ესპანეთმა ავღანეთიდან სამხედრო კონტინგენტის გამოყვანა დაიწყო. ამის შესახებ "ესოშიეთედ პრესი" იუწყება.
ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეების გარდა, ავღანეთის პროვინცია ბაღდისის ქალაქ ქალა-ი-ნაუს სამხედრო ბაზიდან ესპანეთს საბრძოლო ტექნიკა და აღჭურვილობაც გამოჰყავს.
ავღანეთში ესპანელები მხოლოდ ჰერატის სამხედრო ბაზაზე დარჩებიან, რომელსაც 2014 წელს დატოვებენ.
ამ დროისთვის ავღანეთში 1 606 ესპანელი სამხედრო და ოფიცერია. ავღანური მხარის ინფორმაციით, 2003 წლიდან მოყოლებული, როცა ესპანური კონტინგენტი ავღანეთში შევიდა, 100 ესპანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.