ახალი ხელისუფლების პირობებში უკანონო მოსმენა ვირუსების მეშვეობით არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
როგორც კბილაშვილმა აღნიშნა, თუ ირაკლი ოქრუაშვილი მოსმენებთან დაკავშირებით ხელისუფლების ცვლილების შემდგომ პერიოდზე საუბრობს, "საკითხში ფაქტობრივი უსწორობაა".
"თუ მისი მხრიდან ამჟამინდელ მდგომარეობაზეა საუბარი, მისი განცხადება შეუსაბამოა. ახალი ხელისუფლების პირობებში უკანონო მოსმენა ვირუსების მეშვეობით არ მიმდინარეობს და შესაბამისად, თუ მისი განცხადება შეიცავდა ინფორმაციას, რომ ეს ხდებოდა ახალი ხელისუფლების პირობებში, მაშინ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება", - განაცხადა კბილაშვილმა, რომლის კომენტარსაც "მეცხრე არხი" ავრცელებს.
ყოფილი თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გუშინ "ღია ეთერში" განაცხადა, რომ მას ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საფრანგეთში უსმენდნენ.
"კიდევ ერთი საინტერესო საქმე, რომელზეც პროკურატურაში გასულ კვირას ვიყავი - ეს არის უკანონო მოსმენების საქმე, სადაც მგონი პროკურატურა აპირებს დაზარალებულად მცნოს იმის გამო, რომ ჩემი კომპიუტერის მეშვეობით ისმინებოდა ჩემი საუბრები საფრანგეთში უკვე მთავრობის ცვლილების, 1-ელი ოქტომბრის შემდეგ, ოქტომბერ-ნოემბერში სრულად. ეს კეთდებოდა თავდაცვის სამინისტროდან გამოგზავნილი ვირუსებით, სამხედრო პოლიციის ოპერტიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ, რომელიც ახალი დანიშნული იყო ახალი ხელისუფლების პირობებში. მე თვითონ ძალიან მაინტერესებს, ვინ იყო ამის ინიციატორი - ამას აკეთებდა თავის ინიციატივით?!, რაც მე მაგალითად არ მჯერა, თუ აკეთებდა ვინმეს დავალებით?!", - აღნიშნა ოქრუაშვილმა და დასძინა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სხვა დეტალებზე ვერ ისაუბრებს.