ვალერია ნოვოდვორსკაია: „გამსახურდია და სააკაშვილი შორს არ არიან ერთმანეთისგან“

ვალერია ნოვოდვორსკაია: „გამსახურდია და სააკაშვილი შორს არ არიან ერთმანეთისგან“

ათიოდე დღის წინათ youtobe-ზე გავრცელდა ვალერია ნოვოდვორსკაიასა და კონსტანტინ ბოროვოის ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ისინი მიესალმებიან ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას. კერძოდ, კონსტანტინ ბოროვოი აღნიშნავს, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოში განვითარებულ პოსტრევოლუციურ პროცესებს, თუმცაღა დასძენს, რომ ყველაფერს აქვს დასასრული. ამასთან, არც გაკვირვებას მალავს იმის გამო, რომ ქართველები მდიდრებს აუმხედრდნენ. მდიდარი ადამიანების ათვალწუნებას ვალერია ნოვოდვორსკაიამაც შეაწია სიტყვა და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მდიდრების სიძულვილი საბჭოთა მემკვიდრეობაა და მოგვიწოდა, პატივი ვცეთ ადამიანებს, რომლებსაც ფულის შოვნაც შეუძლიათ და სამუშაო ადგილების შექმნაც. თუმცა, ვინაიდან ამ ჩანაწერის ნახვა ნებისმიერს შეუძლია, ბოროტად აღარ ვისარგებლებ თქვენი მოთმინებით.

რაკი ვალერია ნოვოდვორსკაია საქართველოს დამოუკიდებლობის აისიდანვეა შემჩნეული საქართველოსადმი, მათ შორის - საქართველოს ხელისუფლებებისადმი, მეგობრული დამოკიდებულებით, დავუკავშირდით, დაგვთანხმდა, ინტერვიუც ჩამოვართვით და ჩანაწერიც შევინახეთ.

ვალერია (რესპონდენტმა თავად ისურვა მიმართვის ასეთი ფორმა), თქვენ მხარს უჭერდით  ზვიად გამსახურდიას, მხარს უჭერთ მიხეილ სააკაშვილს და, ფაქტობრივად, მიესალმებით ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას. ეს სამი ადამიანი საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. რა არის თქვენი სიმპათიის მიზეზი როგორც ერთ, ისე მეორე და მესამე შემთხვევებში?

– ძვირფასო მიხეილ, თქვენ, ალბათ, ძალიან ახალგაზრდა ხართ და არ გახსოვთ, რა ხდებოდა ზვიად გამსახურდიას დროს. საქართველო დგამდა პირველ ნაბიჯებს დამოუკიდებლობისკენ და იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ფაქტობრივად, ისევე, როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომელსაც არ უნდოდა იმის სწავლება, თუ როგორ უნდა გასულიყო საბჭოთა კავშირიდან. აი, მაშინ დაიწყო ყველაფერი აფხაზეთით და სამაჩაბლოთი. საბჭოთა „კაგებემ“ არაორაზროვნად მიგანიშნათ, თუ წახვალთ, ასე გადაგიხდით სამაგიეროსო. ზვიადმა ისე დაშალა „კაგებე“ საქართველოში, რომ შემდეგ შევარდნაძე ორ წელიწადს აგროვებდა. ზვიადმა გააუქმა ყველა საბჭოთა დღესასწაული, 8 მარტის ჩათვლით. ის არ დაელოდა, სანამ რუსეთი მოუწყობდა ეკონომიკურ ბლოკადას და უარი თქვა იმპერიულ საკვებზე.

მაგრამ, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო რაციონალური გადაწყვეტილება, რადგან რუსეთს ამით არაფერი დააკლდა?

– მაგრამ ეს გამოიყურებოდა ძალიან შთამბეჭდვად და ღირსეულად, მაგრამ, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ საქართველო უკვე გადაჩვეული იყო თავის სახელმწიფოებრიობას და ბატონი წერეთელი, ისევე, როგორც ბატონი ხაინდრავა, ძალიან ეცადნენ, რომ ჩამოეგდოთ ზვიადი და მოეწყოთ სამოქალაქო ომი, რომ გადაეცათ ხელისუფლება შევარდნაძისთვის. ზვიადი მაშინდელ პოსტსაბჭოთა პრეზიდენტებს შორის უცხო იყო და ისინი მას უყურებდნენ, როგორც მგელს. ზვიადმა ეს თავად მითხრა. აი, ამას ვუჭერდით ჩვენ მხარს და როგორ შეიძლებოდა, მხარი არ დაგვეჭირა, როდესაც რუსეთი პირველად პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან სწორედ საქართველოში შემოიჭრა?! და ეს მოხდა მაშინ, როდესაც ზვიადს, ფაქტობრივად, უკვე მოგებული ჰქონდა ეს სამოქალაქო ომი.

ბალტინის შემოსვლას გულისხმობთ?

– რა თქმა უნდა, ეს იყო რუსული სახელმწიფოს ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში. აქედან დაიწყო ყველაფერი, ჩეჩნეთი უკვე შემდგომ იყო. მიხაილ ნიკოლაევიჩმა ზვიადი მთაწმინდაზე დაასაფლავა. ასე რომ, ისინი შორს არ არიან ერთმანეთისგან, უბრალოდ მიხეილ სააკაშვილი გამოცდილი და „გრამოტნი“ პოლიტიკოსია და არ არის უბრალოდ დისიდენტი.

ფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დისიდენტია?

– ახლა უკვე ეს ისე თვალშისაცემი აღარ არის. შესაძლოა, საქართველოს აღარც სჭირდება დისიდენტები. ყოველ შემთხვევაში, მის ჩამოგდებას იმავე სქემით ცდილობდენენ, როგორც ზვიდი ჩამოაგდეს. თითქოს მასები გამოდიან დემოკრატიულ მიტინგზე და იღებენ პარლამენტს რუსული საელჩოს მხარდაჭერით. მაგრამ ეს ვარიანტი არ გამოვიდა, რადგან, ჯერ ერთი, მიხეილ სააკაშვილს თავი აბია მხრებზე; მეორე, აქვს სიმტკიცე და, რაც მთავარია, ზვიადს არ ჰყავდა ვანო მერაბიშვილი, ვანიჩკა. თქვენ ეს ვანიჩკა გყავთ და მის უკან ხართ, „კაკ ზა კამენნოი სტენოი“.

დავაზუსტებ - გულისხმობთ 2007 წლის 7 ნოემბრის გამოსვლებს?

– დიახ, რა თქმა უნდა. ჯერჯერობით მათ „ოტკუსილი“ სამაჩაბლო და აფხაზეთი, მაგრამ ისინი ისევ მოვლენ თქვენთან, როდესაც რუსეთს ფული დაუმთავრდება.

ოსები და აფხაზები მოვლენ?

– დიახ, ისინი დაგიბრუნდებიან, იმიტომ რომ რუსეთი მიდის უკან, საქართველო კი – წინ. რაც შეეხება ივანიშვილს, მის შესახებ, ფაქტობრივად, არაფერი ვიცი, კონტანტინ ბოროვოისგან გამიგონია მასზე. მას ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან კონტაქტი. როგორ შეიძლება, მას მხარი დავუჭირო, როდესაც არასდროს მინახავს?!

უბრალოდ, ენდობით კონსტანტინ ბოროვოის?

– დიახ, ის მას იცნობს. უბრალოდ, მე ყოველთვის  მაშფოთებს, როდესაც ცდილობენ ბიზნესის დისკრედიტაციას, როდესაც არ უყვართ ოლიგარქები, მათი ეშინიათ.

ივანიშვილი ოლიგარქია?

–რა თქმა უნდა. ოლიგარქები არ მუშაობენ რუსეთზე, მაგრამ იყიდებიან თუ არა ისინი, ეს ვანო მერაბიშვილს უნდა ჰკითხოთ. დაე, ვანო მერაბიშვილმა გაარკვიოს ბიძინა ივანიშვილის შესახებ. მას აქვს ყველა კარტი.

როგორ ფიქრობთ, რატომ ცდილობს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის გასაღებას „კრემლის პროექტად“?

– არ ვიცი, ასაღებს თუ მართლაც არის ივანიშვილი კრემლის პროექტი. ამაზე ცნობები თქვენმა კონტრდაზვერვამ უნდა მოიპოვოს. ჩვენ ვიცით, რომ იგორ გიორგაძე არის კრემლის პროექტი. ჩვენ ვიცით, რომ პატარკაციშვილი იყო კრემლის პროექტი. ვიცით, რომ კრემლის პროექტია ბანდიტი კოკოითი და „დამოუკიდებელი“ იდიოტები აფხაზეთიდან. ეს აშკარაა, მაგრამ  ბატონი ივანიშვილის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ჰკითხეთ ვანიჩკას და კახა ბენდუქიძეს!

ფიქრობთ, რომ ვანო მერაბიშვილი სიმართლეს გვეტყვის? ის ხომ მისი კონკურენტია? ივანიშვილს ხელისუფლების შეცვლის სურვილი აქვს.

– არ მგონია, რომ ის ამას ამ კუთხით განიხილავდეს: ბატონი ივანიშვილი ნატოსა და ევროკავშირში აპირებს შესვლას.

ასე ამბობს, ყოველ შემთხვევაში.

– ის ხომ დასავლეთზეა ორიენტირებული? მაშინ, სად არის აქ კონკურენცია? ვანიჩკა მიხეილ ნიკოლევიჩის „კამანდიდანაა“. მიხეილ ნიკორლავინს კი ხომ არ შეუძლია, ისევ იყაროს კენჭი?! ის ხომ არ არის პუტინი, რომ მესამე ვადაზე წავიდეს?!

გეცოდინებათ, ჩვენი კონსტიტუცია შეიცვალა და მიხეილ სააკაშვილს შეუძლია, გახდეს პრემიერ-მინისტრი?

– არ მგონია, ის პუტინისა და მედვედევის გზას დაადგეს... არ მოინდომებს ამას. ყველა ირონულად შეხედავს მაშინ მის ამ ნაბიჯს. ამასთან, მგონია, რომ პრემიერ-მინისტრი უნდა გახდეს კახა ბენდუქიძე.

ვიდეოჩანაწერში თქვენ ამბობთ ასეთ ფრაზას: ქართველებმა უნდა ილოცონ კახა ბენდუქიძეზეო. კახა ბენდუქიძეს, უფრო ზუსტად - მის მიერ გატარებულ რეფორმებს, საქართველოში უამრავი უკმაყოფილო ჰყავს. რატომ ფიქრობთ, რომ ის თაყვანისცემის ღირსია?

- არ ვიცი, მან თქვენთან ის რეფორმები გაატარა, რომელთა გატარება ჩვენ ვერ შევძელით. ის ნამდვილი პატრიოტია, მას შეუძლია ფულის შოვნა და საქართველოს ერთგულია. მე არ ვიცი, რატომ შეიძლება, არ მოსწონდეთ?!

ერთ ნიუნსს გეტყვით მხოლოდ: მისი ინიციატივით მიღებული „შრომის კოდექსის“ დამსახურებით, ჩვენ, დაქირავებულები, უბრალოდ მონები ვართ...

- არ ვიცი, არ ვიცი. არ არსებობს იმაზე დემოკრატიული კანონმდებლობა, რაც თქვენ გაქვთ.

მე კონკრეტულად „შრომის კოდექსზე“ ვლაპარაკობ, რომელიც, სხვათა შორის, ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების გზაზე. ისევე, როგორც ბენდუქიძის ინიციატივა ანტიმონოპოლიური და სხვა სამსახურების გაუქმების შესახებ?

– ბიზენსისითვის თქვენი „შრომის კოდექსი“ მისაღებია.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, გვინდა, დაცული იყოს ჩვენი შრომითი უფლებები და არ გვინდა, ვიყოთ მონები ოცდამეერთე საუკუნეში?

– ეს სისულელეა! ჩვენ გადავეჩვიეთ კაპიტალიზმში ცხოვრებას. თუ არ ვცდები, მარგარეტ ტეტჩერსაც იგივე ჰქონდა და რეიგანსაც, იმიტომაც არის მათი ქვეყნები აყვავებული. არ არის საჭირო სოციალიზმში გადავარდნა. თუ ბიზნესი იცოცხლებს, იქნება სამუშაო ადგილებიც, აშენდება კაპიტალზმი და ქვეყანა წავა წინ. თუ ბიზენსს ფრთებს შეუკვეცავენ, იქნება ის, რაც რუსეთშიი: არც სამუშაო ადგილებია, არც ბიზნესი და თავიდან შენდება ტოტალიტარიზმი.

მე არ ვიცი, რა ჰქონდათ რეიგანსა და ტეტჩერს, მაგრამ, ჩვენი ექსპერტების განცხადებით, ევროკავშირი უარზეა მიიღოს ქართული პროდუქცია, მათ შორის, იმიტომაც, რომ ის მონური შრომით იქმნება.

– რუსეთს, თქვენგან განსხვავებით, აქვს ნავთობი და ამით იკვებება. თუმცა მე სიამოვნებით მოგცემდით ჩვენს ნავთობს.

დიდი მადლობა. თითქოს თქენ განაცხადეთ „პრაიმ ტაიმთან“ ინტერვიუში, რომ ივანიშვილი პუტინის კაცია…

– მე არ შემიძლია ამის თქმა, ივანიშვილი არასდროს მინახავს.

დავასრულებ კითხვას. მოგვიანებით, თქვენ განაცხადეთ, რომ ასეთი ინტერვიუ არ მიგიციათ…

– რა თქმა უნდა, არ მიმიცია.

ჟურნალისტი ამბობს, რომ გესაუბრათ თქვენ, მაგრამ არ აქვს ჩანაწერი და ამიტომაც ვერაფერს გიმტკიცებთ. ვინმემ დაგირეკათ იმ დღეებში საქართველოდან და წარგიდგათ, როგორც ქართველი ჟურნალისტი?

– ვინმეს რომ დაერეკა კიდეც, გასულ ორშაბათამდე ივანიშვილის გვარიც კი არ გამეგონა. ვიცი, რომ შროდერი პუტინის კაცი იყო, მაგრამ ივანიშვილზე ვერაფერს გეტყვით.

თქვენი აზრით, ჩააბარა საქართველომ დემოკრატიის გამოცდა? ოღონდ, ნუ შევადარებთ რუსეთს ან სხვა რომელიმე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას. შევადაროთ, თუნდაც, ბალტიისპირეთს. მით უმეტეს, რომ ჩვენ ერთად დავიწყეთ ანტისაბჭოთა აქტივობები...

– ბალტიისპირეთი არაერთგვაროვანია. ლატვიაში უზარმაზარი პრობლემებია, ლიტვაში ეკონომიკური პრობლემებია. მხოლოდ ესტონეთში არ არის არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური პრობელმები, მაგრამ ესტონეთი მოხიბლულია ქართული რეფორმებით. ისინი ფიქრობენ, რომ თქვენ უფრო უკეთ მოუარეთ კორუფციას და ამიტომ თქვენი შურთ. ისინი თქვენგან სწავლობენ.

უცნაური არ არის? ჩვენი შურთ, ჩვენგან სწავლობენ, მაგრამ ჩვენ, რატომღაც, არ გვიღებენ ნატოსა და ევროკაშირში. ისინი, სამივენი, კი უკვე იქ არიან...

– დიახ, მაგრამ, ვშიშობ, საქართველოს გასაწევრიანებლად ნატო რუსეთის თანხმობას ელოდება. მე რომ მკითხოთ, საქართველოსგან ნატოს არაჩვეულებრივი წევრი გამოვიდოდა.

რუსეთი მისცემს ნატოს ამ თანხმობას განჭვრეტად  მომავალში?

– არ მგონია.

რამდენმე წელია, პოლიტოლოგები ავითარებენ აზრს, რომ სააკაშვილი და პუტინი, ორივენი, ვერ დარჩებიან მსოფლიო პოლიტიკურ სცენაზე. უკვე აშკარაა, რომ პუტინი იქნება და იქნება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილი არის დასავლეთისა და რესეთის ერთობლივი პროექტი?

– პუტინს ხელს არ აძლევს დამოუკიდებელი საქართველო არავისთან და არსად. მას უნდა სატელიტები. პუტინს არც იუშჩენკო არ აძლევდა ხელს, არც მოლდოვა აძლევს და არც ესტონეთია მისთვის ხელსაყრელი, მაგრამ ამ შემთხვევაში ხელები აქვს მოკლე. პუტინს ერთადერთი რამ აძლევს ხელს - საბჭოთა კავშირი. ასე რომ, არ ღირს სწორება პუტინზე. სწორება აიღეთ საკუთარ თავზე.

არ ვიღებ სწორებას. უბრალოდ, გეკითხებით, ხომ არ ცდილობს დასავლეთი პუტინის გულის მოგებას?

– დასავლეთმა თავი დაანება პუტინის აღზრდას, ესე იგი, საჭიროა, აღიზარდოს დასავლეთი.

იმის თქმა გინდათ, რომ პუტინმა აჯობა დასავლეთს?

– გულახდილად რომ ვთქვათ, დასავლეთს არ აქვს რუსეთის არც აღზრდის და არც დაპყრობის ძალა. ეს ჩემთვის სამწუხაროა. რომ შემეძლოს, ნაწილებად დავშალო ჩვენი ბირთვული იარაღი, ამას დიდი ხნის წინათ გავაკეთებდი. რუსეთის ზომები, ბირთვული იარაღი და რესურსები აიძულებს დასავლეთს, ხელი აიღოს მის აღზრდაზე. ისინი ხედავენ, რომ რუსეთს არ სჭირდება დასავლური დემოკრატია იმიტომ, რომ ქვემოთ არიან მონები, ზემოთ კი – ტირანები. მათ დაკარგეს ჩვენდამი ინტერესი, ისევე, როგორც დასავლეთი აღარ ცდილობს, აღზარდოს ჩინეთი.

თუ დასავლეთს არ შეუძლია რუსეთის აღზრდა და გადაეწყო რუსეთის ტალღაზე, ჩვენ როგორღა გავითვალისწინოთ თქვენი რჩევა და ავიღოთ სწორება მხოლოდ საკუთარ თავზე?

– დასავლეთი დაეხმარა ლიბიას, იმიტომ რომ ლიბია აღდგა.

ჩვენ აღვდეით რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ მერე რა?

– მართალია, და შესანიშნავი ვარიანტია, რომ გაწყვიტეთ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, თუ საქართველო იფართხალებს, დასავლეთი დაეხმარება და უკვე დაეხმარა კიდეც  2008 წელს.

და რომ მობეზრდეს ეს ჩვენი ფართხალი?

– უკვე ობამას გაგონებაც არ უნდათ ამერიკელებს. ესე იგი, დამთავრდება გადატვირთვა, „რესპუბლიკელები“ პუტინის წიანაღმდეგ არიან განწყობილი.

ანუ, ყველაფერი დამოკიდებულია ამერიკის მომავალ არჩევნებზე?

– დიახ და ამიტომ უნდა მივაღწიოთ ამერიკის არჩევნებამდე.