ახალი თავშესაფარის ძიებაში

ახალი თავშესაფარის ძიებაში

„ახალი მემარჯვენეების“ გენმდივანმა თანამდებობა დატოვა და პარტიის რიგით წევრად რჩება. გადამდგარი გენმდივანი დავით საგანელიძე ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ მასსა და პარტიის კომიტეტს შორის „სტრატეგიულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა“ ყოფილა.

საგანელიძის მიერ პარტიის დატოვების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა, მაგრამ თავად ირწმუნება, რომ თანამდებობა ერთი თვის წინ მაინც აქვს დატოვებული.

„ძალიან გამიკვირდა, რომ მაინცდამაინც დღეს ატყდა ასეთი ამბავი, რადგან ეს არ არის გუშინ და გუშინწინ მიღებული გადაწყვეტილება. დაახლოებით ერთი თვეა, რაც დავწერე განცხადება და დავტოვე პარტიის გენმდივნის თანამდებობა და მთავარი კომიტეტი. ანუ, ეს ორივე ის ორგანოა, რომელიც არის გადაწყვეტილების მიმღები“, - ამბობს საგანელიძე presage.tv-სთან საუბრისას.

სწორედ იმის გამო, რომ ეს ორივე ორგანო პარტიაში გადაწყვეტილების მიმღებია და ამასთან, გენმდივნის თანამდებობა პარტიულ იერარქიაში მეორეა, თავმჯდომარის შემდეგ, მისი გადაწყვეტილება საკმაოდ ბევრ კითხვას აჩენს. პირველ რიგში კი იმას, თუ რამ განაპირობა მის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება.

თავად საგანელიძე ამას ერთი შეხედვით „ძალიან მარტივი და უბრალო მიზეზით“ ხსნის.

„მიზეზი იყო ძალიან მარტივი. არის მთელი რიგი საკითხები, პარტიის სტრატეგიული ხედვა, განვითარების პერსპექტივები და საერთოდ ის სტრატეგიული თემები, რაზეც მე მაქვს განსხვავებული ხედვები, ვიდრე პარტიის დანარჩენ წევრებს. ამიტომ შეუძლებელია, რომ პარტიის ხელმძღვანელობამ ასე მიიღოს გადაწყვეტილებები და ამიტომ მე ჩავთვალე საჭიროდ, რომ ეს თანამდებობა დამეტოვებინა“,- ამბობს საგანელიძე და აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ მას პარტია არ დაუტოვებია და არც აპირებს.

მაგრამ ამ შემთხვევაში საინტერესო ის არის, რომ თუ ის გადაწყვეტილებები, რასაც პარტიის ხელმძღვანელობა იღებდა, მიუღებელი იყო გენმდივნისთვის, როგორ შეიძლება მისაღები იყოს რიგითი წევრისთვის.

„მე მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად გამართლებულია. შეიძლება პარტიის წევრი იყო და რაღაც შემთხვევებში არ ეთანხმებოდე პარტიის მთავარი კომიტეტის ან რომელიმე გადაწყვეტილებას, ან რომელიმე განცხადებას. მე ისევ ვიმეორებ, რომ პარტიას ათასობით წევრი ჰყავს და ყველას დაშტამპული შეხედულება ვერ ექნება. მაგრამ მე პარტიის დატოვების საფუძველი ნამდვილად არ მაქვს. იმიტომ, რომ ჩემთვის ეს პარტია არ არის რიგითი პარტია, რომ სადმე გადავხტე და გადმოვხტე. სხვა არც ერთ პარტიაში არ ვყოფილვარ, ეს პარტია შევქმენი ჩემს მეგობრებთან ერთად, დღემდე მოვიტანეთ და ასეც გავაგრძელებთ. ასე რომ, პარტიის რიგით წევრად ყოფნა მე არ მავალდებულებს იმას, რომ ყველა განცხადებას, რომელიც პარტიის სახელით კეთდება, მე ხელი მოვაწერო“, -აცხადებს საგანელიძე.

ყველაზე არსებითი კი სწორედ ის არის, რომ მას არ მოუწევს იმ გადაწყვეტილებებზე ხელის მოწერა, რასაც ახალი მემარჯვენეები იღებენ. ამიტომაც მნივშნელოვანია, თუ რა სტრატეგიული გადაწყვეტილება აღმოჩნდა საგანელიძისთვის მიუღებელი.

ბოლო პერიოდში ახალი მემარჯვენეების სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო მათ მიერ „ალიანსის“ დატოვება, როდესაც ირაკლი ალასანიას, მათი და რესპუბლიკელების 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შექმნილი ერთობა დაიშალა და ბოლოს „ახლების“ მიერ „რვიანის“ დატოვება და ხელისუფლებასთან საარჩევნო შეთანხმების გაფორმება და ამით „რვიანის“ დაშლა.

ამიტომაც დიდი ალბათობაა იმისა, რომ მათ შორის უთანხმოება სწორედ ამ საკითხებმა გამოიწვია.

აღსანიშნავია ისიც, რომ საგანელიძესა და პარტიის ხელმძღვანელობას შორის აზრთა სხვადასხვაობაზე ინფორმაცია ჯერ კიდევ მაშინ გახმაურდა, როდესაც გამყრელიძემ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა. მაშინ ისიც ითქვა, რომ საგანელიძე პარტიის დატოვებას აპირებდა, მაგრამ მაშინ მას ეს გადაწყვეტილება არ მიუღია და გავრცელებული ინფორმაცია ჭორად მოინათლა.

ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, მეორე უთანხმოება მათ შორის უკვე „ალიანსის“ დაშლის შემდეგ მოხდა და მეორედ მაშინ არსებობდა ინფორმაცია, რომ საგანელიძე პარტიის დატოვებას აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ ამ პრობლემის მოგვარებაც მოხერხდა.

ყველაზე არსებითი კი, როგორც ჩანს, „ახლების“ მიერ სწორედ ბოლოს მიღებული გადაწყვეტილებები აღმოჩნდა, რომელიც ხელისუფლებასთან საარჩევნო შეთანხმების გაფორმებას ითვალისწინებს.

სწორედ ეს შეთანხმება აღმოჩნდა წყალგამყოფი ოპოზიციის ფლანგებს შორის და „ახლები“ ქდმ-სთან ერთად აღმოჩნდა ის მთავარი ძალა, რომელმაც ოპოზიციის ერთიანობა დაშალა და რეალურად ხელისუფლებას საშუალება მიეცა, რომ ოპოზიციასთან შეთანხმებად გააფორმოს ის, რაც მხოლოდ თავად სურს.

ცხადია, ეს კიდევ სხვა თემაა, მაგრამ ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ ამ საკითხსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა, რადგან მან მაშინვე თქვა, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმებაში მყოფ ოპოზიციასთან თანამშროლობას არ აპირებს.

თუკი იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ ივანიშვილის ეს განცხადება სწორედ ერთი თვის წინ გაკეთდა, დროში უკვე საგანელიძის მიერ გენმდივნობის დატოვების თარიღსაც ემთხვევა. იგი თავად ამბობს, რომ განცხადება ერთი თვის წინ დაწერა.

ეს გარკვეულწილად იმაზე მიანიშნებს, რომ მას და პარტიის ხელმძღვანელობას შორის უთანხმოება გარკვეულწილად ამ საკითხსაც უკავშირდება. თუმცა, თავად საგანელიძეს ამ თემაზე საუბარი არ სურს.

„რაც შეეხება იმას, თუ რა საკითხებია, ეს ჩვენი შიდა სამზარეულოა და ამის სააშკარაოზე გამოფენას ნამდვილად არ ვაპირებ. რას ვეთანხმებოდი და რას არა, ეს ჩვენი საქმეა და ნამდვილად არ მინდა, სააშკარაოზე გამოვიტანო, თუ რომელ ეტაპზე რას ვლაპარაკობდით და რას – არა. ეს ჩემი უფლებაა და ბოდიშს გიხდით, რომ ამ სიღრმეებში არ შევდივარ“, - ამბობს საგანელიძე.

მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ბოლო დროს ლამის უკვე ტენდენციად იქცეს პარტიების მიერ ივანიშვილთან მისასვლელი გზების ძებნა. სხვა საკითხია, საგანელიძის ამ გადაწყვეტილებას თუ თავად საგანელიძეს „ახლები“ ამ მიზნისთვის რამდენად გამოიყენებენ, მაგრამ ფაქტია, რომ გუშინ სწორედ „ახლების“ და ქრისტიან-დემოკრატების მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ ისინი ივანიშვილთან თანმშრომლობისთვის მზად არიან.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის წერილში, რომელიც დაახლოებით სამი კვირის წინ გამოქვეყნდა, ნათქვამი იყო, რომ რამდენიმე პარტიასთან არ ითანამშრომლებდა და მათ შორის დასახელებული იყვნენ ქრისტიან-დემოკრატები და ახალი მემარჯვენეები.

თავის მხრივ კი არც ის პარტიები, რომლებიც ივანიშვილის ამ წერილში გარიყულთა რიგებში აღმოჩნდნენ, იშურებდნენ ივანიშვილის მიმართ ისეთ განცხადებებს, რომ, თითქოს, მისი ეს პოზიცია საერთოდ არ ადარდებდათ. ახლა კი ახალი მემარჯვენეებიც და ქრისტიან-დემოკრატებიც აცხადებენ, რომ ივანიშვილთან თანამშრომლობას არ გამორიცხავენ.

ამ შემთხვევაში, ცხადია, მნიშვნელოვანი ის არის, თუ თავად ივანიშვილს რა პოზიცია ექნება, მაგრამ საინტერესოა ისიც, რომ ამ პარტიებმა აშკარად მასთან მისასვლელი გზების ძებნა დაიწყეს.

ეს კი, ალბათ, გასაკვირიც არ უნდა იყოს, თუკი ხელისუფლებიდან გამოსულ ინფორმაციას გავითვალისწინებთ. ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ სააკაშვილმა ნაციონალებს შიდა გამოკითხვა ჩაატარებინა და მოითხოვა, რომ მისთვის შეულამაზებელი ინფორმაცია მიეწოდებინათ. ეს ინფორმაცია კი ის ყოფილა, რომ ყოველი ხუთი ადამიანიდან ოთხი დაბეჯითებით ამბობს, რომ ხმას ივანიშვილს და მის გვრედით მდგომ პოლიტიკურ ძალებს მისცემს.

ცხადია, ეს ინფორმაცია სააკაშვილისთვის ძალიან არასასიამოვნო იქნებოდა და ამიტომაც ნაციოანალებს დავალება აქვთ, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეთ, საზოგადოებაში განწყობა შეცვალონ.

ეს როგორ და რა მეთოდებით გაკეთდება, ალბათ, ნელ-ნელა გამოჩნდება. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ სააკაშვილს ხელისუფლების სატელიტი პარტიების ჩამოშორების გადაწყვეტილებაც მიუღია. მათ შორის საუბარია საარჩევნო შეთანხმების მონაწილე პარტიებზეც. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ „ახლებმა“ და ქრისტიან-დემოკრატებმა გამოსავლის ძიება დაიწყეს.