ეროვნული ბანკის იერიშს “ქართუმ” კონტრიერიშით უპასუხა

ეროვნული ბანკის იერიშს “ქართუმ” კონტრიერიშით უპასუხა



ეროვნული ბანკი “ქართუზე” ზეწოლას მოხდენას ცდილობს, მაგრამ თავად აღმოჩნდა უხერხულ სიტუაციაში. გიორგი ქადაგიძის უწყების იერიშს, ნოდარ ჯავახიშვილმა და “ქართუმ” სწრაფი მანევრით უპასუხა და სებ-ი უკანონო ქმედებებში დაადანაშაულა.

ბანკმა „ქართუ” საქართველოს ეროვნულ ბანკს მყისიერად უპასუხა. “საქართველოს ეროვნული ბანკის 1-ელი ნოემბრის განცხადების პასუხად ბანკ „ქართუს” სამეთვალყურეო საბჭო სრული პასუხისმგებლობითა და კატეგორიულად აცხადებს, რომ გრძელდება ბანკზე პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლა, მათ შორის - საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან, რომლის მიზანია შექმნას რაიმე, თუნდაც აბსოლუტურად უსაფუძვლო საბაბი ბანკში დროებითი ადმინისტრაციის შემოსაყვანად. 

სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეროვნული ბანკის მიერ 18 ოქტომბრიდან გადადგმული ბანკ „ქართუ”– სთან დაკავშირებული თითოეული ნაბიჯი, მათ შორის ის ერთი შეხედვით მხარდამჭერი განცხადებები, რომლითაც ეროვნული ბანკი სთავაზობს ფინანსურ მხარდაჭერას კომერციულ ბანკს, რომლის ანგარიშგებებსაც ყოველდღიურად აანალიზებს და ამ ბაზაზე, ყველაზე უკეთ მოეხსენება, რომ ასეთი სახის დახმარებას ბანკი „ქართუ” ამ ეტაპზე აბსოლუტურად არ საჭიროებს”, - ნათქვამია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნოდარ ჯავახიშვილი განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკი შეგნებულად უკეთებს იგნორირებას კომერციული ბანკის ნებისმიერ სამართლიან მოთხოვნას, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ბანკის მდგრადობის უზრუნველყოფას, უკავშირდება ასევე ბანკის სრულიად უსაფუძვლოდ და უპრეცენდენტო ძალადობით შელახული სახელისა და იმიჯის აღდგენასა თუ უკანონოდ ჩამორთმეული დიდი ოდენობის ფულადი სახსრების დაბრუნებას.

“ქართული საზოგადოება თავად გააკეთებს დასკვნას იმის თაობაზე, თუ რას უნდა უკავშირდებოდეს ეროვნული ბანკის პოზიცია, როდესაც ეს უკანასკნელი არ რეაგირებს ჩვენ მიერ განცხადებულ თუ თავისუფალი მედიის მიერ არაერთგზის გავრცელებულ ფაქტებზე, ბანკის კლიენტებზე განხორციელებული სერიოზული ზეწოლის შესახებ.  

გუშინ ეროვნული ბანკის შემმოწმებლებმა მოითხოვეს დეტალური პირადი ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ანგარიშის ნომერი და თანხა) ყველა იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირზე, რომელთაც გუშინ გამოხატეს ბანკისადმი მორალური მხარდაჭერა და გახსნეს ანგარიშები ჩვენ ბანკში”, - აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი.
არადა, სოლიდარობის მიზნით, “ქართუში” ანგარიში ათასობით ადამიანმა გახსნა. “ქართული აკადემიის” წევრის თემურ ნანეიშვილის ინფორმაციით, “ქართუ ბანკში” სიმბოლური ანგარიში 6000-მდე ადამიანმა გახსნა. გუშინ მათ “ქართული აკადემიის” წევრებიც შეუერთდნენ.

“პირველი, ვინც “ქართუ ბანკში” სიმბოლური ანგარიში გახსნა, პოეტი დავით მაღრაძე იყო. მის ინიციატივას მხარი ჩვენც დავუჭირეთ და საზოგადოებას შემოერთებისკენ მოვუწოდეთ. აღსანიშნავია, რომ სიმბოლური ანგარიში “ქართუში” უკვე რამდენიმე ათასმა ადამიანმა გახსნა და მათ რიცხვს “ქართული აკადემიის” წევრებიც შევუერთდით.

ბუნებრივია, ჩვენ ბევრი ფული არ გვაქვს, მაგრამ მთავარი ახლა მორალური მხარდაჭერაა და არა ფინანსური. დღეს ქვეყანაში შიშის სინდრომია გამეფებული, რაც უნდა გადაილახოს”, - განაცხადა ნანეიშვილმა. მისივე თქმით, სიმბოლური ანგარიშების გახსნის აქციას “ქართული აკადემიის” ქუთაისისა და ბათუმის განყოფილებებიც შეუერთდებიან.

საქართველოს ეროვნული ბანკმა “ქართუ ბანკის” სამეთვალყურეო საბჭო სებ-ის შემმოწმებელთა ჯგუფის მუშაობის მიზანმიმართულ შეფერხებაში გუშინ დაადანაშაულა. “მიზანმიმართულად ფერხდება ეროვნული ბანკის თანამშრომელთა ადგილზე მუშაობის პროცესი. მიუხედავად არაერთგზის მიმართვისა, სს “ბანკი ქართუს” სამეთვალყურეო საბჭომ ამ დრომდე არ უზრუნველყო შემოწმების ჯგუფისთვის შემოწმებისთვის საჭირო ინფორმაციაზე წვდომა. ეს ფაქტი კიდევ უფრო ართულებს და აჭიანურებს შემოწმების პროცესს”, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ნოდარ ჯავახიშვილი კი ქადაგიძის უწყებას პირიქით ადანაშაულებს და უკანონობაში სდებს ბრალს. საქმე ისაა, რომ სებ-ი “ქართუ ბანკის” მთავარი პროგრამის ჩატვირთვას მოითხოვს.

ჯავახიშვილის მტკიცებით, ეს უკანონო მოთხოვნაა და ერთადერთი რაზეც “ქართუმ” ეროვნული ბანკის თანამშრომლებს უარი უთხრა, სწორედ მთავარი პროგრამაა. მისივე თქმით, თანახმა არიან ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა ბანკში ყველა პროცესი შეამოწმონ, მაგრამ მთავარ პროგრამას არ ჩაუტვირთავენ. 

იმისათვის, რომ ბოლოს და ბოლოს ნათელი მოეფინოს ყველაფერს, ნოდარ ჯავახიშვილი საქართველოს ეროვნულ ბანკთან მიმოწერის “გახსოვთ, ოდესმე ჩვენს ხელისუფლებას ეთქვას, რომ ის მტყუანია და სხვა მართალი?! სპეციალური განცხადების გავრცელებასთან ერთად, ეროვნულ ბანკთან ჩვენს მიმოწერასაც გამოვაქვეყნებთ, რათა ყველამ ნახოს და წაიკითხოს, მათ თანამშრომლებს რამეში ვეწინააღმდეგებოდით თუ არა”, - დასძინა ჯავახიშვილმა.