), ყველამ კარგად იცის, რომ პარტია მისია. ამას ადრეულ ინტერვიუებში არც თავად მინდია გულუა მალავდა და აცხადებდა, რომ პოლიტიკაში დიდი ფულითა და კონკრეტული გეგმებით მოდიოდა.
ამჯერად ახლადშექმნილი პარტია მინდია გულუას დამ, ნანა გულუამ ჩაიბარა და „განახლებული საქართველოს“ თავმჯდომარედ მოგვევლინა. თუმცა ამ ეტაპზე ჟურნალისტებთან სიტყვაუხვობა არ გამოუჩენია და, შეკითხვაზე, აფინანსებდა თუ არა მინდია გულუა მის პარტიას და ეხმარებოდა თუ არა საკუთარ დას, მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ აღნიშნა: „მინდია გულუა ჩემი ძმაა. იგი ჩემთან ერთად არის, როგორც ძმა“. ნანა გულუამ ვერც ის დაგვიკონკრეტა, როდის აპირებდა მინდია გულუა საქართველოში ჩამოსვლას. ბიზნესმენის და უფრო ღია საუბარს პარტიის ოფიციალური დაფუძნების დღეს, უახლოეს ხანში დაგვპირდა.
ყრილობაზე ოპოზიციური პარტების წარმომადგენლებიც იყვნენ მიწვეულნი, თუმცა უკვე წინდაწინ ნათელი იყო, რომ პრორუსულობის ბრალდების შიშით პოლიტიკური პარტიები ფილარმონიაში მისვლას ვერ გარისკავდნენ. თუმცა შევნიშნეთ „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე, „სახალხო კრების“ დარბაზის წევრი, მსახიობი გურამ ფირცხალავა, „წმინდა გიორგის სადროშოს“ დამფუძნებელი მამა ელიზბარი, ყოფილი პოლიტიკური მოძრაობა „სოლიდარობის“ ლიდერი ანზორ აბრალავა, მსახიობი დიმა ჯაიანი, პოეტი ერეკლე საღლიანი. დიმა ჯაიანი და ერეკლე საღლიანი დარბაზში სიტყვითაც გამოვიდნენ.
ყრილობა ქართულ ჩოხაში ჩაცმულმა პატარა მედოლეებმა გახსნეს, რის შემდეგაც ეკრანზე სოხუმის დაცემისა და 2008 წლის აგვისტოს ომის კადრები უჩვენეს. შესრულდა საქართველოს ჰიმნიც, რომელსაც მთელი საქართველოდან ჩამოსული დელეგატები ფეხზე წამოუდგნენ, ასევე, პატივი მიაგეს ომში დაღუპულ გმირებს.
პარტიის მთავარი მიმართულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა, ჩვენი მოქალაქეებისთვის ღირსეული სოციალური გარემოს შექმნა, მასშტაბური სიღარიბისა და უმუშევრობის აღმოფხვრა და მოსახლეობის დასაქმებაა.
ნანა გულუამ კი აღნიშნა, რომ მხოლოდ ტურიზმი და სოფლის მეურნეობა საქართველოს ვერ გადაარჩენს. „ბედნიერი ვარ, რომ დავიბადე აფხაზეთში, მაგრამ იქ სტუმრად ჩასვლის უფლებაც დაკარგული მაქვს. უბედური ვარ, რომ ჩემი დევნილები უკვე მესამედ იდევნებიან,“ – აღნიშნა ნანა გულუამ.
აღსანიშნავია, რომ
საზეიმო პრეზენტაციამდე რამდენიმე
დღით ადრე
პარტია ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით
ფაცაციამ იდეოლოგიური
შეუთავსებლობის გამო
დატოვა. როგორც ჩანს, პოლიტიკაში
ბიძინა ივანიშვილის
მოსვლის შემდეგ
მისთვის აბსოლუტურად
სხვა რეალობა
შეიქმნა. არადა, ყველას კარგად
გვახსოვს ამ ერთი თვის წინ არაშენდას დასახლებაში დავით ფაცაციას მიერ „განახლებული
საქართველოს“ პარტიის დაფუძნების პრეზენტაცია, როცა იგი სიმბოლურად არაშენებული
საქართველოდან გამთლიანებულ საქართველოს გვპირდებოდა.
სხვათა შორის „განახლებული საქართველოს“ დაფუძნება დროში დაემთხვა
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გააქტიურებას, რამაც გააჩინა ეჭვები მათ კავშირზე. თუმცა ივანიშვილის
პრესსამდივნომ კატეგორიულად უარყო ახლად დაფუძნებულ პარტიასთან ყოველგვარი კავშირი.
როგორც „განახლებული საქართველოს“ წარმომადგენლები ამბობენ, ისინი არ აპირებენ ბიძინა ივანიშვილისთვის საზიანო ნაბიჯი გადადგან და არჩევნებში ხმა გაუყონ. პირიქით, თუ ბიძინა ივანიშვილისგან შესაბამისი იმპულსები წამოვა, გამორცხული არ არის, მის პარტიასთან ითანამშრომლონ. როგორც ამბობენ, ბიძინა ივანიშვილი მათთვის უდიდესი ავტორიტეტის და იმიჯის მქონე ადამიანია. ამის მიუხედავად, თავადაც ირწმუნებიან, რომ ჯერჯერობით, მათ პარტიას ივანიშვილთან კოორდინაცია არ აქვს.
„როცა ბატონი ბიძინას მიზნები გაცხადებული იქნება საქართველოსთვის სასიკეთოდ, მაშინ ჩვენი პარტიის გამგეობის წევრებისა და ნანა გულუას გადასაწყვეტია, მისაღები იქნება თუ არა მათი გაერთიანება“, – აცხადებენ პარტიაში.
პოეტი ერეკლე საღლიანი პოეტურად მიუდგა რუსეთში მოღვაწე ადამიანებისგან მტრის ხატის შექმნის მცდელობის თემატიკას. საღლიანის თქმით, თუ ხელისუფლების ამგვარ ფსიქოლოგიას გავყვებით, ამგვარი მიდგომით, რაკი ადამიანი რუსეთში მოღვაწეობს, ილია ჭავჭავაძე ცოცხალი რომ ყოფილიყო, შეგვეძლო გვეთქვა, რუსეთში რატომ მიიღე განათლება?!
„ილია საქართველოში რომ ჩამოვიდა, რუსეთში გატარებულ ოთხ წელიწადზე საუბრობდა, რათა ეს წლები ისევ და ისევ საქართველოსთვის გამოეყენებინა. ამიტომაც უწოდა მას სინათლესა და სიბნელეს შორის გადებული ბეწვის ხიდი. ჩვენ არ უნდა შევზღუდოთ ადამიანი, რომელიც ცდილობს საქმის კეთებას“, – აღნიშნა საღლიანმა.
მისი თქმით, ისეთი ვითარებაა დღეს, მართლაც მოსკოვის წარმომადგენელი რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, ვერ აწარმოებს იმ პოლიტიკას, რაც დავალებული აქვს. ამის მაგალითად ერეკლე საღლიანს უკრაინაში იანუკოვიჩის გაპრეზიდენტება მოჰყავს. იანუკოვიჩი საკუთარ კაცად ჩათვალა რუსეთმა, მაგრამ სინამდვილეში, ასე არ მოხდა.
„ღმერთი გვფარავს ჩვენ, ეკონომიკურად ვერასდროს შებრუნებით რუსეთში,“ – მიიჩნევს საღლიანი.
მსახიობ დიმა ჯაიანს კი მინდია გულუამ აფხაზეთში დაბრუნების იმედი გაუჩინა.
ახლადდაფუძნებულ პარტიაში ირწმუნებიან, რომ მათი კონკრეტული გეგმები სულ მალე გაცხადდება. რამდენიმე პროექტი პარტიას დაუმუშავებია, მაგრამ ჯერ არ დაუმტკიცებიათ, რადგან მეცნიერებთან, საქართველოს მოსახლეობასა და ქართველ ექსპერტებთან ერთად უნდა განსაზღვრონ.
პარტია უჩვეულო გააქტიურებას გვპირდება, მაგრამ ეს იქნება არა რადიკალური ოპოზიცია, არამედ ლოიალური და ლიბერალური, რომელიც ფსევდოოპოზიციურ პარტიებთან არ ითანამშრომლებს. მათი გუნდი კი სრულიად ახალი სახეებით (პედაგოგებით, ინჟინრებით, სოფლის მეურნეობის სპეციალისტებით) დაკომპლექტდა და „არა იმ კორუმპირებული სახეებით, რომლებიც აქამდე ტელესივრცეში თავს გვაბეზრებდა“. სხვა პარტიებთან გაერთიანებასაც არ გამორიცხავენ, თუკი ისინი მათ პროგრამასა და წესდებას შეესაბამებიან. ცივილიზებული გზით, არჩევნების მომხრენი არიან და რადიკალიზმსა და საპროტესტო გამოსვლებს გამორიცხავენ. დევნილების თემა მათთვის გამოკვეთილია, რადგან მიიჩნევენ, რომ დღეს საქართველოში ყველაზე მეტად დევნილებს უჭირთ.
პარტიის საქმიანობაში რა ფორმით ჩაერთვება მინდია გულუა, ჯერჯერობით უცნობია. მოქალაქეობის არქონის გამო ოფიციალურად მას ამ პარტიის დაფინანსებაც კი არ შეუძლია. ერთი რამ ცნობილია, რომ 22 წლის ასაკში მინდია გულუა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთში იბრძოდა და გადაურჩა ამ ბრძოლებს. რამდენჯერმე იყო დაჭრილიც, მოგვიანებით კი წავიდა რუსეთში, კრასნოდარში მტვირთავად დაიწყო მუშაობა, მაგრამ არ გაუმართლა, ტვირთი არასწორად ასწია, რის გამოც ზედ დაეცა და ტრავმა მიიღო. ამდენად, გულუას არ ესმის, რატომ შეიძლება იყოს რუსული პროექტი, როცა საკუთარი ქვეყნის დასაცავად აფხაზეთში იბრძოდა?!
„აფხაზეთის ომის დროს თენგიზ კიტოვანისთვის რომ გეკითხათ, მასზე დიდი მოძულე არ ჰყავდა რუსეთს, მაგრამ ახლა მოსკოვში ცხოვრობს. ბევრი პოლიტიკოსი, დღეს თავგამოდებით რომ ლანძღავს რუსეთს და სხვებს „რუსეთის პროექტს” უწოდებს, ცოტა ხანში მოსკოვში აღმოჩნდება,“ – აცხადებდა მინდია გულუა ერთ-ერთ ინტერვიუში. ცნობილია ისიც, რომ მინდია გულუას მამა აფხაზეთში დაეღუპა და, ამდენად, იგი მამის საფლავის მიტოვებასაც არ აპირებს, სადაც ის აფხაზეთში იბრძოდა. მართალია, გულუები წარმოშობით ჩხოროწყუს რაიონიდან არიან, მაგრამ თავად მინდია გულუა აფხაზეთში დაიბადა. რუსეთში კი ქართველთა სათვისტომო, სახელწოდებით „ივერია“ ჩამოაყალიბა და იქაურ ქართველებსაც ეკონომიკური დახმარება გაუწია.
საქართველოსთან დაკავშირებით თურმე არაერთი გეგმა ჰქონია. როგორც Presage.tv-მ გაარკვია, მინდია გულუას სურდა, თავისი პროექტებითა და დაფინანსებებით საქართველოში ჩამოსულიყო, 5 ათასი ყველაზე გაჭირვებული ადამიანისთვის ყოველთვიურად დაენიშნა ხელფასები. ასევე, სურდა, სოფლის მეურნეობის აღმავლობისთვის პირველ ეტაპზე ასი მილიონი დაებანდებინა; ეკლესიებისა და საყდრების რესტავრაცია თავის თავზე აეღო, თუმცა რამდენიმე თვის წინ აეროპორტში როცა ჩამოფრინდა, იძულებული გახადეს, ამ პროექტებთან ერთად უკან წასულიყო.
„მინდია გულუას სურს, საქართველოში ქართველი ხალხის სასიკეთოდ ჩამოვიდეს. ამ ეტაპზე მოქალაქეობის პრობლემა აქვს. ჩვენი სურვილია, ამ ლეგიტიმურმა ბიზნესმენმა, რომელსაც ფული ლეგიტიმურად და თავისი შრომით აქვს ნაშოვნი, თანხა საქართველოს მოსახლეობაში დააბანდოს და ხალხს დაეხმაროს. პარტიაში მისი შემოსვლის არავითარი შანსი ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ შემდგომში, როცა მოქალაქეობას მიიღებს, თავისთავად გვერდში დაუდგება თავის დას და იმ ქართველებს, რომლებიც მომავალი ახალი საქართველოსთვის იბრძვიან,“ – გვითხრა ვალერი გაბელიამ, „განახლებული საქართველოს“ ყრილობის თავმჯდომარემ, ეროვნული მოძრაობა „ჭყონდიდელის“ პრეზიდენტმა.
რადგან ამ ეტაპზე მინდია გულუას მხრიდან პარტიის დაფინანსებას გამორიცხავენ, პარტიის წევრები გვარწმუნებენ, რომ დაფინანსებას ადგილობრივი მოსახლეობისა და ეროვნული ხალხისგან ღებულობენ.
სხვათაშორის, ხუბუტიასთან და ებრალიძესთან მის კავშირსა და კონტაქტებს პარტიაში გამორიცხავენ. მეტიც, თურმე ებრალიძესთან დაპირისპირებულიც ყოფილა. ხუბუტიასთან კი ძალიან უსიამოვნო ლაპარაკი მოსვლია, რადგან ხუბუტიას სულ „სხვა პიროვნებებთან“ აქვს კავშირები. კერძოდ, რუს ოლიგარქებთან, რუსეთის ხელისუფლებასთან და სხვებთანაც... გულუა კი მუშაობის ასეთი პრინციპის წინააღმდეგი ყოფილა.
გულუას პარტიაში ელიან კიდეც, რომ ხელისუფლება მათთისაც რუსული იარლიყის მიწებებას შეეცდება, მაგრამ იმედოვნებენ, რომ ხელისუფლებას ამის დამტკიცება გაუჭირდება. რუსოფილობის გამოსარიცხად კი აცხადებენ, რომ მინდია გულუა მარტო რუსეთის ბიზნესმენი არ არის, ის დასავლეთის ქვეყნებისა და აშშ-ის ბიზნესწრეებშიცაა ჩართული და, ამავე დროს, დასავლურ პოლიტიკურ წრეებსა და ექსპერტებთან თანამშრომლობს.
„ახალი მემარჯვენეების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილი წევრის დავით ფაცაციას პარტიიდან წასვლას არ მისტირიან. არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, ფაცაცია ივანიშვილთან გადავიდა. თუმცა ამაყობენ, რომ ბიძინა ივანიშვილთან მისული ხალხი მათ პარტიაში წევრიანდება. მართალია, არ აკონკრეტებენ, ვინ ისურვა ივანიშვილის ნაცვლად მათთან თანამშრომლობა და არც მიზეზს ასახელებენ, რატომ ამჯობინეს ივანიშვილს გულუა, მაგრამ ამას ამ პიროვნებების იმიჯის დაცვით ხსნიან. „არ მინდა, იმ პიროვნებებს შეურაცხყოფა მივაყენო და დაგიკონკრეტოთ, მაგრამ ასეთები ძალიან ბევრია. ისინი გვეუბნებიან, თქვენთან გვინდა, რადგან ვიცით, ჩვენი სიტყვა აქ უფრო გაჭრისო,“ – აცხადებს ვალერი გაბელია.