„ვინც დაასწრებდა გასროლას, ცოცხალიც ის რჩებოდა“

„ვინც დაასწრებდა გასროლას, ცოცხალიც ის რჩებოდა“

[გეგა ბერიძე]
აგვისტოს ომის ორ წლისთავზე რუსი გენერალი კოდორის ხეობის ოკუპაციის დეტალებზე საუბრობს. ანატოლი ზაიცევის მტკიცებით „კოდორის ხეობის გათავისუფლების ოპერაციის წარმატების საიდუმლო მის საგულდაგულოდ მომზადებაში იყო“. მისივე თქმით, ე.წ. აფხაზი მებრძოლების წინაშე იდგა ამოცანა, მაქსიმალურად მცირე ყოფილიყო ადამიანური დანაკარგი და იგი მიღწეულ იქნა კიდეც.

სეპარატისტულ აფხაზეთში „მოღვაწე“ რუსი გენერალი ანატოლი ზაიცევი აფხაზურ მედიასთან ზემო აფხაზეთზე შეტევის მომზადების შესახებ ყვება.ზაიცევი აცხადებს, რომ ე.წ. გათავისუფლების ოპერაციის დაწყებამდე „საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობდა ადგილობრივ მოსახლეობასთან, იმისათვის, რომ არ მომხდარიყო მათი ჩართვა ოპერაციაში ქართული მხარის დახმარების მიზნით“.

„გათავისუფლების ოპერაციის დაწყებამდე, საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობდა ადგილობრივ მოსახლეობასთან, იმისათვის, რომ ისინი არ ჩართულიყვნენ სამხედრო ოპერაციაში ქართული მხარის დახმარების მიზნით“, – აცხადებს ზაიცევი.

მისივე თქმით, „კოდორის ხეობა იყო აფხაზეთის ერთადერთი რეგიონი რომელიც საქართველოს კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა“, – განაცხადა ზაიცევმა სოხუმში გამართულ მრგვალი მაგიდაზე სახელწოდებით – „აფხაზეთი ხუთდღიან ომში – გაკვეთილები და დასკვნები“.

„განთავისუფლების ოპერაცია“ – ყველაზე უსისხლო იყო, იმიტომ რომ მხოლოდ ერთი ადამიანი დაიღუპა, ისიც შემთხვევით. მხოლოდ აფხაზეთში, ისიც მეტნაკლებად იციან, რომ ეს ოპერაცია დაგეგმილი და განხორციელებული იყო საკუთარი ძალებით. საქართველოშიც და რუსეთშიც და საერთოდ მთელს მსოფლიოში მიიჩნევენ, რომ ქართველმა მებრძოლებმა იარაღი რუსული არმიის ზეწოლის ქვეშ დაყარეს“, – განაცხადა ზაიცევმა.

აფხაზური მედია ასევე აღნიშნავს, რომ ანატოლი ზაიცევი, რომელიც მაშინ აფხაზური ე.წ. არმიის გენშტაბის უფროსი იყო თავად იყო ერთ-ერთი ავტორი ზემო აფხაზეთის „განთავისუფლებისა“. მისი მტკიცებით – „კოდორის ხეობის გათავისუფლების ოპერაციის წარმატების საიდუმლო მის საგულდაგულოდ მომზადებაში იყო“.

„ბევრს ეგონა, რომ ყველაფერი ძალიან მარტივად იყო: ჩვენ მივედით და ისინი გაიქცნენ. ასე მარტივად საქმე არ ყოფილა. უპირველეს ყოვლისა ჩვენ ჩვენი დაზვერვის მუშაობა გავააქტიურეთ. დაზვერვის რადიოტექნიკური ცენტრი ერთი ადგილიდან მეორეზე გადავიტანეთ. ჩვენ მთლიანად ვუყურებდით და ვუსმენდით კოდორს. მეორე იყო ის, რომ – კაპიტან ქიშმარიას სამთომსროლელი რაზმი მუდმივად დადიოდა მოწინააღმდეგის ზურგში. ამ რაზმმა მრავალი შეტაკებაც გადაიტანა, იყო პირისპირ შეჯახების შემთხვევებიც. ვინც დაასწრებდა გასროლას ცოცხალიც ის რჩებოდა“, – ყვება ზაიცევი.

მისივე თქმით, ე.წ. აფხაზი მებრძოლების წინაშე იდგა ამოცანა, მაქსიმალურად მცირე ყოფილიყო ადამიანური დანაკარგი და იგი მიღწეულ იქნა კიდეც.

მიზეზებზე საუბრისას, რომელთა გამოც ქართული მხარისათვის ზემო აფხაზეთის ოპერაცია წარუმატებლად დასრულდა ანატოლი ზაიცევი აცხადებს, რომ – „ქართველი სამხედროები მორალურად გატეხილნი იყვნენ“.

გენერალ ზაიცევის ზღვარგადასული ბაქი–ბუქობა იქით იყოს და მართლაც რა მოხდა ზუსტად ორი წლის წინ კოდორის ხეობაში? ეს არის კითხვა, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს დღემდე აწუხებს ჩვენში. კოდორის უბრძოლველად დათმობა, მოსახლეობის ევაკუაცია და შემდგომ ჯარის მიერ ხეობის დატოვება, შეიძლება ითქვას, თვალის დახამხამებაში მოხდა. კოდორის ხეობა კი იყო აფხაზეთის ტერიტორიის ერთადერთი ადგილი, რომელსაც ქართული მხარე აკონტროლებდა.

კოდორის ხეობის დატოვებისას ქართულ შენაერთებს საბრძოლო ტექნიკა არ გაუნადგურებიათ. ამასთან ქართული მხარის მიერ ხეობის დატოვებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი დაუდასტურებელი ინფორმაცია არსებობს. ერთ–ერთი ვერსიით, აფხაზებმა ქართულ შენაერთებს ხეობიდან კორიდორი გაუკეთეს და ამიტომ არ გაანადგურეს ტექნიკა. მეორე ვერსიით, თითქოს, თბილისის ხელშეუხებლობის გარანტად ჩვენმა ხელისუფლებამ კოდორი დათმო. რეალურად რა მოხდა ხეობაში, ამ კითხვას პასუხი ალბათ ადრე თუ გვიან სრულად გაეცემა.

ამასობაში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამო კოდორის ხეობიდან გამოსული ქართველების რამდენიმე ოჯახი უკან დაბრუნდა. თავის დროზე ხეობაში 2570 კაცი (800 ოჯახამდე) ცხოვრობდა. ამჟამად კი 40 ოჯახამდეა დაბრუნებული. აქედან 12 ოჯახის წევრები ხეობაში არსებულ ორ ჰესს ემსახურებიან. საკენიდან 25 კილომეტრში აშენებული ჰესი ზაფხულობით მუშაობს და 2,5 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ხოლო ზამთარში აჟარაში ბრამბას ჰესი 800 კილოვატს გამოიმუშავებს.

არსებული ინფორმაციით, საკენში, გვანდრაში (2 ოჯახი), გენწვიშში, აჟარაში (8 ოჯახი), გამოღმა გენწვიშში (2 ოჯახი) დაბრუნდნენ სვანები – გუჯეჯიანები, გურჩიანები, ჩხეტიანები, ვიბლიანები, მარგველანები. არავინ ცხოვრობს ომარიშარაში. ხეობაში ქართული ისმის და ქართულ ენაზე ზოგიერთი წარწერაცაა შემორჩენილი. სვანები ხნავენ და თესავენ – ცხოვრებას აგრძელებენ.

როგორც ამბობენ, სოხუმის ხელისუფლება მათ დიდად არ ავიწროებს. აქ მხოლოდ 10 აფხაზი „მესაზღვრე“ დგას. გაურკვეველია რუსი მესაზღვრეების რიცხვი. ზოგიერთი ინფორმაციით, მათი ოდენობა 150 სამხედრომდე აღწევს, თუმცა ისინი ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაში დიდად არ ერევიან.

ერთია, რომ ხეობაში საცხოვრებელი ნებართვის ასაღებად აქაურებს სოხუმთან დაკავშირება უხდებათ. სვანები საშვს ერთი კვირის განმავლობაში მიიღებენ და ზუგდიდისა და გალის ადმინისტრაციული საზღვრიდან გადადიან აფხაზეთში, შემდეგ კი სოხუმიდან ადიან ხეობაში. არსებული ინფორმაციით, სოხუმის ხელისუფლება ხეობისთვის მებრძოლ სვანებს არ უკრძალავს კოდორში ჩასვლას; კოდორში არ უშვებენ 1992-1993 წლების აფხაზეთის ომში მონაწილეებს.

აგვისტოს ომის შემდეგ ხეობაში დაბრუნდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ძებნილი „შავ სამყაროსთან“ დაახლოებული სამი პიროვნებაც: მარგველანი (შარშან გარდაიცვალა), ზაზა გურჩიანი და ემზარ კვიციანის დის – ნორა კვიციანის შვილი ბაჩუკი არღვლიანი. ხეობაში არ გამოჩენილა თავად ემზარ კვიციანი. აფხაზური გამგებლის ფუნქციებს ზაზა გურჩიანი ასრულებს, რაც, ძირითადად, ხეობაში ჩასულ აფხაზებთან ურთიერთობით შემოიფარგლება.

ცნობისთვის, კოდორის ხეობა (აფხ.: Кәыдырҭа) – მდინარის ხეობა აფხაზეთში, რომელიც დე-ფაქტო საზღვრის ფუნქციას ასრულებს საქართველოს მთავრობასა და სეპარატისტთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს შორის. ხეობის ზემო ნაწილი, დასახლებული სვანებით, ერთადერთი კუთხეა 1993 წლამდე აფხაზეთის, რომელსაც საქართველოს ცენტრალური მთავრობა აკონტროლებს და რომელსაც ოფიციალურად ზემო აფხაზეთს უწოდებს.

2008 წლის აგვისტოში სეპარატისტებმა რუსეთის რეგულარული არმიის დახმარებით დაიწყეს შეტევები კოდორის ხეობის (ზემო აფხაზეთი) მიმართულებით. ხეობაში შეყვანილი იქნა რუსეთის რეგულარული არმიის კუთვნილი 135 ერთეული მძიმე ჯავშანტექნიკა, მრავალი საარტილერიო დანადგარი მათ შორის ე.წ „გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის მწარმოებელი იარაღი. ხეობას რამდენიმე დღის მანძილზე ბომბავდა რუსული ავიაცია. თავდასხმის შედეგად სეპარატისტებმა დიდი ზარალი ნახეს, თუმცა მათ ზურგს რუსეთის რეგულარული არმია უმაგრებდა. შედეგად 3 მასირებული შეტევის მოგერიების მიუხედავათ ქართულმა მსუბუქად შეიარაღებულმა საპოლიციო ნაწილებმა უკან დაიხიეს და 12 აგვისტოს დატოვეს ხეობა.

პოლიციის ნაწილებთან ერთად ხეობა დატოვა მშვიდობიანი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა (1893 ადამიანმა), რომელმაც მესტიის რაიონს შეაფარა თავი. უმეტესობა დღემდე დევნილობაში რჩება. ამრიგად, აფხაზეთის ოკუპაციიდან 15 წლის შემდეგ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ ავტონომიის ერთადერთი კონტროლირებადი ნაწილი კოდორის ხეობა სეპარატისტთა ხელში გადავიდა.