იაგო ნაცვლიშვილი, “რეზონანსი“
ბოლო ორი დღის განმავლობაში ბანკი "ქართუს" ფილიალებში საზოგადოების აქტიურობა შეინიშნება. ბანკის კლიენტთა მომსახურების ცენტრის უფროსმა ეკა კილაძემ "რეზონანსს" განუცხადა, რომ ბოლო ორ დღეში "ქართუს" ფილიალებში 1500-მდე მეანაბრემ გახსნა ანგარიში. თანხა სხვადასვაგვარია - 10 ლარიდან ზემოთ.
"ქართუ ბანკის" ფილიალებში ანგარიშების გახსნა ორი დღეა, რაც ძალიან გააქტიურებულია. ეს ჩვეულებრივი შემთხვევა არ არის, რადგან ორი დღის განმავლობაში დაახლოებით 1500-მდე ანგარიშია გახსნილი. ვისაც საბანკო საქმე კარგად ესმის, მიხვდება, რომ ეს კოლოსალური რიცხვია.
"თანხის რაოდენობა შეზღუდული არ არის. ამიტომ, ვისაც რისი საშუალება და სურვილი აქვს, თანხაც იმის მიხედვით შემოაქვს. ფულის შემოტანა 10 ლარიდან იწყება.
"ჩემი აზრით, საზოგადოების დიდი ნაწილი ჩვენს ბანკში ანგარიშებს იმიტომ ხსნის, რომ ამით ბანკის მფლობელს, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს სოლიდარობას უცხდებს", - ამბობს ეკა კილაძე.
"ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა კი განგვიცხადა, რომ მოსახლეობა ტრადიციულად სხვადასხვა სახის ანაბრებს ხსნის.
"ხალხი ანაბრებს სიმბოლურად ხსნის და არა მატერიალური სარგებლისთვის. ამ შემთხვევაში რამდენ პროცენტიან ანაბრებს ხსნიან, ამაზე საუბარი არც უნდა იყოს", - აღნიშნა ჯავახიშვილმა.
გუშინ ანაბრები "ქართუ ბანკის" ცენტრალურ ფილიალში "ქართული აკადემიის" წარმომადგენლებმაც გახსნეს, ასევე საზოგადოების ცნობილმა სხვა სახეებმაც, რომლებიც "რეზონანსთან" ამბობენ, რომ მათ ანგარიშები სიმბოლურად გახსნეს, რითაც ბიძინა ივანიშვილს და "ქართუ ჯგუფს" სოლიდარობას უცხადებენ.
ნუკრი ქანთარია, "ქართული აკადემიის" წევრი: "ქართუში" ანგარიში იმიტომ გავხსენით, რომ ამით სიმბოლურად ივანიშვილს სოლიდარობა გამოვუცხადეთ. "ქართუ ჯგუფმა" ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით ქართული კულტურა და ხელოვნება განადგურებას გადაარჩინა. ახლა, როდესაც ბიზნესმენს ხელისუფლებამ საფრთხე შეუქმნა, ჩვენი, მოქალაქეების ვალია, რომ მის გვერდით დავდგეთ და მას მხარდაჭერა აღვუთქვათ.
"ეს ერთგვარი აქციაა, რითაც ხელისუფლებას ვეუბნებით, რომ ბანკის მიმართ ზეწოლის განხორციელების უფლებას არ მივცემთ. რა თქმა უნდა, ჩვენი პირადი ანგარიშები მატერიალურად ბანკს დიდ მოგებას ვერ მოუტანს".
თემურ ნანეიშვილი, ქართული აკადემიის" წევრი: "ქართული აკადემია" უსამართლობას არასოდეს ვეგუებოდით და არც ახლა შევეგუებით. ჩემი აზრით, მიმდინარე პროცესებზე ყოველთვის ადეკვატური რეაქციები გვქონდა. როდესაც ხელისუფლება ბანკის მიმართ ღიად სჩადის უსამართლობას, მას გვერდით უნდა დავუდგეთ და სოლიდარობა იმ ბანკს უნდა გამოვუცხადოთ, რომლის მფლობელმაც პოლიტიკაში წასვლის განცხადება გააკეთა და მასზე ზეწოლა ამის შემდეგ დაიწყო.
"ჩვენი მხრიდან მისადმი ფინანსურ მხარდაჭერაზე საუბარი ცოტა სასაცილოა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მას მორალურ მხარდაჭერას ვუცხადებთ. საზოგადოება შიშის დაძლევის წინაშე ვდგავართ. ძალიან ბევრი ადამიანი ხსნის ანგარიშს და ეს პროცესი გაგრძელდება.,რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხმა შიშის ფაქტორი მოიხსნა, რადგან ის "საპნის ბუშტი", რასაც ხელისუფლების პიარ-მანქანა ჰქვია, უკვე კრიტიკულ ზღვარზეა და მალე გასკდება".
ნანა კაკაბაძე, ა/ო "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე: "საქართველოს ხელისუფლება ყველანიარ საერთაშორისო ნორმებს არღვევს, ის პოლიტიკურ ოპონენტებს პირდაპირ უპირისპირდება და ფაქტობრივად მოწინააღმდეგეს ივანიშვილის სახით პოლიტიკური ომი გამოუცხადა. ჩემი, როგორც უფლებადამცველის და მოქალაქის ვალია, რომ ამ დროს მას თანადგომა გამოვუცხადო".
გურამ ფირცხალავა, მსახიობი: "ბიძინა ივანიშვილზე, ამ ანგელოზ კაცზე შეტევაა და მისი გაკოტრება უნდათ. მე აქ მოსული გუშინაც ვიყავი და ანგარიში გავხსენი. გუშინ ერთმა ჩემმა ძმაკაცმა პროცენტიანი ვალი აიღო, რათა ბანკ "ქართუში" ანგარიში გაეხსნა.
"როგორც დედაჩემისა და მამაჩემის მიმართ ვიქნებოდი ერთგული, ამ კაცის მიმართაც ზუსტად ასეთი განწყობა მაქვს".
ზაზა პაპუაშვილი, მსახიობი: "ბიძინა ივანიშვილს სოლიდარობას ვუცხადებ და ანგარიშიც სიმბოლურად გავხსენი. ჩვენ ყველანი ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენას შეგნებით უნდა მოვეკიდოთ და მისი გამოჩენის მნიშვნელობა გავიგოთ.
"საქართველოს ისტორიაში ყოველთვის ასე იყო, რომ კონკრეტული ადამიანები მოევლინებოდნენ ხოლმე ქვეყანას გადასარჩენად. ილია ჭავჭავაძე მიძინებულ ქვეყანას მოევლინა და მერე გარშემო თანამოაზრეები შემოიკრიბა.
"მთელი 20 წელი ვერაფერს ვაკეთებდით, შემდეგ ქვეყნის სათავეში სააკაშვილის ხელისუფლება მოვიდა და ქვეყანა განადგურებამდე მიიყვანა, თავისი ფსევდო-ევროპული ფასეულობებით. ფასადებით და არა რეალური ფასეულობებით, ჯინსებით და "ზულაჩკებით" და არა ევროპული განათლებითა და ხელოვნებით".
888
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85